ქალების ტოსკანა – ვენახში ნაპოვნი შესაძლებლობები
2018 წლის ნოემბრის ბოლოს 20 ქართველი ფერმერი ქალი ფლორენციას ეწვია. ერთკვირიანი ვიზიტის მიზანი აგროტურიზმში ჩართული ქალებისთვის ევროპული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა იყო. ამ მოკლე ვადაში ქალებმა რამდენიმე მეურნეობა მოინახულეს და გაიცნეს მათ თავში მდგომი წარმატებული ქალები.
ნათია ნინიკელაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტ-მენეჯერი და Soplidan.ge-ის დამფუძნებელი, მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებს ამ დღიურებით გვიყვება.
დღე 1
მიუხედავად იმისა, რომ გამთენიისას თბილისიდან გასულები, შუადღეს უკვე სასტუმროში ვიყავით, მაინც მხოლოდ ჰოროზონტალურ მდგომარეობაზე ვოცნებობდი. ამიტომ, როცა შიმშილმა შემაწუხა, გარეთ უკვე ბნელოდა და თან უღიმღამოდ წვიმდა.
ფლორენცია არც ისე დიდია, როგორც მერე მივხვდი, თუმცა მაინც გარეუბნად ითვლებოდა ის ადგილი, სადაც ჩვენ გავჩერდით სასტუმროში. გავედი თუ არა ქუჩაში, მივხვდი, ზუსტად ის ტემპერატურა დამხვდა, რაც თბილისში დავტოვე, წვიმიანი ჟანგბადი ღრმად ჩავისუნთქე და შუქნიშანთან გავჩერდი, მაგრამ ორიოდე წამში მივხვდი, უნდა მემოქმედა, რადგან არც ფეხითმოსიარულენი და არც მძღოლები შუქნიშნის ფერს არ დაგიდევდნენ, ისე მოძრაობდნენ, როგორც...საქართველოში
იმ 30 წუთში, რაც ერთ წვიმიან საღამოს, ფლორენციის გარეუბნის ქუჩაში გავატარე, 30-ზე მეტჯერ გავოცდი გულში: ვუყურებდი ტროტუარებზე გაჩერებულ პატარა, იტალიურ მანქანებს ავარიული ციმციმებით, მივუყვებოდი ქუჩის ორივე მხარეს გამართულ კვირის გარე-ბაზრობას, სადაც რას არ ნახავდა კაცი – ტყავის ქურთუკებით დაწყებული, იტალიური ყველით დამთავრებული და რაღაცნაირად შვებით მეღიმებოდა – ეხუმრები? იტალიელებიც კაი ხულიგნები ყოფილან ჩვენი არ იყოს...
იცოდით, რომ ფლორენციას ფირენზეც ქვია? უფრო სწორად, Firenze-ს Florence-საც ეძახიან იტალიელები.
ერთი კვირა გავატარე ფლორენციაში, თუმცა დღის შუქზე მისი ნახვა ვერ მოვახერხე, რატომ მოხდა ასე, მაგაზე ქვემოთ მოგიყვებით, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით: განა ბევრი ქალაქი შეიძლება არსებობდეს, სადაც მთელ ერთ კვირას გაატარებ, მაგრამ მხოლოდ მთვარისა და ღამის განათების შუქზე გექნება ნანახი? აი, მე კი მაქვს ეგეთი ქალაქი, ეს არნოს ორივე ნაპირზე გაწოლილი ფერადი ფლორენციაა.
დღე 2
ბარემ მოკლედ გეტყვით ფლორენციაში ჩვენი ვიზიტის მიზანზეც:
აქ 20-ქალიანი ჯგუფი ჩამოვედით საქართველოდან, იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ მართავენ ტოსკანის რეგიონში ქალები ბიზნესს, რა გამოწვევები აქვთ, რას გეგმავენ სამომავლოდ, სად არიან ახლა და საით მიდიან.
მე კიდევ ერთი რამ მაინტერესებს: მართლა ისეთია ტოსკანა, როგორც ჩემი ოთახის კედელზე დაკიდებულ სურათშია? იმ სურათში, რომელსაც აგერ უკვე ორი წელია, პირველს ვხედავ, დილით თვალს რომ გავახელ. რომელიც ჩემმა მეგობარმა, მას მერე, რაც ძალიან ხმამაღლა ვიოცნებეთ იქ წასვლაზე, ჩარჩოში ჩამისვა და მაჩუქა.
რაც უნდა გასაოცრად ჟღერდეს, დღის გეგმაში სასტუმროდან ავტობუსით გასვლა 8:30 ზე წერია.
ალბათ, დანარჩენ 19 ქართველ ქალსაც ჩემსავით გაუკვირდა, რადგან მხოლოდ 9:30 ზეღა შევგროვდით. უნდა აღინიშნოს ავტობუსის მძღოლის სიმშვიდე, დაგვიანება არ უკვირს – იტალიელია, მაინც.
პირველი გაჩერებაა Corno di Vino
მარია 50 წლამდე იქნება, ჰყავს ორი პატარა ვაჟი. მეუღლე არ იღებს მონაწილეობას მეურნეობის მართვაში. მეურნეობა კი მოიცავს 25-ოთახიან სასტუმროს, უძველეს მარანს, ზეითუნის ზეთის სახდელს, ათეულობით ღორს. შესაბამისად, მარიას საკუთრებაშია ასობით ჰექტარი მიწა ვენახითა და ზეთისხილის ბაღებით.
სასტუმროს ნომრები უძველეს სახლშია, აი, იტალიურ ფილმებში რომ გინახავთ, ნაცრისფერი ქვით მოპირკეთებული, ხავსმოდებული ძველი კედლები, საკვამურებითა და მწვანე, გახუნებული დარაბებით. სახლი ნოემბრისთვის უჩვეულოდ ხასხასა მწვანე მინდვრის ბოლოში დგას. შორიდან თუ დააკვირდებით, ყველა საკუთრება ერთმანეთისგან აშოლტილი კვიპაროსებითაა გამოყოფილი, რომელსაც თურმე მაშინ რგავენ, როცა ახალი წევრი იბადება ოჯახში.
სტუმრების სამასპინძლო დიდი დარბაზი სამზარეულოს და ადგილზე ნაწარმოები პროდუქტის პატარა მაღაზიასაც აერთიანებს. კედლებიდან უამრავი ჯილდო შემოგვცქერის, თაროებზე ილუსტრირებული წიგნები და ჟურნალებია და, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიტყვა იტალიურიც არ გესმის, მათი გადაფურცვლაც კმარა მიხვდე, რომ მარიას ღვინოსა და ზეთისხილს ბევრი საქებარი სიტყვა რგებია ბოლო წლების მანძილზე.
აკვირდები და ხვდები, რომ ყველა ის მასალა, რასაც ღვინის, ზეთისა თუ თიხის წარმოებაში იყენებენ, მშვენივრადაა გამოყენებული აქსესუარებშიც: ხის კასრები მაგიდებია, ხის ძელებისგან ნაძვის ხე აუწყვიათ, ზეთის ძველი ბოთლები შანდლებად გამოუყენებიათ.
სადილის ყველა კერძის განმარტებას მარია აკეთებს: გვიყვება კერძისა და მისი შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ. ღვინის დეგუსტაცია კიდევ ცალკე ამბავია: ბოთლის ხელში ჭერიდან დაწყებული, მისი დასხმითა და გემოვნური, თუ ხარისხობრივი თვისებების განმარტებით დამთავრებული.
ტოსკანის რეგიონში ყველაზე გავრცელებული ყურძნის ჯიშია სანჯოვანი (დაახლოებით ისეთი მასშტაბით, როგორც ჩვენთან - რქაწითელი). ეს წითელი ყურძენია, რომლის შემცველობას ამ რეგიონში დამზადებულ ყველა წითელ ღვინოში სახელმწიფო არეგულირებს და განსაზღვრავს 70-80%-ით.
მარია გვიყვება, როგორ დაიწყო დაცლა სოფლებმა იტალიაში 50-იოდე წლის წინ, როგორ იზიდავდა ახალგაზრდობას დიდი ქალაქები, როგორ ქრებოდა შუქები ფანჯრებში და ძველი სახლების საკვამურებიდან თბილი კვამლის ნაცვლად ცივი სიცარიელე ამოდიოდა.
ამან უბიძგა ადგილობრივ მთავრობას, სხვა კუთხით შეეხედა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებისთვის და გამოსავალი ეპოვა:
აგროტურიზმის კანონი საგადასახადო შეღავათს აძლევს ყველა მეწარმეს, რომელიც დაბრუნდება სოფლად, აღადგენს მიტოვებულ, ძველ სახლს (ახალს ვერ ააშენებს, ნურას უკაცრავად), აწარმოებს ღვინოს, ან ზეითუნის ზეთს, ან სულაც მოიყვანს ბოსტნეულს, რითიც შემდეგ თავის სტუმარსვე გაუმასპინძლდება.
ამის შემდეგ, ადგილობრივს შეუძლია ოთახებიც გააქირაოს, სამზარეულოს მასტერკლასები, ან თუნდაც ექსკურსიებიც შესთავაზოს სტუმარს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამეს აწარმოებს!
არ გინდა არაფრის წარმოება? მხოლოდ სერვისის მიწოდება გინდა? კი ბატონო, ოღონდ შეღავათებით ვერ ისარგებლებ და გადაიხდი იმავე გადასახადებს, რასაც შუა ფლორენციაში წამოჭიმული სასტუმრო უხდის სახელმწოფოს.
არ იფიქროთ, რომ სახელმწიფო მხოლოდ მითითებებს აძლევს აგროტურიზმის ბიზნესს. სახელმწიფო ჩართულია აგროტურიზმის განვითარებაში ყველა იმ სტრუქტურითა და ერთეულით, რაც სჭირდება ამ ტიპის ბიზნესის განვითარებას:
უსაფრთხოება აგროტურიზმის ბიზნესს მიცემული აქვს ცალსახა სტანდარტები და ნორმები დასაკმაყოფილებლად, რას საჭიროა სტუმართა უსაფრთხოებისთვის;
განათლება – განათლება და ცნობადობის ამაღლება სოფლად ცხოვრების მიმართ მთავრობის პრიოროტეტია დაწყებითი კლასებიდანვე.
კვებითი ნორმები და სტანდარტები – მკაცრი სტანდარტები კვების პროდუქტების წარმოებაში და ღვინის სერტიფიცირება, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში უკვე არსებობდა, ხელს უწყობს აგროტურიზმის სტაბილურ განვითარებას რეგიონში.
დამშვიდობებისას მარიას მაღაზიასაც ვესტუმრეთ – თიხის ჭურჭელიც კი თავიანთი თიხა-მიწით აქვთ დამზადებული! სახლში მოდუღებული კაკლის ლიქიორისა და თავისივე ზეითუნის ზეთისგან წარმოებული კოსმეტიკური საშუალებების ცდუნებას ბევრმა ვერ გავუძელით.
უკანა გზაზე მინდოდა ქალებთან ერთად ის აქცენტები და მსგავსებები აღმენიშნა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად გვამსგავსებდა ან განგვასხვავებდა ერთმანეთისგან ბევრ იტალიელ მარიასა და ბევრ ქართველ ქალ ბიზნესმენს, მაგრამ ქალები ისეთი აღტაცებით უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, რომ გაჩუმება და ავტობუსის ფანჯრიდან ღამეში ჩაკარგული ვენახების თვალიერება ვარჩიე.
დღე 3
დღეს ავტობუსის მძღოლიც კი გავაოცეთ, ისე პუნქტუალურად შევიკრიბეთ.
გეზი Fattoria Lavacchio-საკენ ავიღეთ. საკმაოდ მაღლაა ზღვის დონიდან მეურნეობა, აშკარად იგრძნობა ტემპერატურის დაცემა.
მარინა მუნოძი ისეთი ენთუზიაზმითა და სიხარულით გვხვდება, რთულია დაიჯერო, რომ მხოლოდ მენეჯერია ამ ბიზნესის და არა მფლობელი.
რამდენიმე წინადადების შემდეგ უკვე იგრძნობა, როგორ უყვარს თავისი საქმე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მან იცის, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა, რომ არც მეტი და არც ნაკლები, უკვე მე-8000 მოსავალი ავიღეთ და ჩემი აზრით, სწორად სვამს აქცენტებს, როცა იმაზე გვიყვება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტუმრისთვის იმ ყოფაში მონაწილეობის მიღება, რაშიც ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ. რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ჩვენი ნამდვილი ცხოვრება ნამდვილი სოფლის სახლებში, ნამდვილი ძროხის მოწველა და ნამდვილი მჭადის გამოცხობაში მონაწილეობა მტვრიანი ქალაქებიდან მოსული სტუმრებისთვის ბევრად უფრო ბევრისმთქმელია, ვიდრე მთიანი სოფლის საოჯახო სასტუმროს ევრორემონტით შეიარაღება და სტუმრისთვის ლიფტის შეთავაზება.
მართლაც, მეურნეობაში ყველაფერი პირვანდელია, უზარმაზარი, მიწისქვეშ მოქცეული მარნის ფანჯრები ობობის ქსელშია გახვეული, კიბეები გაცვეთილი და ხავსმოდებული და ამიტომაა ძვირფასი. მარანში ძალიან ძველი ღვინოების სტენდია და აჰა, ჩემი დაბადების წელს ჩამოსხული ღვინოც ვიპოვე - 37 წლისაა, კარგად იქნება დაღვინებული.
უზარმაზარ კასრების თავზე "სასულეებია" დამაგრებული, ეს პატარა, მარტივი მოწყობილობა ღვინის დუღილის დროს ჰაერს გარეთ გამოდევნის კასრიდან.
სასულე ყველა ქართველმა იცის, ვისაც ოდესმე ერთი კილო ყურძენი მაინც დაუწურია ღვინის დასაყენებლად, თუმცა ბევრმა არ იცის, ალბათ, რომ ეს მარტივი, მაგრამ გენიალური მოწყობილობა ლეონარდო და ვინჩის გამოგონებაა.
მარინა რამდენიმეჯერ ახსენებს ლეონარდოს (ამაყობს, სამართლიანად). გვიყვება ქარის წისქვილის შესახებ, რომელიც ფერმაში უძველესი დროიდან დგას, რომელსაც ლეონარდოს მიერ კონსტრუირებული მაკეტის მიხედვით ჩაუტარდა რესტავრაცია. დღეს ამ უძველეს ქარის წისქვილში ფქვავენ ხორბალს და ამ ფქვილით აცხობენ იმ უგემრიელეს პურს, რომლითაც ლანჩზე გაგვიმასპინძლდნენ.
საღამოს მოვასწარით და უფიცის გალერეა მოვინახულეთ
Uffizi Gallery - ხელოვნების შედევრებით სავსე
ფოტო: Uffizi Gallery / Instagram
ხელოვნების ნიმუშების წინ მდგომს ყოველთვის დანაშაულის განცდა მეუფლება - მგონია არასაკმარისად დიდხანს ვუყურებ, ან არასაკმარისად ვაფასებ ჩემი ჩამოვლითა და ისე, უბრალოდ, დილეტანტურად თვალიერებით.
ამიტომ, ამჯერად გემრილ ვახშამზე ფიქრი ვარჩიე (რაც ნამდვილად პროფესიონალურად გამომდის) და მალევე გამოვედი მუზეუმიდან ხმაურიან ქალაქში, რომელიც წვიმას ერთიორად აებრჭყვიალებინა.
დღე 4
ასე გამოიყურება ახალთახალი ზეითუნის ზეთი
სერენა ბონაკოსის ოჯახს ასობოთ ჰექტარზე გაშენებული ვენახები და ზეთისხილის ბაღები აქვს. მის საკუთრებას იცნობენ Capezzana-ს სახელით, რომელიც ჯერ კიდევ მისმა ბაბუამ აქცია დასამახსოვრებელ ადგილად.
საინტერესო ბიზნეს-მოდელით მუშაობენ: ზეთისხილის ბაღების მოსავლელად ადგილობრივ ფერმერებს კი არ ქირაობენ, როგორც სამუშაო ძალას, არამედ პირიქით - ზეთისხილის ბაღებს აქირავებენ ადგილობრივ ფერმერებზე და გასამრჯელოს ზეთისხილით უხდიან.
ფერმერი პასუხისმგებელია როგორც ჩაბარებული ზეთისხილის ხარისხზე, ასევე ხეების მოვლასა და ჯანმრთელობაზე.
სერენას ოჯახს ზეთის სახდელით მომსახურებაც შეუძლია და ადგილობრივი ნაყოფის გადამუშავებას მთელი სეზონის განმავლობაში უზრუნველყოფს, ოღონდაც ერთი მთავარი პრინციპით: ჯერ საკუთარ მოსავალს წურავენ, შემდეგ სხვისას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მოკრეფილი ზეთისხილი 12-18 საათში დაიწუროს, ეს უზრუნველყოფს ზეთის პრემიუმ ხარისხს.
სერენა ამბობს, რომ 3 მტერი ყავს ზეთისხილის ზეთს: ჰაერი, სითბო, და სინათლე. სწორედ ამიტომ, მისი ზეთის სახდელი შენობა უახლესი ტექნოლოგიური საწურითაა აღჭურვილი, სადაც არც ჟანგბადი ხვდება, არც სითბო და არც მზის სხივი.
ზეთს თიხის უძველეს ქოთნებში ინახავენ, ქოთნები ხის თავსახურებითაა დახურული და თითოეულს პატარა ქაღალდი აქვს მიკრული ადგილობრივი ფერმერის გვარითა და ჩაბარებული ზეთისხილის წონის აღნიშვნებით. ამ ქოთნებში გაუფილტრავი ზეთი ინახება, რომელიც შემდეგ იფილტრება და მინის მუქ ბოთლებში ჩამოისხმება. თუმცა, კანადიდან და ამერიკიდან გაუფილტრავ ზეთზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და პირდაპირ თიხის ქოთნებით ახდენენ იტალიელები ექსპორტს ამ ქვეყნებში.
დღე 5
დონატელა კოლუმბინი
ფოტო: ნათია ნინიკელაშვილი
ფოტო: Youtube
დონატელა ძალიან ჩუმად საუბრობს, იმდენად ჩუმად, რომ ბუზის გაფრენის ხმა თუ არ გაისმა, ვერაფერს გაიგონებ.
ხოდა, მგონი ამაშია მისი საიდუმლო, ამ პატარა ტანის, ასაკიანი ქალის საიდუმლო, რომელიც მომნუსხველ ისტორიას ყვება, იმ ისტორიას, რომელიც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებზე, რომლებსაც ზოგი გამოწვევა დაუძლეველი ეჩვენებათ.
სანამ დონატელა მოვიდოდა, მისმა ბიძაშვილმა, ახალგაზრდა ქალმა გაგვაცნო ოჯახის ისტორია, ყველა კუთხე-კუნჭული დაგვათვალიერებინა დონატელას უზარმაზარი ძაღლის თანხლებით.
თუმცა, პირადად დონატელასთან კომუნიკაციამ სულ სხვა კუთხიდან დაგვანახა მისი ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები. აღმოვაჩინეთ, რომ სინამდვილეში, ყველა შესაძლებლობა, რომელიც არსებობს რეალურ დროში, ოდესღაც გამოწვევა იყო, ხოლო ახლა არსებული გამოწვევები მომავალ შესაძლებლობებად შეგვიძლია ვაქციოთ.
მისი ოჯახის ისტორია ამბობს, რომ დონატელას მშობლებმა უზარმაზარი ღირებულების ქონება დაუტოვეს უძველესი, დიდი სახლისა და ვენახების სახით. სინამდვილეში, თურმე ამ ქონების გადაცემას მოყვა უამრავი ვალდებულებების გადაცემა ქალისთვის, რომელსაც აქტივებისთვისაც და ვალდებულებებისთვისაც რამე უნდა მოეხერხებინა.
სწორედ მაშინ გადაწყვიტა დონატელამ ყველა სტუმარი, ვინც მოისურვებდა მასთან სტუმრობას, თავის პირად სივრცეში შემოეშვა, სწორედ იმ სასადილოში, სადაც მისი ოჯახი სადილობდა, იმ მისაღებ ოთახში, სადაც მისი უძველესი წინაპრები იღებდნენ სტუმრებს მანამ, სანამ ინკვიზიციის ბრალდებით ჰოლანდიაში გადაასახლებნენ...
ამან აგროტურიზმის ბიზნესის ზრდა გამოიწვია და შესაძლებლობა მისცა დონატელას დრო მოეგო, ის დრო, რომელშიც შეძლებდა და პრემიუმ ხარისხის ღვინოსა და ზეთს აწარმოებდა.
ეს ცალკე ამბავია: როდესაც დონატელამ ღვინის ტექნოლოგის ძებნა დაიწყო თავისი წარმოებისთვის, მიაკითხა ფლორენციის ღვინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და ტრადიციულად, ითხოვა რეკომენდაცია წარჩინებულ სტუდენტზე, რომელსაც წაიყვანდა ტექნოლოგად ღვინის წარმოებისთვის. პასუხად მიიღო უარი, რადგან ყველა წარჩინებული სტუდენტი ვაჟი (?!) უკვე დასაქმებული იყო, წარჩინებული ქალი სტუდენტები კი არც შესთავაზეს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქალები იყვნენ...
მაშინ დონატელამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და დაასაქმა წარჩინებული სტუდენტი გოგონა, წარმოშობით ფრანგი, რომელიც აგერ უკვე 20 წელია, ტოსკანის რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის წარმოებას უდგას სათავეში კოლუმბინების მარანში.
სწორედ ეს გამოწვევა გახდა მიზეზი დონატელას ბევრი შემდგომი ნაბიჯისა, რომელიც დღემდე ქალთა როლის გაძლეირებას ემსახურება ტოსკანის რეგიონში:
დააარსა ქალ მეღვინეთა ეროვნული ასოციაცია, რომელიც უმსხვილესი ქალთა ორგანიზაციაა ევროპულ ეროვნულ მეღვინეთა ასოციაციათა შორის;
მის მეურნეობაში მხოლოდ ქალები არიან დასაქმებულნი: მთელი წლის მანძილზე 30-ზე მეტი ქალია ჩართული დონატელას აგროტურიზმის ბიზნესში. ქალები თესავენ, სხლავენ, მოსავალს იღებენ, ტრაქტორს მართვენ, ღვინოს ასხამენ და ამზადებენ უგემრიელეს იტალიურ საჭმელს.
ასოციაციის ინიციატივით გამართულ ღვინის გამოფენებზე ათასობით ქალი მეღვინე იღებს მონაწილეობას, იღებს სხვადასხვა სახის განათლებას და მუშაობს სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად.
დონატელა ამბობს, რომ 3 ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გქონდეს გულში და თავში, თუ აგროტურიზმის განვითარება გინდა რეგიონში:
- ის, რაც მხოლოდ შენ გაქვს და სხვას არავის, შენ გარდა;
- ქსელი – მომწოდებლების, მომხმარებლებისა და პარტნიორების ფართო და საიმედო ქსელი;
- კომუნიკაცია – მუდმივი ურთიერთობა შენი ქსელის წევრებთან (პარტნიორებთან და პირველ რიგში მომხმარებლებთან).
ვემშვიდობები დონატელას, რომელსაც ჩვენი ნაჩუქარი სვანური თექის ქუდი ახურავს და ვგრძნობ, რომ ერთდროულად შთაგონებაც მოდის მისგან და ნაღველიც. შთაგონების მიზეზი გასაგებია და ნაღველის მიზეზსაც ალბათ, ვიპოვი.
დღე 6
ფოტო: ნათია ნინიკელაშვილი
ფოტო: Katrine Ekb / Instagram
Fattoria Poggio Alloro
სარასთან სტუმრობა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის, რადგან რადიკალურად განსხვავდებოდა მანამდე მიღებული გამოცდილებისგან.
აქამდე ისეთ ადგილებს ვსტუმრობდით, რომლებიც ბიზნესის გარდა, ისტორიულ დატვირთვასაც ატარებდა. შესაბამისად, ადვილი მისახვედირია, რომ ამ ისტორიასა და ხელუხლებელ სიძველეს ბიზნესის განვითარებაში ლომის წილი შეჰქონდა.
მომხმარებელი მხოლოდ კარგად მართულ ბიზნესს კი არა, ამ ადგილების ისტორიულ მნიშვნელობასაც მიჰყავდა ბიზნესის მფლობელებთან (თუმცა, არავინ დავობს, რომ სიძველის სწორად წარმოჩენაც ბიზნესის სწორად მართვაზე მიუთითებს).
აი, სარას მეურნეობა კი ახალი იყო, პატარა და თანამედროვე. როგორც მოგვიყვა, მისი დიდი ბაბუა მხოლოდ დაქირავებული მუშა-ხელი იყო ამ მეურნეობის წინა მფლობელებისთვის, თუმცა 50 წლის წინ შეისყიდა ნაკვეთი და მისი გვარი გახდა მეურნეობის მფლობელი.
დღეს ოთხი თაობის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობენ და მართავენ ამ ბიზნესს, ბიზნესი კი მრავალმხრივია: ღვინის, ზეთის, დაფნის ფოთლისა და ზაფრანის ყვავილის წარმოება, პარალელურად კი - მეცხოველეობა.
ყველამ იცის თავისი მიმართულება:
სარა საექსპორტი გაყიდვებს ხელმძღვანელობს, სარას ბიძა ხორცპროდუქტების ტრადიციული წარმოებითაა დაკავებული, სარას ბიძაშვილი ჯაკომო ღვინის ტექნოლოგია, სარას მამას კი ზეთის წარმოების მიმართულება აბარია.
სარა ამბობს, რომ მათი წარმატების საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს და ყველა მხოლოდ თავის შედეგებზეა პასუხისმგებელი.
ყველაზე ახლოს, ალბათ, სარა მივიდა ქართველი ქალების გულამდე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისიც მათსავით უბრალო გოგოა, და განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვა, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რა აუნაზღაურებელი შრომაა სოფლის მეურნეობაში ყოფნა, რომ აგროტურიზმში, როგორც ბიზნესში, არასოდეს იღებ იმის საფასურს, რასაც დებ მასში. თუმცა, მთავარი ეს არ არის, მთავარია, რატომ ვაკეთებთ ამას - მხოლოდ ფულისთვის, თუ იმიტომ, რომ ის ადგილები, სადაც ჩვენი წინაპრების არაერთმა თაობამ იცხოვრა, შენარჩუნდეს, თუნდაც მოდერნიზებული ფორმით, მაგრამ დარჩეს იმ საქმის სამსახურში, რისი მნიშვნელობისაც ახალ თაობასაც სჯერა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ტოსკანაში ფერმათა თუ მეურნეობათა უმრავლესობა ბიო წარმოებაზეა ორიენტირებული. ეს მიმართულება არის ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე მათ გაერთიანებებთან ერთად. ინდივიდუალისტ იტალიელებსაც კი ბოლომდე გაცნობიერებული აქვთ ბიზნეს სფეროების ჭრილში გაერთიანების მნიშვნელობა და მსოფლიოში არსებული კონკურენციის პირობებში გადარჩენასა და განვითარებას ახერხებენ სწორედ ასოციაციებისა და კონსორციუმების სწორი მენეჯმენტით.
ჩვენი ქალები ნანახმა და მოსმენილმა ჩააფიქრა, რა თქმა უნდა პარალელების გავლებაც სცადეს თავის ბიზნესთან, როგორც გაგვანდეს, ბევრ ახალ ინიციატივაზე ფიქრი იქვე, იტალიაში დაიწყეს.
"დონატელამ ჩემი ბიზნეს გეგმები თავდაყირა დააყენა, როგორ შეიძლებოდა აქამდე რაჭული სამზარეულოს მასტერკლასების გაყიდვაზე არ მეფიქრა?!" – ნინო, "რაჭული სახლი" რაჭაში;
"ახლა უკვე ვიცი, როგორი ეტიკეტი ექნება ჩემს ღვინოს, ვიცი, რას უნდა გამოხატავდეს და როგორ", – ინდირა, აჭარა, ღვინის წარმოება;
"როგორ ფასობს სიძველე! მე კი ვფიქრობდი, სანამ რემონტს არ გავაკეთებ, აქ როგორ შემოვუშვა ხალხი-თქო", – თამარი, რაჭა, საოჯახო სასტუმრო.
"ძველი კასრებით პატარა მაგიდებს გავაკეთებ და ბუხრის ოთახსაც სწორედ ასეთი ძველი ნივთებით დავტვირთავ, აქამდე რატომ მელაგა ასე, უსარგებლოდ?!“ – თიკა, სამეგრელო, საოჯახო სასტუმრო.
შთაგონება ყველგან შეიძლება იმალებოდეს: ღვინის ძველ სარდაფში, ქარის წისქვილთან, მედიჩების სასახლის ეზოში, ან თუნდაც სასაფლაოზე. ერთ-ერთ ადრეულ დილას, სანამ მორიგ ფერმას ვესტუმრებოდით, გზად ფლორენციის რომელიღაცა ტაძართან გავჩერდით, რომელსაც გარს უზარმაზარი სასაფლაო ეკრა. ყველა ქალაქში, სადაც ვახერხებ სამოგზაუროდ ჩასვლას, ვცდილობ, სასაფლაოზე მოვხვდე, რადგან ყოველთვის მგონია, თუ რამე კიდევ იყო სანახავი და ვერ ვნახე იმ ქალაქში (რაც სრულიად ბუნებრივია) ამ დანაკლისს სასაფლაო თავისუფლად შეავსებს, რადგან სასაფლაოზეა ყველა ქალაქის ყველაფერი ყველაზე ნამდვილი – ისტორია, ადამიანები, გრძნობები, სიკვდილი და სიცოცხლეც კი.
რადგან ჩვენი ვიზიტის შინაარსიდან გამომდინარე, ფლორენციის სასაფლაოზე მოხვედრის შესაძლებლობაზე ვერც ვიოცნებებდი, ღმერთს მადლობა შევწირე და სანამ დანარჩენები ტაძარში იყვნენ, მე ხარბად დავიწყე საფლავების თვალიერება. უმეტესობა თვითონაც მცირე ტაძარი იყო თავისი მასშტაბებით, საოჯახო სარკოფაგებით, ბევრი ძალიან ძველი და ძააალიან მომნუსხველი, ძირითადად მცირე ზომის ქანდაკებებით გაფორმებული.
ერთ-ერთი ძველი საოჯახო სარკოფაგის ფერადი ფანჯარა ქარს გაეტეხა და ობობის ქსელებში გახვეული საფლავის ქვაზე ინგლისურად (იტალიური ტექსტის ქვემოთ) ამოვიკითხე: "მხოლოდ შემოქმედებაშია სიცოცხლე, მხოლოდ მოძრაობაშია ხსნა"...
პროექტი ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება, მას აფინანსებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს დასავლეთ საქართველოში ქალთა მიერ მართული ბიზნესების გაძლიერებას. სასწავლო ტური ფლორენციაში საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით განხორციელდა.
კომენტარები