მას შემდეგ, რაც დიდი ენობრივი მოდელები (LLM) გამოჩნდა და ფაქტობრივად ყველა ციფრულ სფეროში მოიკიდა ფეხი, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) აქტიური დისკუსიები დაიწყო. მეცნიერები, ექსპერტები და ტექნოლოგიების ენთუზიასტები ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობასა და მომავალზე მსჯელობენ.

მანქანური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ სინგულარობა (თეორიული მომენტი, როცა მანქანა ადამიანზე ჭკვიანი გახდება) შეიძლება რამდენიმე ათეულ წელიწადში დადგეს.

მეორე მხრივ, Anthropic-ის გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ჩვენ უკვე სინგულარობის ზღვარზე ვართ და ამ მომენტს დაახლოებით 6 თვეში მივაღწევთ.

Anthropic-ის გენერალური დირექტორი დარიო ამოდეი.

ფოტო: Kimberly White/Getty

ახალი ნაშრომი ჯამში 8 590 მეცნიერისა და წამყვანი მეწარმის გამოკითხვას ეყრდნობა. კვლევით მეცნიერებს სურდათ, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროგნოზებისთვის თავი მოეყარათ და გაეგოთ, როგორ იცვლებოდა ეს ხედვები დროთა განმავლობაში. ეს მასშტაბური ანალიზი კვლევითმა ორგანიზაცია AIMultiple-მა ჩაატარა.

ზოგადად, AI ინდუსტრიის ლიდერები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. კვლევის მონაწილეთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI, ანუ მომენტი, როდესაც AI ადამიანის შესაძლებლობებს გაუთანაბრდება), სავარაუდოდ, მომდევნო 50 წლის განმავლობაში შეიქმნება. როგორც ჩანს, ეს მოლოდინები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბოლო რამდენიმე წელიწადში პირველი დიდი ენობრივი მოდელები გამოჩნდა.

ასევე იხილეთ: რა არის ხელოვნური ზოგადი ინტელექტი და რისი შეცვლა შეუძლია მას

ფოტო: smithsonianmag.com

"დღევანდელი გამოკითხვებით, მეცნიერები AGI-ს შექმნას 2040 წლისთვის ელოდებიან, მაგრამ, სანამ დიდი ენობრივი მოდელები ასე სწრაფად განვითარდებოდა, პროგნოზი 2060 წლისკენ უფრო იხრებოდა", — წერია ანგარიშში.

ანალიზი ასევე გვთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ მიაჩნია ბევრ ექსპერტს, რომ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის განვითარება გარდაუვალია. ადამიანის ინტელექტისგან განსხვავებით, მანქანურ ინტელექტს, როგორც ჩანს, არანაირი ზღვარი არ აქვს, რადგან კომპიუტერული სიმძლავრე დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში ორმაგდება (მურის კანონი), ენობრივი მოდელები ადამიანური ინტელექტის სიჩქარეს მალე მიუახლოვდება.

ასევე იხილეთ: ტრანზისტორების ისტორია, აწმყო და "მომავალი" — მურის კანონის დასასრული

ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ მურის კანონი ამ ათწლეულში დასრულდება, მაგრამ კვანტური კომპიუტერის უნიკალური ბუნება საშუალებას იძლევა, ეს ხარვეზი AI-მ თავადვე აღმოფხვრას. თუ სტაბილურად მომუშავე კვანტური კომპიუტერები განვითარდება, სინგულარობის დადგომა ცალსახად დაჩქარდება.

აღსანიშნავია, რომ, ბევრი მეცნიერის აზრით, AGI მიუღწეველი ცნებაა. მათი თქმით, ადამიანური ინტელექტი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე AGI დღევანდელი განსაზღვრებით.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ახალი რაღაცების აღმოჩენაში დაგვეხმაროს. მეორე მხრივ, ამას იგი ჩვენ გარეშე ვერ გააკეთებს, ანუ ადამიანური წვლილი ჯერ კიდევ საჭიროა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.