ორი ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა უჩვეულო მოვლენა გააანალიზეს — რატომ გაქრა ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ანდრომედას გალაქტიკაში უზარმაზარი ვარსკვლავი სრულიად მოულოდნელად. საუბარია ყვითელ ზეგიგანტ მნათობ M31-2014-DS1-ზე, რომელიც მზეზე 12-13-ჯერ მასიური იყო.

ზოგადად, ვარსკვლავები მილიარდობით წლის განმავლობაში არსებობს, სიცოცხლის დასასრულს ფეთქდება და შავ ხვრელად ან ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცევა, ზოგჯერ კი მათი სიკაშკაშე იცვლება. 2014 წელს ასტრონომებმა შენიშნეს, რომ M31-2014-DS1 უფრო ელვარე გახდა, შემდეგ კი, 2014-18 წლებს შორის პერიოდში, ის "გაუჩინარდა".

ერთ-ერთი ახალი კვლევა პოტენციურ ახსნად გვთავაზობს, რომ მნათობი პირდაპირ შავ ხვრელად გარდაიქმნა. საქმე ისაა, რომ ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების ფორმირების პროცესი სხვადასხვაგვარად შეიძლება წარიმართოს: ვარსკვლავი აფეთქდეს და მატერიის უდიდესი ნაწილი სივრცეში გატყორცნოს ან "თითქმის სრული" აფეთქება განიცადოს, რა დროსაც მხოლოდ მცირე ოდენობის მატერიის ნაკადი გამოიყოფა.

M31-2014-DS1-ის შემთხვევაში გუნდმა ჯეიმს ვებისა და ჩანდრას ტელესკოპებით მის ადგილას "უკიდურესად წითელი წყარო" დააფიქსირა, რომელსაც პირვანდელი ობიექტის ნათების მხოლოდ 7-8% ჰქონდა. მის გარშემო შენიშნეს მტვრის ერთგვარი გარსიც, რომელიც 40-200 ასტრონომიულ ერთეულ მანძილზე ვრცელდებოდა (ერთი ა.ე. მზესა და დედამიწას შორის საშუალო დისტანციის ეკვივალენტურია). აქედან ასკვნიან, რომ შეიძლება მნათობი "არასრულად" აფეთქებულიყო და შავი ხვრელი წარმოექმნა, მკრთალ ნათებას კი მის გარშემო ჩამოყალიბებული დისკო იწვევდეს.

ამის მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ რენტგენულ მონაცემებში ამგვარი დისკოს კვალი არ ჩანს. შესაძლოა, ეს გამოყოფილი მატერიის სიმკვრივეს უკავშირდებოდეს, რომელიც ნაკადის გავრცელების პარალელურად იკლებს, მაგრამ ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს.

მეორე გუნდი ამგვარ ახსნას არ ეთანხმება, რადგან, მათი თქმით, ასეთი დისკოს ელვარება დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ასევე, სხვადასხვა ტელესკოპით სხვადასხვა დროს რენტგენული გამოსხივება არ შეუნიშნავთ, რაც საეჭვოდ მიაჩნიათ.

არაა გამორიცხული, დისკოს დანახვაში უბრალოდ მტვრის ღრუბელი გვიშლიდეს ხელს, თუმცა მეორე ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ მკრთალი წითელი ნათების კვალს სხვა მოვლენაც დატოვებდა. ასეთია, მაგალითად, ვარსკვლავების შერწყმა, რაც დიდი ოდენობით მტვერს წარმოქმნიდა.

"მართალია, ეს წყარო წინამორბედზე ბევრად მკრთალია, თუმცა მისი ისტორია გაურკვეველია. ერთი ახსნა ისაა, რომ ვარსკვლავი შავ ხვრელად გარდაიქმნა, რა შემთხვევაშიც ელვარება ნელ-ნელა უნდა შემცირდეს; ალტერნატიული სცენარით, ეს ყველაფერი შეიძლება მნათობთა შერწყმის შედეგი იყოს, რა დროსაც მტვრის საფარველის გაქრობის შემდეგ ხელახალი აკაშკაშება და ცენტრალური ობიექტის ისევ დანახვაა მოსალოდნელი", — აცხადებენ მეცნიერები.

მათი თქმით, მეტის გასაგებად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დაგვჭირდება, რომელიც კოსმოსის ამ რეგიონს წლობით უნდა დააკვირდეს. ახალი ნაშრომები არარეფერირებად პლატფორმა arXiv-ზე გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.