პრაღას თუ ეწვევით, თან აუცილებლად კომფორტული ფეხსაცმელები წაიღეთ, რადგან ქვებით მოკირწყლულ ქუჩებზე მთელი დღით სეირნობა არ მოგბეზრდებათ.

ამ მაგიურ და მომხიბვლელ ქალაქს, რომელშიც ასობით მაღალი შენობა გვხვდება, ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება ევროპულმა დედაქალაქმა ინატროს.

მთავარი პირობა: თუ ჩეხური კულტურის შეგრძნობა გსურთ, ისტორიული ღირშესანიშნაობების გარდა, თქვენ გელით გემრიელი ლუდიც.

ასე რომ, თუ ჩეხეთის იდუმალებით სავსე დედაქალაქს ახალი გამოცდილებებისა და მოგონებების შესაგროვებლად ეწვევით, გირჩევთ ეს ათი რამ არ გამოტოვოთ.

1. მიაშურეთ ძველი ქალაქის მოედანს

ფოტო: Andrew Mayovskyy / Shutterstock

დილით ქუჩაში რომ გახვალთ, გეზი პირდაპირ ქალაქის ძველი მოედნისკენ აიღეთ. იმის მიუხედავად, რომ პრაღა დამპყრობლების შემოსევების სამიზნე ხშირად ხდებოდა, ძველი ქალაქის მოედანი მეათე საუკუნის შემდეგ თითქმის ხელშეუხებლად განაგრძობს არსებობას.

ქალაქის ულამაზესი არქიტექტურის მთავარი ნაწილი სწორედ აქაა შემონახული. უამრავი ქუჩის შემსრულებელი და მუსიკოსი ჩეხურ განწყობას მალევე შეგიქმნით.

2. მოუსმინეთ და უყურეთ ასტრონომიულ საათს

სანამ ქალაქის მოედანს სტუმრობთ, ბარემ რატუშას კოშკზე მდებარე ასტრონომიულ საათსაც მოუსმინეთ, რომელიც ყოველ საათში ერთხელ რეკავს. მეთხუთმეტე საუკუნეში შექმნილი მექანიკური საათი პრაღის ერთ-ერთი სიამაყეა.

3. მოინახულეთ იოზეფოვი

ფოტო: Govisity / flickr

თუ გსურთ ახლოდან გაეცნოთ პრაღაში ებრაელების გეტოს, ძველ ქალაქსა და მდინარე ვლტავას შორის იოზეფოვი, იგივე ებრაული კუთხე დაგხვდებათ. ადგილის ისტორია საზარელია და ის მეცამეტე საუკუნიდან იწყება: იმ დროს ებრაელებს პრაღის სხვა ნაწილში ცხოვრება აუკრძალეს და ქალაქში ციცქნა ადგილი გამოუყეს. იოზეფოვში ჩამოასახლეს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელებიც. მეცხრამეტე ადგილში, მისი დიდი ნაწილი დაანგრიეს, თუმცა საბედნიეროდ უამრავ უძველეს შენობას კვლავ იხილავთ. მათ შორის 6 სინაგოგას.

5. გადაიღეთ ფოტო ჯონ ლენონის კედლის წინ

ფოტო: Shutterstock

ჯონ ლენონის კედელი პრაღაში სულ რაღაც 38 წლისაა, მაგრამ იმხელა ისტორია აქვს, მის გარდა კიდევ ორ ღირსშესანიშნაობას ეყოფა.

ცივი ომის პერიოდში, ჩეხების ცხოვრება გალიაში ყოფნას ჰგავდა, თუმცა ბითლზისა და ლენონის მუსიკა და სიმღერების ტექსტები ჩეხი ხალხის სულს ათბობდა, მომავლის იმედსა და ხედვას ანიჭებდა და ცხოვრებას აფერადებდა.

1980 წელს, ლენონის მკვლელობის შემდეგ, კარლის ხიდთან მდებარე ვეება კედელზე წარწერები Imagine, All You Need Is Love, სპონტანური ნახატები და მემორიალური გრაფიტი გაჩნდა. პოლიციამ ღამით ისინი გადახატა, თუმცა მეორე დღეს მათ ახალი წარწერები და ნახატები დახვდათ. ასე გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი, დღეს კი ადგილზე ფერადი და ნოსტალგიური კედელი დაგხვდებათ.

6. დაგაღამდათ? კარლის ხიდი გელით

ფოტო: Nico Trinkhaus

არც ისე იშვიათად, ცხოვრებაში საუკეთესო რამეები სრულიად უფასოა. პრაღაში სტუმრობისას, ერთ-ერთ ყველაზე დამამახსოვრებელ მოგონებად მეთოთხმეტე საუკუნის ხიდზე სეირნობა დაგრჩებათ.

ხიდი 1357 წელს ბოჰემიის მეფემ და რომის იმპერიის მმართველმა კარლ მეოთხემ ააგო. ხიდზე საოცარი ნაგებობები მეჩვიდმეტე საუკუნეში განათავსეს. კარლის ხიდს თავდაპირველად ქვის ხიდი და პრაღის ხიდი ერქვა. მეფის საპატივსაცემოდ თანამედროვე სახელი მას 1970 წელს დაარქვეს.

7. ესტუმრეთ წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარს

როდესაც კარლის ხიდიდან მალა-სტრანას დასახლებისკენ წამოხვალთ, უბრალოდ იცოდეთ, რომ პრაღა უდიდეს საჩუქარს გიმზადებთ.

სამეფო გზაზე შემოგხვდებიან ბაროკოს არქიტექტურის საუცხოო წარმომადგენლები და საბოლოოს პრაღის კათედრალს, იგივე წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარს გადაეყრები, რომელიც დამაბრმავებლად შთამბეჭდავია.

გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშის მშენებლობის ისტორია მეათე საუკუნიდან იწყება. ტაძარმა დღევანდელი სახე 1929 წელს მიიღო. კომპლექსის სხვადასხვა შენობების დასათვალიერებლად შესაძლოა ბილეთის აღება მოგიწიოს, თუმცა თავად ეკლესიაში შესვლა, რა თქმა უნდა, უფასოა. კათედრალის შიგნით მინის ფანჯრები დაგხვდება, რომელიც ჩეხი არტ-ნუვოს სტილის წარმომადგენელი მხატვრის, ალფონს მუხას მოხატულია. არტისტი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მოღვაწეობდა.

8. გასინჯე პრაღის ცნობილი ლუდი

ფოტო: Alexey Mashtakov / shutterstock

ჩეხები ირწმუნებიან, რომ მსოფლიოში საუკეთესო ლუდი ჩეხურია. მათი სიტყვების შესამოწმებლად საუკეთესო გზა კი პრაღაში სტუმრობა და ამ ლუდის გასინჯვაა! და რატომაც არა? თუ ზოგი პარიზში ფინჯანი ყავის გასასინჯად მიდის, პრაღაში ლუდის დასაგემოვნებლად გადაფრენაც არაა პრობლემა.

ჩეხური ლუდის უმრავლესობა ღია ფერისაა და ისინი ხელით დაკრეფილი სვიით მზადდება. ადგილობრივები უპირატესობას ზუსტად ასეთ ლუდს ანიჭებენ. ქალაქში ლუდის მუზეუმიც კი არსებობს, სადაც 31-ზე მეტი სახეობის ლუდის დაგხვდებათ, არჩევა რომ გაგიჭირდეთ.

9. ეწვიე მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბიბლიოთეკას

ფოტო: Shutterstock

კლემენტინუმის კომპლექსის მონახულებას თუ გადაწყვეტ, არ გამოტოვო სტრაგოვის მონასტერში არსებული უძველესი ბიბლიოთეკა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბიბლიოთეკასაც კი უწოდებენ.

ისტორიულ შენობაში მდებარე ბიბლიოთეკა ბაროკოს სტილის არქიტექტურის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნიმუშია და მისი კედლები ათასობით წიგნის სახლია. იქვეა უზარმაზარი დიდი გლობუსები, რომლებიდანაც მე-17 საუკუნის ბერები პლანეტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას აგროვებდნენ.

ოთახი სიმბოლოებითაა სავსე. იქ ნახავთ ევანგელისტი წმინდა ჯონის ქანდაკებასაც, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთ ავტორად მოიაზრება.

10. შეხვდი 2-მეტრიან ფროიდს

ფოტო: RossHelen / Shutterstock

სანამ პრაღის ძველი ქალაქის შესწავლას დაასრულებთ, რამდენჯერმე ცასაც ახედეთ და თვალიერება-თვალიერებაში შესაძლოა ფსიქოანალიზის მამასაც გადაეყაროთ, რომელიც შესაძლოა უცებ ვერც იცნოთ.

აღნიშნული ქანდაკება ჩამოკიდებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც თავს იკლავს. ტურისტებსა და მოქალაქეებს ის ხშირად შეშლიათ სუიციდის შემთხვევებში და როგორც ადგილობრივ საგანგებო მდგომარეობის სამსახურში ამბობენ, ხშირად მიუღიათ ზარები მის შესახებ.

ქანდაკება იმდენად პოპულარულია, რომ ის გამოფენილი იყო ბერლინში, ჩიკაგოსა და ლონდონში. ტურისტები ორიგინალური კადრებისთვის ხშრად პოზირებენ ქანდაკების წინ.

თუ ამ ისტორიებმა პრაღაში გამგზავრებაზე დაგაფიქრათ, ამ გადაწყვეტილების მიღება სპონტანურადაც შეიძლება. ქუთაისი-პრაღის ბილეთების ფასი €49,99-დან იწყება.