როგორ ამოვიცნოთ ყალბი ღიმილი? — პასუხი სახის ანატომიაშია

ფოტო: Wikimedia Commons/Public Domain
ყალბი ღიმილი, ალბათ, ყველას გვინახავს და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ასეთი ნაძალადევი გამომეტყველება თავადაც მიგვიღია. შესაძლოა, ეს ფოტოს გადაღებისას ან უხერხული, არასასურველი სოციალური ინტერაქციისას მოხდეს, რა დროსაც ღიმილი თითქოს თვალებამდე ვერ აღწევს, ანუ მათში არ გამოიხატება.
საინტერესოა, როგორ უნდა მივხვდეთ, როდისაა ღიმილი ნამდვილი და როდის — ყალბი? ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორ მიშელ სპეარის თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სახის ანატომია, ნევროლოგია და ემოციური ავთენტურობა უნდა გავითვალისწინოთ. ასევე ის, რომ ღიმილი ორი სახისაა: დიუშენისა და არადიუშენის, ანუ ბედნიერების გამომხატველი და სოციალურ-სტრატეგიული. ორივე მათგანი მე-19 საუკუნის ფრანგი ნევროლოგის, გიიომ დიუშენის, სახელს ატარებს.
პირველი ტიპის ღიმილში კუნთების ორი ჯგუფია ჩაბმული — 1, ტუჩის კუთხეების სიგანეზე გამწევი ღიმილის კუნთები და ზემოთ ამწევი ყვრიმალის მთავარი კუნთები; 2. ორბიკულარული კუნთები, რომლებიც თვალების გარშემოა და დაჭიმვისას მათ ოდნავ მოჭუტვას იწვევს.
ყალბ ღიმილში, როგორც წესი, მხოლოდ პირის კუნთები მონაწილეობს და თვალები ისევ განიერი რჩება. ამის გამო ასეთი გამომეტყველება უფრო მექანიკური გვეჩვენება, ვიდრე მართლაც რაიმე მნიშვნელობის მქონე, ამიტომ მიშელ სპეარი ამას ერთგვარ ემოციურ კამუფლაჟს უწოდებს.
საინტერესოა, რომ ორივე ტიპის ღიმილი სახის ნერვზეა დამოკიდებული, რომელიც ტვინიდან სიგნალებს კუნთებისკენ გზავნის, რათა კონკრეტული გამომეტყველება მივიღოთ. ამის მიუხედავად, მთავარი ნევროლოგიური სხვაობა არსებობს. დიუშენის ღიმილი ხშირად სათავეს ტვინის ლიმბურ სისტემაში იღებს, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი — უფრო კონკრეტულად, ამიგდალაში. არადიუშენის ღიმილის ნევროლოგიური იმპულსები მეტწილად ტვინის ქერქის მოტორულ რეგიონში წარმოიქმნება.
ეს ნიშნავს, რომ პირველი მათგანი ემოციებითაა განპირობებული და უნებლიეა, მეორე კი მიზანმიმართულია. საბოლოოდ, თვალები გაგვცემს, რადგან ამ შემთხვევაში ბუნებრივი რეფლექსების ხელოვნურად გამეორება მარტივი არაა და ეს პროფესიონალ მსახიობებსაც კი უჭირთ.
რაც შეეხება ნამდვილი და ყალბი ღიმილის ერთმანეთისგან გარჩევას, ადამიანებს ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის. მაგალითად, ცნობილია, რომ 10 თვის ბავშვებს მათი გამიჯვნა უკვე შეუძლიათ. ევოლუციურად ამ უნარს მოკავშირეების სანდოობის განსაზღვრა შეიძლება გაემარტივებინა.
გამომეტყველებების ამოცნობის პროცესში ტვინის თითისტარისებრი ხვეული ზესაფეთქელის ღართან ერთად მონაწილეობს. ეს გვეხმარება, რომ მივხვდეთ, რა ემოცია ან განზრახვა აქვს სხვას. რა თქმა უნდა, ყალბი ღიმილი ყოველთვის რაიმე ცუდ განზრახვაზე არ მიანიშნებს, არამედ მას მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია გააჩნია: უხერხული სიტუაციებისა თუ კონფლიქტის განმუხტვა, თავაზიანობის გამოხატვა, პატივისცემის ხაზგასმა და სხვა. ეს ე.წ. ემოციური შრომის ნაწილია, ანუ მცდელობის, რომ სოციალურ თუ პროფესიულ ნორმებს მოვერგოთ, რაც ხანგრძლივად გაგრძელების დროს დამღლელია.
და მაინც, თუ გინდათ რომ ყალბი ღიმილი ამოიცნოთ, ამის შემდეგ თვალებს დააკვირდით.
კომენტარები