შვეიცარიელმა მეცნიერებმა პლასტმასის მსგავსი ახალი მასალა შექმნეს, რომელიც მოქნილია, ბიოდეგრადირებადია და თან იჭმევა. ამ საქმეში შვეიცარიის Empa-ს მეცნიერთა გუნდი იყო ჩართული. მათ საკმაოდ რთული მისია შეასრულეს — ბიოდეგრადირებადების, სიმტკიცისა და მრავალფუნქციურობის ბალანსის მიღწევა.

მკვლევრებმა სოკოს (Schizophyllum commune) მიცელიუმის ბოჭკოები თხევად ნარევად გადაამუშავეს ისე, რომ მისი ბუნებრივი ბიოლოგიური ფუნქციები არ დაუზიანებიათ. მიღებულ ჟელეს მსგავს მასას "ცოცხალი ბოჭკოების განაწილება" (LFD) უწოდეს. ის, ასევე, სოკოს მიერ გამოყოფილ დამატებით ნივთიერებებს შეიცავს, მაშინ როცა სხვა ბიომასალები მხოლოდ ძირითადი უჯრედებით შემოიფარგლება.

"სოკო უჯრედგარეშე მატრიცას იყენებს, რათა საკუთარ თავს სტრუქტურა და სხვა ფუნქციური თვისებები მიანიჭოს", — ამბობს მასალათმცოდნე აშუტოშ სინჰა — "რატომ არ უნდა მოვიქცეთ ჩვენც ასე?!"

ფოტო: Wikipedia

მეცნიერებმა სოკოს კონკრეტული შტამის შექმნით ორი მნიშვნელოვანი მოლეკულის — პოლისაქარიდ შიზოფილანისა (schizophyllan) და ჰიდროფობინის (hydrophobin) — ზრდის სტიმულირება შეძლეს. ისინი LFD-ის საჭირო მასალის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ეს მასალა შეიძლება, გამოიყენონ, როგორც ძალიან თხელი და გამძლე ფენა. მეცნიერების აზრით, მას შეუძლია ისეთი პარკების შესაქმნელად გამოდგეს, რომლებიც კომპოსტად იქცევა. LFD ემულგატორის ფუნქციასაც ასრულებს. ეს არის ნივთიერება, რომელიც ორ შეურევად მასალას ერთმანეთში შერევასა და შეკვრაში ეხმარება. ემულგატორებს საკვებსა და კოსმეტიკაში იყენებენ. ვინაიდან სოკო ცოცხალია, ის თავის მნიშვნელოვან მოლეკულებს გამოყოფს.

ბიოდეგრადირებადი მასალის ნიმუში.

ფოტო: ScienceAlert

"ეს, ალბათ, ემულსიის ერთადერთი ტიპია, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო მდგრადი ხდება", — ამბობს სინჰა.

მასალა საკვები სოკოსგან მზადდება, ამიტომ LFD სრულიად არატოქსიკურია. მისი შეჭმა შეიძლება და თანაც ისე, რომ პრობლემებს არ გამოიწვევს, ეს კი, როდესაც საქმე საკვებსა და კოსმეტიკას ეხება, მასალისთვის კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა.

მომავლისთვის კვლევის დიდი პოტენციალი არსებობს, რადგან მეცნიერებს სჯერათ, რომ განსხვავებული და მნიშვნელოვანი თვისებების მქონე მასალების შექმნა შეუძლიათ. სოკოზე დაფუძნებული ბიომასალები შეიძლება პლასტმასის ალტერნატივა გახდეს და თვითაღდგენადი ტანსაცმლის შესაქმნელად გამოიყენონ. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში LFD-ისთვის სულ უფრო მეტ დანიშნულებას იპოვიან.

"ბიოდეგრადირებადი მასალები გარემოზე ყოველთვის რეაგირებს", — ამბობს Empa-ს მასალათმცოდნე გუსტავ ნისტრიომი — "ჩვენ გვინდა, მასალას ისეთი გამოყენებები მოვუფიქროთ, რომ ეს ურთიერთქმედება დაბრკოლება კი არა, უპირატესობა გახდეს".

კვლევა გამოცემაში Advanced Materials გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.