ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიპას ვირუსი (NiV) გავრცელდა. ამ ეტაპისთვის უკვე 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა სიაში კი ექიმები და ექთნებიც შედიან.

სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა დაახლოებით 100 ადამიანს უწევს, ხოლო ინფიცირებულ პაციენტებს კოლკატის საავადმყოფოებში მკურნალობენ. ერთ-ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

და მაინც, რა არის ნიპას ვირუსი? — ეს პოტენციურად მომაკვდინებელი ინფექციაა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ან წამალიც არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნიპას ვირუსი ადამიანებში იშვიათად ვრცელდება, ძირითადად — ღამურების მიერ დაბინძურებული ხილიდან. საინკუბაციო პერიოდი უმეტესად 4-იდან 21 დღემდე გრძელდება.

NiV-ს ადრეულ ეტაპზევე ამოცნობა რთულია, რადგან ამ დროს კონკრეტული სიმპტომები არ ახასიათებს. როგორც წესი, პაციენტებს გრიპის მსგავსი ავადმყოფობა უვითარდებათ, რომელსაც სიცხე, ასევე თავის/კუნთების ტკივილი და მოთენთილობა ახლავს თან. ზოგ შემთხვევაში რესპირატორული სიმპტომებიც ვლინდება, მაგალითად ხველა, ქოშინი ან პნევმონია.

ნიპას ვირუსის ყველაზე სერიოზული გართულება ტვინის ანთება, ანუ ენცეფალიტია. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ნევროლოგიური სიმპტომებიც იჩენს თავს, მაგალითად დაბნეულობა ან უკიდურეს შემთხვევებში კომა. ზოგ პაციენტს მენინგიტიც უვითარდება.

ამ ვირუსით ინფიცირებისას სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40-იდან 75%-მდე მერყეობს, რაც ძალიან მაღალია. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს მიხედვით, გადარჩენის შემთხვევაში ზოგ პაციენტს გრძელვადიანი პრობლემები აღენიშნება, თუნდაც ხასიათის ცვლილებები. იშვიათად ენცეფალიტი საწყისი ინფიცირებიდან თვეების ან წლების განმავლობაში მეორდება, რისი მიზეზიც შეიძლება რეციდივი ან ვირუსის ხელახალი გააქტიურება იყოს.

ნიპას ვირუსი ზოონოზური პათოგენია: იგი ცხოველებიდან ადამიანებზე და ადამიანიდან ადამიანზე გადადის. მისი ძირითადი ბუნებრივი გადამტანები ხილის მჭამელი ღამურები არიან. ადამიანებზე ვირუსი ინფიცირებულ ღამურებთან ან სხვა ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტით გადადის ისევე, როგორც ღამურის ნერწყვით, შარდით ან ექსკრემენტებით დაბინძურებული საკვების მიღებით. როგორც აღვნიშნეთ, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზეც გადადის, განსაკუთრებით ინფიცირებულის ფიზიოლოგიურ სითხეებთან ახლო კონტაქტისას.

NiV მალაიზიასა და სინგაპურში აღმოაჩინეს 1999 წელს. ვირუსი ფერმერებს მაშინ ღორებისგან გადაედოთ. ამის შემდეგ იგი სამხრეთ აზიაში სისტემატურად ვრცელდება, განსაკუთრებით ბანგლადეშში. ვირუსის შემთხვევები ფილიპინებშიც გამოვლენილა. ინფექცია აფრიკაშიცაა გავრცელებული (მათ შორის განასა და მადაგასკარში), თუმცა მხოლოდ ცხოველებში.

როგორც აღვნიშნეთ, NiV-ს საწინააღმდეგო ვაქცინა ან წამალი არ არსებობს. მკურნალობა მხოლოდ ცალკეული სიმპტომების დაკვირვებასა და მართვას მოიცავს. WHO მიიჩნევს, რომ ვირუსი ეპიდემიის საფრთხეს ქმნის, ამიტომ საკითხი სასწრაფოდ უნდა ვიკვლიოთ.

ვირუსის პრევენცია ღამურებთან და ინფიცირებულ ადამიანებთან ან ცხოველებთან კონტაქტის შემცირებით არის შესაძლებელი. განსაკუთრებით საფრთხილოა ფინიკის პალმის წვენის უმად მიღება, თუმცა მისი მოხარშვის შემთხვევაში ინფიცირების რისკი მცირდება. პოტენციურად სახიფათოა ღამურის ნაკბენების მქონე ხილის ჭამაც.

ამ ყველაფერთან ერთად, ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ფერმერებს, რომელთა საღორეც იმ რეგიონებშია, სადაც ხილის მჭამელი ღამურები ბინადრობენ. ინფიცირებულებთან ნებისმიერი კონტაქტის შემდეგ რეკომენდებულია ხელების ხშირი დაბანა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.