თბილისის მერმა და მმართველი პარტიის ლიდერმა, კახა კალაძემ გუშინ, 29 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის შესახებ ნათქვამი დღეს, 30 ოქტომბერს უარყო და რუსთავი 2-ის ჟურნალისტის სიცრუეში დაადანაშაულა.

რა თქვა მერმა გუშინ?

არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი.

რა თქვა მერმა დღეს?

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან სასაუბროდ კახა კალაძე მივიდა. მას პირველი კითხვა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა დაუსვა და გუშინ, 29 ოქტომბერს ნათქვამი უარყო.

— ჟურნალისტი: რაც ბრძანეთ, რომ დამოუკიდებული კანდიდატის მხარდაჭერამ მობილიზება შეასუსტა მხარდამჭერების. იგივე აზრზე ხართ თუ არა დღეს?

— მერი: კითხვას სვამთ უკვე არასწორად და ატყუებთ მოსახლეობას. მესმის, რომ თქვენ ხართ პარტიული ტელევიზია. ხართ რუსთავი 2. არ უნდა მოატყუოთ მოსახლეობა.

— ჟურნალისტი: თქვენი სიტყვები გავიმეორე.

— მერი: ჩემი სიტყვები მე ძალიან კარგად ვიცი, რაც ვთქვი. მაგრამ თქვენ ცდილობთ, მოდელირებულ საქართველოში აცხოვროთ ქვეყნის მოსახლეობა. მაგრამ ეს, ამჯერად, არ გამოგივათ.