საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეწყალების პრაქტიკა დასავლურ სტანდარტებს აცდენილია. მისი აზრით, ახალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ ხარვეზს გამოასწორებს.

"დაახლოებით ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ მოწყალე, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს", — აღნიშნა კობახიძემ.

შეწყალების კომისიის ბოლო სხდომა, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას ამ კვირაში უნდა ჩატარებულიყო. ჯერ მხოლოდ ერთი მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, დანარჩენი კი გაურკვეველი მიზეზით გაუქმდა.