რა მოხდება, თუ მზის ძლიერი შტორმის გამო დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრებზე კონტროლს დავკარგავთ? სწორედ ეს საკითხი განიხილეს მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში, რომელიც არარეფერირებად პლატფორმა arXiv-ზე გამოქვეყნდა.

ჩვენი პლანეტის გარშემო სატელიტების ე.წ. მეგათანავარსკვლავედებია. ასეთი ზონდების ერთმანეთთან "მიახლოება" ნიშნავს, რომ მათ შორის დისტანცია 1 კილომეტრზე ნაკლებია. ეს საშუალოდ ყოველ 22 წამში ერთხელ ხდება, მხოლოდ ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრების შემთხვევაში კი — 11 წუთში ერთხელ. მსგავსი აპარატები წელიწადში 41-ამდე მანევრს ასრულებს, რათა სხვა ობიექტებთან შეჯახებები აიცილოს თავიდან, მაგრამ ინჟინრებმა კარგად იციან, რომ ამ სისტემის არევა სხვადასხვა მიზეზითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანი მზის შტორმებია (ამოფრქვევები, გეომაგნიტური ქარიშხლები).

პირველ რიგში, ასეთი მოვლენები დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრეებზე ზემოქმედებს, რადგან იქ არსებულ აირებს აფართოებს. ეს თანამგზავრებზე ატმოსფეროს გავლენას აძლიერებს, რაც მათი ზუსტი მდებარეობის პროგნოზირებას ართულებს. ასევე, ამგვარ შემთხვევაში ადრინდელი ტრაექტორიის ან უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მანევრირებისთვის აპარატებს მეტი საწვავი სჭირდება.

მზის შტორმის მეორე შესაძლო ეფექტი ზონდების სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემების მუშაობის შეფერხებაა. ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, თანამგზავრმა შეჯახება ვეღარ აიცილოს თავიდან. აღნიშნული ორი ფაქტორის თანხვედრა კატასტროფას მოასწავებს, რისი ერთ-ერთი მაგალითიც კესლერის სინდრომია — როცა დედამიწის გარშემო იმდენი ორბიტალური ნარჩენია, რომ იქ რაიმე ახლის გაშვება დამატებითი შეჯახებების გარეშე წარმოუდგენელია. ამის მიუხედავად, ასეთი სიტუაციის ჩამოყალიბებას რამდენიმე დეკადა სჭირდება.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა შედარებით სწრაფი შედეგი გააანალიზეს და საზომი გამოიყენეს, რომელსაც CRASH (შეჯახების რეალიზაციისა და მნიშვნელოვანი ზიანის) საათი ეწოდება. ავტორთა გამოთვლებით, მაგალითად, 2025 წლის ივნისში სატელიტებისთვის მანევრირების ბრძანებები რომ ვეღარ გაგვეგზავნა, კატასტროფული შეჯახება 2.8 დღეში იქნებოდა მოსალოდნელი, ხოლო 2018 წლის ვითარებით — 121 დღეში. კონტროლის მხოლოდ 24 საათით დაკარგვაც კი ისეთ შედეგს გამოიწვევდა, რომელიც კესლერის სინდრომს დაუდებდა საფუძველს.

რაც შეეხება წარსულს, სწორედ მზის აქტივობასთანაა დაკავშირებული 1959 წლის კერინგტონის მოვლენა, რომელიც ისტორიაში ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური შტორმი იყო. მსგავსი რამ დღეს რომ მოხდეს, სატელიტებს 3 დღეზე მეტი ხნით ვერ გავაკონტროლებთ, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება. შესაბამისად, რისკის შეფასება მნიშვნელოვანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.