ვალსი კოსმოსში — რა მოხდა მაისის მიწურულს Voyager 1-ზე?

ფოტო: Warner Bros. Pictures
ფილმის "2001: კოსმოსური ოდისეა" საუნდტრეკად რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა იოჰან შტრაუს II-ის "ლურჯი დუნაის" ვალსი შეარჩია. სწორედ ამან განაპირობა, რომ ეს არაამქვეყნიური მელოდია უკვე ათწლეულებია კოსმოსისა და სამეცნიერო ფანტასტიკის სიმბოლოდაა ქცეული.
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) თავისი 50 წლის იუბილე და იოჰან შტრაუს II-ის 200 წლისთავი განსაკუთრებულად აღნიშნა — სააგენტომ კლასიკური ვალსი "ლურჯი დუნაი" კოსმოსში გაუშვა. მელოდია ვენის სიმფონიური ორკესტრის (Wiener Symphoniker) მიერ იყო შესრულებული. NASA-ს ვოიაჯერ 1-ისკენ იგი ესპანეთის ქალაქ სებრეროსში მდებარე ESA-ს 35-მეტრიანმა ანტენამ გადასცა.
გერმანულად სიმფონიის სახელწოდება შემდეგნაირად ჟღერს — "An der schönen blauen Donau". ეს ითარგმნება როგორც "მშვენიერ ლურჯ დუნაიზე". ეს შთამბეჭდავი კომპოზიცია, რომელიც 13 743 ნოტს მოიცავს, ვარსკვლავთშორის სივრცეში 31 მაისს გაიგზავნა. როგორც ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მისი მიზანი "წარსულისადმი პატივისცემის გამოხატვა და მომავლისთვის ანდერძის შემონახვაა — ვენური ვალსი, რომელიც სამარადჟამოდ გაიჟღერებს კოსმოსში."
კუბრიკის ფილმის გარდა აღნიშნული მელოდია შეიძლება "სიმფსონებიდანაც" გახსოვდეთ — სცენიდან, რომელშიც კოსმოსურ ხომალდში მყოფი ჰომერი მოლივლივე ჩიფსებს პირით იჭერს.
ამჟამად Voyager 1 დედამიწიდან დაახლოებით 24,8 მილიარდი კილომეტრის დაშორებითაა. აქედან გამომდინარე, სინათლის სიჩქარით მოძრავ სიგნალად გადაცემულ მელოდიას ხომალდამდე მისაღწევად 23 საათი და 3 წუთი დასჭირდა.
კომენტარები