HBO-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Leaving Neverland პირველი ტრეილერი გამოვიდა. მასში ორი კაცი ყვება, რომ ბავშვობაში მათზე მაიკლ ჯეკსონი ძალადობდა.

ორნაწილიან ფილმში ჯეიმს სეიფჩაკი და უეიდ რობსონი ამბობენ, რომ ჯეკსონი მათ ძალადობის საიდუმლოდ შენახვას სთხოვდა. რობსონის სიტყვებით, მაიკლი ეუბნებოდა, რომ საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში, ყველანი სამუდამოდ ციხეში წავიდოდნენ.

"ყველას სურდა შეხვედროდა მაიკლს ან უბრალოდ მასთან ყოფილიყო. უეცრად, ის შენ ამოგირჩევს. ეს თანატოლთან ურთიერთობას ჰგავდა", - ამბობს სეიფჩაკი.

"მე შვიდი წლის ვიყავი. მაიკლმა მკითხა, მინდოდა თუ არა ოჯახთან ერთად ნევერლენდში წასვლა. ეს დღეები ჯადოსნური, ბავშვური თავგადასავლებით იყო სავსე. ვთამაშობდით, ფილმებს ვუყურებდით, სასუსნავებს ვჭამდით. ყველაფერს ვაკეთებდით, რაზეც ბავშვს შეიძლებოდა ეოცნება".

მბრალდებლების დედები ამბობენ, რომ ჯეკსონი მათი შვილების მიმართ მოსიყვარულე, მზრუნველი და კეთილშობილი ჩანდა:

"ის მათსავით ბავშვურად იქცეოდა".

ტრეილერში ასევე ჩანს ვიდეო, რომელშიც ჯეკსონი რობსონს დაბადების დღეს ულოცავს.

2013 წელს სეიფჩაკმა და რობსონმა ჯეკსონის ბრენდს უჩივლეს, თუმცა ბრალდება სასამართლომ 2017 წელს გააბათილა.

ფილმის დებიუტი სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. მასში გამოთქმულ ბრალდებებს ჯეკსონის წარმომადგენლობა უარყოფს. ისინი დოკუმენტურ ფილმს ცალმხრივსა და სენსაციურობისთვის გადაღებულს უწოდებენ. ფილმის რეჟისორმა დან რიდმა კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ ფილმის მთავარი ფოკუსი ჯეკსონი არაა, არამედ ის, თუ როგორ ხდება სექსუალური ძალადობა და რა გავლენას ახდენს ის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. რიდის თქმით, მან ორივე კაცი ცალ-ცალკე ჩაწერა, რომ ერთმანეთის ინტერვიუებზე გავლენა არ ჰქონოდათ.

Leaving Neverland-ის ეპიზოდების პრემიერა ამერიკულ ტელეარხზე 3 და 4 მარტს შედგება.