ბავშვობაში ტყვიით მოწამვლა მომავალში ფსიქიკური პრობლემების რისკს ზრდის
თუ ბავშვს ტვინის განვითარების პროცესში ტყვიით დაბინძურებულ გარემოსთან მოუწევს შეხება, მეტი შანსია, რომ მას მომავალში გონებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას.
მეცნიერებს მსგავსი მოსაზრება აქამდეც ჰქონდათ, თუმცა ეს პირველი ძლიერი მტკიცებულებაა, რომელიც ამ ვარაუდს ადასტურებს.
მე-20 საუკუნის შუაში ტყვიით მოწამვლის ერთგვარი ეპიდემია იყო, ამას კი ძირითადად საწვავში დამატებული ტყვია იწვევდა - პრაქტიკა, რომელიც ახლა უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია. ასეთი საწვავის შედეგად გამოყოფილი აირებით დაბინძურებული გარემო სისხლში ტყვიის შემცველობის მატებას განაპირობებდა. თინეიჯერობისას სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა კი აგრესიულობას, ყურადღების ნაკლებობასა და დაქვეითებულ გონებრივ შესაძლებობებს იწვევს.
მოკლევადიან კვლევებში მიღებულ უარყოფით შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ბავშვობაში ტყვიით დაბინძურებულ გარემოსთან შეხებას მომავალში შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოეწვია, თუმცა ამ საკითხზე გრძელვადიანი კვლევის ჩატარება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ასეთი ექსპერიმენტისთვის საჭიროა, რომ ადამიანების ჯგუფზე დაკვირვება ათწლეულების განმავლობაში მოხდეს.
ორი წლის წინ ერთ-ერთი კვლევით დადასტურდა, რომ ბავშვობაში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა 30-40 წლის ასაკში დაქვეითებულ IQ-სთან იყო ასოცირებული. ახლა კი მეცნიერთა იგივე გუნდმა ახალი კვლევით აღმოაჩინა, რომ ტყვიის გავლენა IQ-ზე იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე აქამდე იყო მიღებული.
1970-იან წლებში ახალ ზელანდიაში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 1 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო, რომლის ფარგლებშიც მათ 11 წლის ასაკში სისხლში ტყვიის კონცენტრაცია გაუზომეს, გარდა ამისა, მონაწილეებს პერიოდულად სხვადასხვა სახის ტესტიც უნდა შეევსოთ.
დიუკის უივერსიტეტის პროფესორმა ტერი მოფიტმა კი აღნიშნული მონაცემები გააანალიზა, 27 წლის შემდეგ კი მან ამ ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა გადაამოწმა.
"ეს ისტორიული მონაცემებია იმ ეპოქიდან, რომელშიც აღნიშნული კონცენტრაციები ნორმად ითვლებოდა. ამიტომ ჩვენი კვლევის მონაწილეებს ტყვიით მოწამვლისთვის მკურნალობა არასდროს გაუვლიათ", - აცხადებს მოფიტი.
კვლევით ირკვევა, რომ რაც უფრო მაღალი იყო ბავშვობაში სისხლში ტყვიის შემცველობა, მით უფრო მეტი ფსიქიკური პრობლემა ჰქონდათ კვლევის მონაწილეებს. უარყოფითი გავლენა აისახებოდა პირად ურთერთობებსა და სამსახურებრივ საქმიანობაშიც.
ფსიქიატრიაში არსებობს მახასიათებელი, რომელსაც ფსიქოპათოლოგიური ფაქტორი ჰქვია. ის 11 სხვადასხვა ფსიქიკურ პრობლემას აერთიანებს, მათ შორისაა ისეთი დაავადებებიც, როგორიც არის შიზოფრენია, ან მწვავე დეპრესია. აღნიშნული ფაქტორისა და სისხლში ტყვიის შემცველობის დამოკიდებულება კი ქვემოთ მოცემულ სურათზე ჩანს - რაც უფრო მაღალია ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა, მით უფრო გამოხატულია ფსიქოპათოლოგიური ფაქტორიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქიკური პრობლემები ისეთი ადამიანების დიდ ნაწილსაც აქვს, რომელთაც ტყვიასთან შეხება არ ჰქონიათ. თუმცა თუ საკითხს ფართო კუთხით შევხედავთ და კვლევის შედეგებსაც გავითვალისწინებთ ცალსახაა, რომ ტყვიით მოწამვლას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა ნამდვილად აქვს.
აღნიშნული შედეგები კიდევ უფრო ამტკიცებს იმ მოსაზრებასაც, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ძალადობრივი დანაშაულების მნშვნელოვანი მატება და შემდეგ ისევ კლება, შეიძლება სწორედ ტყვიის ფართო გამოყენებით და შემდეგ მისი აკრძალვით იყოს გამოწვეული.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები