თბილისსა და რეგიონებში გაზის სამომხმარებლო ტარიფი სახელმწიფოსგან სუბსიდირების გამო არ გაიზარდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში თანხის ნაწილის დაფარვის შესახებ წერილი ეკონომიკის სამინისტრომ გააგზავნა.

"ეკომონიკის სამინისტროს წერილში ცალსახად და მკაფიოდაა მითითებული, რომ ამ ფინანსურ ხარჯს თავის თავზე იღებს სახელწმიფო კომპანია ნავთობისა და გაზის კორპორაცია", — განმარტა კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ.

კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას თქმით, თბილისის შემთხვევაში ყოველ 1 000 მ³ გაზზე სახელმწიფოს სუბსიდირების შემდეგ ფასი 105-დან 103,7 დოლარამდე შემცირდა. სუბსიდირება რეგიონებსაც შეეხო და საქორგ გაზისა და სოკარ გაზის შემთხვევაში თანხა 105-დან 92,25 დოლარამდე შემცირდა.

სახელმწიფო სუბსიდირების შემდეგ ტარიფი თეთრის მეასედით შემცირდა თბილისსა და რეგიონებში.

ახალი ტარიფები

გაზის სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა თბილისში, ყაზტრანსგაზ-თბილისის აბონენტებისთვის. ცვლილება ამ შემთხვევაშიც მინიმალურია (0,014 თეთრი) მოქმედი ტარიფი 46,154 თეთრია, ახალი წლიდან კი 46,139 თეთრი გახდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოხმარებული გაზისთვის თვეში 100 ლარს იხდიდით, ახლა 99 ლარსა და 97 თეთრს გადაიხდით.

სოკარ გაზის ტარიფი 0,011 თეთრით 56,94-დან 56,929-მდე შემცირდა, საქორგგაზის შემთხვევაში კი 0,012 თეთრით 57,011-დან 56,999-მდე. თუ თქვენ სოკარ გაზის აბონენტი იყავით და ყოველთვიურად 100 ლარს იხდიდით, ახლა 99 ლარისა და 98 თეთრის გადახდა მოგიწევთ. ცვლილება საქორგგაზის შემთხვევაშიც იდენტურია.

სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე რა იქნებოდა ტარიფი უცნობია. აღნიშნულ საკითხზე On.ge-მ სემეკიდან ინფორმაცია გამოითხოვა.