მეცნიერები კოსმოსის პირობების გავლენის შესასწავლად დედამიწის ორბიტაზე ცოცხალ ორგანიზმებსაც გზავნიან ხოლმე. მაგალითად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ვირუსები და ბაქტერიებიც გაუშვეს. მათში ისეთი ცვლილებები დააფიქსირეს, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ინფექციებთან ბრძოლაში შეიძლება დაგვეხმაროს.

ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ბიოტექნოლოგიურ კომპანია Rhodium Scientific Inc-თან ერთად კვლევა ჩაატარეს. მათ ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli) ვირუსულ დაუძინებელ მტერთან დააპირისპირეს — T7 ბაქტერიოფაგთან. ევოლუციურად ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ხანია, "იბრძვიან", მაგრამ კოსმოსის მიკროგრავიტაციის პირობებში ეს არასდროს მომხდარა.

ისინი ორბიტაზე 2020 წელს გაგზავნეს; იქ მყოფმა ასტრონავტებმა ბაქტერიები და ფაგები სხვადასხვა კომბინაციით 25 დღის განმავლობაში ერთ სივრცეში მოათავსეს, დედამიწაზე მეცნიერებმა კი იგივე ექსპერიმენტები მედისონის ლაბორატორიაში გაიმეორეს.

"კოსმოსი ბაქტერიებისა და ფაგების ურთიერთობას ფუნდამენტურად ცვლის: ინფექცია ნელდება და ორივე ორგანიზმი იმისგან განსხვავებული ტრაექტორიით ვითარდება, ვიდრე დედამიწაზე", — აცხადებენ ავტორები.

კოსმოსის უწონადობაში მუტაცია განიცადა ბაქტერიის იმ გენებმა, რომლებიც სტრესის მიმართ რეაგირებასა და ნუტრიენტების მარაგის განკარგვაზეა პასუხისმგებელი. ასევე, მათ ზედაპირზე არსებული ცილებიც შეიცვალა.

საპასუხო ცვლილება ფაგებშიც განვითარდა, რათა "მსხვერპლებთან" შეკავშირება ისევ შესძლებოდა. აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი მუტაცია განსაკუთრებით ეფექტიანი იყო დედამიწაზე არსებული ისეთი ბაქტერიების გასანადგურებლად, რომლებიც საშარდე გზების ინფექციებს იწვევენ. ცნობისთვის ამგვარი მიკრობების 90%-ზე მეტი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია, ამიტომ მათ შემთხვევაში ფაგების გამოყენება იმედისმომცემი ალტერნატივაა.

ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.