ილონ მასკი მარსზე ჯერ ჰუმანოიდ რობოტებს გაგზავნის — მილიარდერმა გეგმები გაასაჯაროვა
ფოტო: X
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა შექმნა რაკეტა Starship, რომლის მთავარი მიზანიც მარსზე ადამიანებისა და ტვირთის ტრანსპორტირებაა. ამის მიუხედავად, მისი სატესტო ფრენები ჯერ კიდევ აფეთქებებით სრულდება. ამას მილიარდერისთვის ხელი არ შეუძლია, რომ თამამი სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარედგინა.
საქმე ისაა, რომ მარსსა და დედამიწას შორის რაკეტების გაშვების ე.წ. ფანჯარა ყოველ 780 დღეში იხსნება. ამ დროს ეს ორი ციური სხეული ერთმანეთის მიმართ ყველაზე ხელსაყრელ მდებარეობაშია და კოსმოსურ აპარატსაც უფრო ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე სხვა დროს — ის დანიშნულების ადგილამდე 7-10 თვეში აღწევს. მასკს სურს, რომ წითელ პლანეტაზე Starship-ის ფრენა 2026 წლის ნოემბერში შედგეს, ანუ მომდევნო ფანჯრის გახსნისას. საცდელი მისიების შედეგებიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა.
მასკს უნდა, რომ მომდევნო წელს მარსის ზედაპირზე 5 დასაჯდომი მოდული დასვას, 2028-29 წლებში 20, 2030-31 წლებში კი — 100. პირველი ეკიპაჟი Optimus-ად წოდებული ჰუმანოიდი რობოტებისგან იქნება შედგენილი, რომლებზეც ასევე მასკის კომპანია მუშაობს. ამ მოწყობილობებით მილიარდერს საჭირო მონაცემების შეგროვება სურს. 2028 წლისთვის უკვე ადამიანების გაგზავნა განიხილება, თუმცა, შესაძლოა, რაკეტაში ამ ჯერზეც ისევ რობოტები მოათავსონ. მარსზე ადამიანების ტრანსპორტირება მასკისთვის ამის შემდგომი მისიისთვის უფრო მოსალოდნელია.
Starship-ის მისიებით წითელ პლანეტაზე რაც შეიძლება მეტი ისეთი მასალის წაღება სურთ, რომლის მეშვეობითაც იქ კოლონიის მდგრადი არსებობა იქნება შესაძლებელი. მასკმა ჯერ არ იცის, რა ოდენობაა საჭირო ამისთვის და მხოლოდ ვარაუდობს, რომ ეს "დაახლოებით 1 მილიონი ტონა ან, შესაძლოა, 10 მილიონი ტონაა". ყოველ შემთხვევაში, იმედი აქვს, რომ 100 მილიონი ტონა არ იქნება, როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნა.
ჯერჯერობით წარმოუდგენელია, როგორ უნდა შეასრულოს ასეთი ფრენები მარსზე რაკეტამ, რომელსაც ეს ჯერ დედამიწაზეც არ გამოსდის. წარუმატებელი საცდელი მისიების მიუხედავად, კომპანია აცხადებს, რომ ღირებულ მონაცემებს აგროვებს და აპარატის დახვეწას/გაუმჯობესებას ცდილობს. მისი გამოყენებით წითელ პლანეტაზე ასობით ათასი ან მილიონობით ადამიანის გაგზავნა იგეგმება — "ყველასი, ვისაც ეს სურს".
მარსზე კოლონიის შექმნასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რადგან ეს უსიცოცხლო პლანეტაა, რომლის პირობებიც დედამიწისგან საგრძნობლად განსხვავდება. უცნობია, მაინც როგორ უნდა ვაქციოთ ის საცხოვრებლად მდგრად გარემოდ ან რამდენად უსაფრთხოდ იქნებიან იქ ადამიანები. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგან ამ ციურ სხეულზე ძლიერი რადიაციაა, რომელიც ჩვენთვის მომაკვდინებელი იქნება. დამატებით გამოწვევებს ქმნის უჟანგბადობა, განსხვავებული გრავიტაცია, ტოქსიკური გრუნტი, მტვრის მასშტაბური ქარიშხლები, ტემპერატურა და ა.შ.
სანამ ამ მწვავე პრობლემებთან გამკლავების გზებს მოვიფიქრებთ, ჯერ მაინც Starship-ის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებაში უნდა დავრწმუნდეთ, რადგან სხვაგვარად ყველა ეს გეგმა უბრალოდ ვერ განხორციელდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მასკის პროგნოზითა და დაანონსებით, პირველი ეკიპაჟიანი ფრენა 2018 წელს შედგებოდა. ამ თარიღმა შემდეგ 2020-ში, მომდევნო ჯერზე კი 2024-ში გადაიწია, მაგრამ უშედეგოდ.
იხილეთ სრული პრეზენტაცია:
კომენტარები