რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, რაუფ არაშუკოვი ორი ადამიანის მკვლელობის, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით სხდომათა დარბაზში დააკავეს. არაშუკოვთან ერთად დააკავეს მისი მძღოლიც.

გამოძიების ინფორმაციით, რაუფ არაშუკოვი ბრალდებულია ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის, ასლან ჟუკოვისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელის მრჩევლის, ფრალია შებხუზოვას მკვლელობაში.

გენერალურმა პროკურორმა ფედერაციის საბჭოში რაუფ არაშუკოვისთვის იმუნიტეტის მოხსნისა და დაკავების შესახებ მოთხოვნა სენატორების წინაშე წაიკითხა. BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, ბრალდებულ სენატორს დარბაზიდან გაქცევა სურდა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს.

სენატორებმა იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს, მანამდე კი ის რუსეთის მმართველი პარტიიდან, ერთიანი რუსეთიდან გარიცხეს. ამავე დღეს, დააკავეს სენატორის მამა, რაულ არაშუკოვი, რომელსაც გაზპრომისთვის 30 მილიონი რუბლის ღირებულების გაზის მოპარვაში ედება ბრალი.

ბოლო ათი წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმე ფედერაციის საბჭოს 12 ყოფილი წევრის წინააღმდეგ აღიძრა, თუმცა მოქმედ სენატორს იმუნიტეტი მხოლოდ ერთხელ მოეხსნა.