რა წერია კვლევაში, რომელმაც საგამოცდო სისტემა შეცვალა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომელმაც გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა შეაფასა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობითმ კომპლექსურად არასდროს შეფასებულა, რამდენად მიაღწია ამ მოდელმა დასახულ მიზნებს და რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას ამჟამად საგამოცდო სისტემა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, კვლევა არის მცდელობა, თავი მოუყაროს საქართველოში გამოცდების სისტემის შესახებ არსებულ დადებით და კრიტიკულ მოსაზრებებს. ასევე, შეძლებისდაგვარად, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, სწორედ ეს კვლევა დაედო საფუძვლად განათლების ახალ რეფორმას.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში სასკოლო გამოსაშვები
გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემას ბევრი ძლიერი მხარე აქვს.
კვლევის ავტორის თქმით, ამასთანავე გამოვლინდა პრობლემები, რომელთა ნაწილის მოგვარება შესაძლებელია გამოცდების სისტემის ცვლილებით, მაგრამ დანარჩენი პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებლად საჭიროა ზოგადი და უმაღლესი განათლების სხვა სფეროებშიც კომპლექსური ცვლილებების გატარება.
სისტემის ძლიერი მხარეები
კვლევაში ნათქვამია, რომ სისტემის ყველაზე ძლიერი მხარე არის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართ არსებული მაღალი დონე.
"ობიექტურობა უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აღიქმება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ამ ნდობას და ობიექტურობის აღქმას განაპირობებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზების მაღალი დონე, კორუფციის შემთხვევების არარსებობა და მეტნაკლებად პროგნოზირებადობა", — ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში.
კვლევით გამოიკვეთა, რომ საგამოცდო სისტემის ძლიერი მხარე პროცესის სიმარტივეცაა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ, ერთი მხრივ, უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს
უნივერსიტეტში მიღება მხოლოდ ერთი პარამეტრის — სტანდარტიზებული ტესტის
შედეგების საფუძველზე ხდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს განაპირობებს იმას, რომ
პროცესი მარტივია პირველ რიგში უნივერსიტეტებისათვის.
"მოსწავლეებისათვის სირთულეა გამოცდების რაოდენობა და მომზადების სტრესი, მაგრამ პროცედურულად მათთვისაც გამარტივებულია უნივერსიტეტში ჩაბარება", — ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, უნივერსიტეტში მიღების ადრე არსებულ სისტემასთან შედარებით ეროვნული გამოცდები მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რადგან მრავალი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობას იძლევა. კვლევა ასკვნის, რომ ეს ხელს უწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდას და ამასთან ერთად, შედარებით ნაკლებ პოპულარულ უნივერსიტეტებს ეხმარება, შეავსოს კონტიგენტი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოსაშვები გამოცდების შემთხვევაში ე.წ. კატ-ის
გამოცდები სისტემის ძლიერი მხარეა.
"მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის პრობლემები ტესტებთანც დაკავშირებით, ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვანი მონაპოვარია და სასურველია, იგი არ დაიკარგოს, არამედ დაიხვეწოს და გამრავალფეროვნდეს", — ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში.
მთავარი გამოწვევები
ხელმისაწვდომობა
უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ქვეყანაში პრობლემაა — ნათქვამია კვლევაში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სკანდინავიის ქვეყნებშიც კი, სადაც უთანასწორობა მსოფლიოში ყველაზე დაბალია და სოციალური დაცვის მექანიზმები მოქმედებს, სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებული ოჯახების შვილებს გაცილებით დიდი ალბათობა აქვთ, უნივერსიტეტში ჩააბარონ და დაამთავრონ.
"რასაკვირველია, ოჯახის გავლენით გამოწვეული უპირატესობის აღმოფხვრა შეუძლებელია. მაგრამ საჯარო განათლების სისტემის ფუნქცია სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ოჯახის გავლენით აღმოცენებული უთანასწორობა შეამციროს", — ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ავტორი ასკვნის, რომ ეს შესაძლებელი იქნება, თუ ყველა სკოლა მეტნაკლებად თანაბარ ხარისხიან განათლებას მიაწვდის მოსწავლეებს, რომელიც საკმარისი იქნება უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დღეს საქართველოში კი განათლების სისტემა, ფაქტობრივად, ზრდის უკვე არსებულ განსხვავებებს სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით.
"ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან სიარულის, ფაქტობრივად, გარდაუვალი აუცილებლობით. ეს აუცილებლობა ობიექტურია თუ არა, ამის შეფასება ექსპერიმენტული კვლევის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებაში და უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებსა და მათ მშობლებში ეს აღქმა არსებობს", — ვკითხულობთ კვლევაში.
სკოლის როლის დაკნინება
კვლევის მიხედვით სკოლის როლის დაკნინებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და გამოცდების სისტემასთან ამ პრობლემის დაკავშირება შესაძლოა ბევრს არამართებულად მოეჩვენოს.
თუმცა ამავე დროს აღნიშნავენ, რომ სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართ ნდობის მაღალი ხარისხისა და აკადემიურ კარიერაში მისი გადამწყვეტი მნიშვნელობის გამო სკოლის მიმართ ნდობა მინიმალურია.
დოკუმენტის მიხედვით, სკოლის როლი, პირველ რიგში, იზომება იმით, რამდენად შეიძლება ის მოსწავლეებს დაეხმაროს გამოცდების ჩაბარებაში. ხშირ შემთხვევაში კი სკოლა გამოცდების ჩაბარების პროცესში ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი აღიქმება.
გამოცდების შედეგების გამოყენება მხოლოდ განმსაზღვრელი მიზნით
კვლევაში ნათქვამია, რომ მიუხედავად გამოცდებზე გამოყოფილი დიდი თანხებისა, გამოცდებისა და შეფასებების შედეგები ეფექტურად არ/ვერ გამოიყენება განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად.
განსხვავებები უნივერსიტეტის მოლოდინებსა და აბიტურიენტის მომზადების დონეს შორის
ამ პრობლემას კვლევა სკოლაში განათლების ზოგად ხარისხს უკავშირებს და გამოცდების სისტემის ჭრილში არ განიხილავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ეროვნული გამოცდები კონკრეტულად უნივერსიტეტში მისაღებად ტარდება. შესაბამისად, უფრო დიდი მოლოდინი უნდა იყოს, რომ იგი უნივერსიტეტში სწავლისათვის მომზადებულ ახალგაზრდებს შეარჩევს (გამოსაშვები გამოცდებისაგან განსხვავებით).
გამოცდებით გამოწვეული სტრესი
კვლევის მიხედვით, სტრესი გამოცდების სისტემის პრობლემაა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სტანდარტიზებული გამოცდების რაოდენობა, რომელსაც მე-11 და მე-12 კლასელები აბარებენ, ამჟამად ძალიან დიდია.
"ასეთი რაოდენობით გამოცდებს არც ერთ სხვა ქვეყანაში ასეთ მოკლე დროის ინტერვალში არ აბარებენ. გარდა ამისა, არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება ცენტრალიზებულად როგორც სკოლის გამოსაშვები, ასევე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები", — ნათქვამია კვლევაში.
კვლევაში ნათქვამია, რომ გამოცდების მიერ გამოწვეულ სტრესს ზრდის ის ფაქტორიც, რომ გამოცდების ჩაბარების გრაფიკი მოუქნელია — წელიწადში მხოლოდ ერთხელ ტარდება და გადაბარება შეუძლებელია.
კვლევის მიხედვით, ჩამოთვლილი პრობლემებიდან მხოლოდ უკანასკნელის გადაჭრაა შესაძლებელი მხოლოდ გამოცდების სისტემის რეფორმირებით. დანარჩენები კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა დონეზე ცვლილებების გატარებას მოითხოვს.
მიზნები
გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ნაჩქარები რეფორმებით გამოწვეული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად იმ მიზნებს აყალიბებს, რომელიც რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გამოცდების სისტემის რეფორმირებისთვის.
კვლევაში ნათქვამია, რომ მიზანშეწონილია შემუშავდეს და დაინერგოს:
- უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. განათლების სისტემამ, გამოცდების სისტემის ჩათვლით, მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად საკმარისი იყოს საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნა, კომპეტენციები და უნარები. სკოლების გაძლიერება;
- უნივერსიტეტების მოთხოვნის შესაბამისი კომპეტენციებისა და სხვა გამჭოლი კომპეტენციების განვითარება;
- მიღების პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის ეტაპობრივი გაზრდა.
კვლევის მიხედვით, ნებისმიერი ცვლილების გატარების პროცესში უნდა გაითვალისწინონ განათლების პოლიტიკის საკითხები, რომლებიც უშუალო კავშირშია ზოგადი განათლების დასრულებასთან და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასთან, მათ შორის:
- საბაზო განათლების ხანგრძლივობა;
- პროფესიული განათლების მიღების ალტერნატივა;
- პროფესიული განათლების დასრულების შემდგომ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა;
- უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხი.
გამოცდების ალტერნატიული მოდელები
კვლევის თანახმად, ბევრმა რესპონდენტმა სამართლიანად აღნიშნა, რომ გამოცდების სისტემის რეფორმირება, რაც არ უნდა იდეალური სისტემა დაინერგოს, განათლების ხარისხს ვერ აამაღლებს და რომ გამოცდების ცვლილება რეფორმის ბოლო რგოლი უნდა იყოს.
"ამ მოსაზრებაში არის, რასაკვირველია, ლოგიკა. თუმცა იმის უარყოფაც შეუძლებელია, რომ გამოცდების სისტემაც ახდენს გავლენას სასწავლო პროცესის ორგანიზაციაზე, მოსწავლეების მოტივაციაზე, განსაკუთრებით უფროს კლასებში", — ნათქვამია კვლევაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალურად სტანდარტიზებული გამოცდის ჩატარების საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რადგან ასეთი ტიპის გამოცდები უზრუნველყოფს სამართლიანობისა და ობიექტურობის განცდას როგორც მოსწავლეებში, ასევე მათ მშობლებში, მასწავლებლებსა და მთლიანად საზოგადოებაში. მაგრამ გამოცდების სისტემაში გარკვეული პრინციპების დანერგვამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ხელი შეუწყოს ზემოთ დასახელებული მიზნების მიღწევას.
მაღალი რისკის მქონე გამოცდების რაოდენობის შემცირება
კვლევის მიხედვით, გამოცდების რაოდენობის შემცირება თავისთავად მიზანი არ არის, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს გამოცდისათვის მზადების სტრესის შემცირებას; მოსწავლეებს გამოუთავისუფლებს დროს საკლასო და კლასგარეშე აქტივობებში ჩასართავად; დაზოგავს რეპეტიტორთან მომზადების თანხებს, დროსა და ძალისხმევას.
ტესტში გავლილი მასალის გამეორებაზე მინიმალური ფოკუსი
კვლევის ავტორის დასკვნით, ტესტი რაც ნაკლებად იქნება ორიენტირებული წინა კლასებში გავლილ მასალაზე, მით ნაკლები იქნება ამ მასალის გამეორებისა და შესაბამისად, რეპეტიტორებთან მომზადების საჭიროება.
აქცენტი კომპეტენციებზე და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე
კვლევა იძლევა რეკომენდაციას, რომ რეპეტიტორებთან მომზადების ალბათობის შემცირების და სასკოლო პროცესის მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, გამოცდის ტესტები ნაკლებად იყოს ორიენტირებული ფაქტობრივი მასალის ცოდნაზე. ამ რეკომენდაციით, ტესტმა მაქსიმალურად უნდა შეამოწმოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობა.
შესაძლებლობის შემთხვევაში კრიტერიუმზე დაფუძნებული ტესტები
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კრიტერიუმზე დაფუძნებულ ტესტს, ნორმაზე დაფუძნებულისაგან განსხვავებით ის უპირატესობა აქვს, რომ მოსწავლის/აბიტურიენტის რეალურ მიღწევას ასახავს; უფრო პროგნოზირებადი შეიძლება იყოს, რადგან მოსწავლეს აქვს ორიენტირი, თუ რა ცოდნის და კომპეტენციების ფლობის პირობებში მიაღწევს გამოცდაზე წარმატებას.
კვლევის მიხედვით, კრიტერიუმზე დაფუძნებული ტესტების შედეგების გამოყენება შესაძლებელია სისტემის განსავითარებლად, რადგან შესაძლებელია შედეგების შედარება წლების განმავლობაში. ასეთი ტესტის გამოყენების დროს შესაძლებელია გამოყოფილი იყოს მიღწევის არა მხოლოდ ერთი, მინიმალური, არამედ რამდენიმე დონე — მაგალითად, მინიმალური, საშუალო და მაღალი.
სასკოლო გამოსაშვები გამოცდა, რომლის შედეგებიც გამოყენებული იქნება უნივერსიტეტში
კვლევის ავტორებს მიაჩნია, რომ ცალ-ცალკე სასერტიფიკაციო და სასელექციო ტესტების ჩატარება არაეფექტიანია. მათ მიაჩნიათ, რომ როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, შესაძლებელია ისეთი სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარება, რომლის შედეგების გამოყენებაც შესაძლებელი იქნება უნივერსიტეტში მისაღებად.
მოქნილი სისტემა უნივერსიტეტებისათვის
კვლევის რეკომენდაციით, სხვადასხვა საჭიროების მქონე, სხვადასხვა ზომის, პრესტიჟისა და პოპულარობის უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს შესაძლებელია, სტუდენტების მიღების სხვადასხვა მეთოდი ჰქონდეთ. მაგალითად, ზემოთ აღწერილ კრიტერიუმზე დაფუძნებული გამოცდების არსებობის შემთხვევაში ზოგიერთმა უნივერსიტეტმა/ფაკულტეტმა შესაძლებელია გადაწყვიტოს, რომ მიიღოს ყველა აბიტურიენტი, ვინც საგამოცდო საგნებში მინიმალურ კომპეტენციას დააკმაყოფილებს; სხვებმა შეიძლება გადაწყვიტონ იმ აბიტურიენტების მიღება, რომლებიც კონკრეტულ საგანში მაღალი კომპეტენციის დაძლევას შეძლებენ.
მიღების კრიტერიუმების გამრავალფეროვნება
დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, საკუთარი დამატებითი კრიტერიუმები დააწესონ აბიტურიენტების მისაღებად. მაგალითად, თუკი კონკრეტულ ფაკულტეტზე ბევრი ისეთი აბიტურიენტი აბარებს, რომლებსაც ყველა საგანში მიღწევის უმაღლესი დონე აქვთ, უნივერსიტეტმა შესაძლოა, დამატებით გამოცდის ჩაბარება მოსთხოვონ (რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი ორგანიზაცია) ასეთი სტუდენტების ჯგუფს, გასაუბრება ჩაუტაროს, ან სხვა კრიტერიუმი დააწესოს.
მოქნილი სისტემა სტუდენტებისათვის
ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კრიტერიუმზე დაფუძნებული ტესტების გამოყენება უნივერსიტეტში მისაღებად გარკვეულწილად გააუმჯობესებს სისტემის მოქნილობას სტუდენტებისათვის — მათ შეეძლებათ, მაგალითად, მიღებული ქულის შენახვა. გარდა ამისა, სისტემას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსწავლეებისათვის/აბიტურიენტებისათვის გამოცდის ჩასაბარებლად მოქნილი გრაფიკის შეთავაზება.
გამოცდების შედეგების გამოყენება სისტემის გასაუმჯობესებლად
კვლევის მიხედვით, გამოცდების ორგანიზება საკმაოდ ხარჯიანი პროცედურაა, კარგი იქნება, თუ გამოცდების შედეგები გამოყენებული იქნება სისტემის გასაუმჯობესებლად. გამოცდების ეროვნულ ცენტრმა უნდა მოაგროვოს მოაგროვოს მოსწავლეების/აბიტურიენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია და გააანალიზოს, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას გამოცდებში წარმატებაზე.
სკოლაში ადრეულ საფეხურზე შეფასების სისტემების დახვეწა
დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია, რომ მასწავლებელს და სკოლას ინფორმაცია ჰქონდეთ მოსწავლეთა მიღწევების შესახებ სწავლების ყველა საფეხურზე. თუმცა ადრეულ ეტაპზე სტანდარტიზებული შეფასების დანერგვამ, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს ადრეული საფეხურიდანვე ტესტზე ორიენტაციის სახით.
კვლევა სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ლინკზე.
კომენტარები