ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პარლამენტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. კონსორციუმის განცხადებით, მინისტრმა არაერთი "მცდარი, არაობიექტური და დამახინჯებული განცხადება გაავრცელა, რაც პროექტს ზიანს აყენებს".

"ეს განცხადებები რეპუტაციას ულახავს და აკნინებს იმ უცხოელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კვლავ მზად არიან გააგრძელონ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ილახება და ზიანდება სახელმწიფოს ინტერესები და ეჭვქვეშ დგება მისი, როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის რეპუტაციაც", — აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

ამასთანავე კონსორციუმი მაია ცქიტიშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ კონსორციუმს მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება არ აქვს. მათივე თქმით, ისინი აერთიანებს წამყვან საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც ანაკლიის პორტის პროექტის მსგავსი და უფრო დიდი პროექტები განუხორციელებიათ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 21 მარტს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ პრობლემები, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტის განხორციელებაში შეექმნა, გამოუცდელობის ბრალია. მინისტრის ინფორმაციით, პრობლემა პარტნიორის, მათ შორის სტრატეგიული ინვესტორის ნაკლებობა, რომელიც პროექტში უნდა ყოფილიყო.

გაიგეთ მეტი: