ღია საზოგადოების ფონდი სააგენტოს სოციალურ მუშაკებს მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნები ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. დღეს, 25 მარტს ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკები გაიფიცნენ.

განცხადებაში ფონდი აღნიშნავს, რომ საგაფიცვო მოთხოვნების ჩამონათვალი სოციალური დაცვის სისტემაში არსებულ ძირეულ პრობლემებს მკაფიოდ აჩვენებს. მათი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა სოციალური დაცვის სისტემაში მომუშავეთა შრომითი პირობები.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სოციალური დაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სოციალური მუშაკები ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებით უზრუნველყოს", — ნათქვამია განცხადებაში.

ღია საზოგადოებაში აცხადებენ, რომ ფონდი სოციალური სამუშაოს განვითარებას საქართველოში ამ პროფესიის დანერგვის დღიდან უჭერს მხარს. მათი თქმით, არაერთმა სოციალურმა მუშაკმა აკადემიური განათლება ფონდის დახმარებით მიიღო. მოგვიანებით, ფონდმა სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რამდენიმე პროექტი დააფინანსა.

"ღია საზოგადოების ფონდის სამუშაო თემები, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თუ უსახლკარობა, დიდწილად არის დამოკიდებული სოციალურ მუშაკთა შესაძლებლობაზე, სრულფასოვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება", — წერია განცხადებაში.

ფონდი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სოციალურ მუშაკთა მოთხოვნები.

დღეს დილის 08:30 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ.