ჩინეთში დაბადებულ "CRISPR ტყუპებს" შესაძლოა გაძლიერებული ტვინები ჰქონდეთ
ახალი კვლევა მიუთითებს, რომ საკამათო ექსპერიმენტს, რომლის ფარგლებშიც მეცნიერმა CRISPR-ით ბავშვები აივ-ინფექციის მიმართ რეზისტენტული გახადა, შესაძლოა ბავშვების გონებრივი შესაძლებლობებიც გაეუმჯობესებინა.
ლულუ და ნანა ტყუპები არიან, რომლებსაც დაბადებამდე ჩინელმა მეცნიერებმა CRISPR-ის საშუალებით გენების მოდიფიცირების პროცედურა ჩაუტარდათ. პროცედურის მიზანი ის იყო, რომ ტყუპები აივ-ინფექციის მიმართ, რომლის მატარებლებიც მათი მშობლები იყვნენ, რეზისტენტულები გამხდარიყვნენ.
ექსპერიმენტის ფარგლებში ჩინელმა მეცნიერებმა ტყუპებს გენი CCR5 წაუშალეს. ახლახან გამოქვეყნებული კვლევით კი ირკვევა, რომ ამ გენის არარსებობა თაგვებში არამხოლოდ უფრო გაძლიერებულ გონებრივ შესაძლებლობებთან, არამედ ადამიანებში ინსულტის შემდეგ დაჩქარებულ გამოჯანმრთელებასა და სკოლაში უკეთეს აკადემიურ მოსწრებასთან არის კავშირში.
"ამ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ დადებითია, ჩატარებული პროცედურა გავლენას მათ გონებრივ შესაძლებობებზეც მოახდენდა. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, წაშლილ გენს მათ კოგნიტურ შესაძლებლობაზე გავლენა ექნება", - აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ალჩინო ჯ. სილვა, რომლის ლაბორატორიაშიც აღმოაჩინეს, რომ CCR5 როლს მეხსიერებასა და ტვინში ახალი კავშირების წარმოქმნაშიც თამაშობს.
სილვა აცხადებს, რომ ამ ცვლილებებს ტყუპების კოგნიტურ შესაძლებლობებზე გავლენა ექნება, თუმცა, წინასწარ იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებს შეცვლილი გენები მათ ტვინზე, შეუძლებელია და მისი თქმით სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც მსგავსი ექსპერიმენტები არ უნდა ჩატარდეს.
ჩინელი მეცნიერების გუნდმა, ჰი ძიანკუის ხელმძღვანელობით, ნოემბერში განაცხადა, რომ მათ ტყუპი გოგოების დნმ-ის მოდიფიცირება მოახდინეს, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამჟამად ჩინეთში აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. გენმოდიფიცირებული ბავშვების დაბადებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, შეიძლება თუ არა CRISPR-ის გამოყენებით უფრო ჭკვიანი და ძლიერი ადამიანების შექმნა.
ამჟამად არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ ჰი ძიანკუის ლულუსა და ნანას ტვინზე გავლენის მოხდენა უნდოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის მაღალ და ამბიციურ წარმოდგენებს აივ-ინფექციისგან თავისუფალ მომავალზე, არ არის გამორიცხული, რომ მას სამიზნედ ბავშვების გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაც ჰქონდეს. MIT Tech Review-ს მიერ შეგროვებული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ძიანკუის ტვინზე CCR5-ის შესაძლო გავლენის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
"შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ მომავალში გენეტიკური მოიდიფიკაციებით ადამიანის საშუალო IQ-ს გაზრდას შევძლებთ? ამ კითხვაზე უარის თქმას ვერ შევძლებ. თაგვებში ჩატარებული ცდები მიუთითებს, რომ პასუხი შესაძლოა დადებითი იყოს. თუმცა, თაგვები ადამიანები არ არიან. ჯერჯერობით ბოლომდე არ გვესმის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ ექსპერიმენტებს. ჩვენ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ", - აცხადებს სილვა.
კომენტარები