კვლევა: ყვავებს, იარაღების გამოყენების გარდა, მათი დამზადებაც შეუძლიათ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყვავებს სხვადასხვა გამოუსადეგარი ნივთის გამოყენებით იარაღების დამზადება შეუძლიათ.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ყვავები განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი. ისინი აღიქვამენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ესმით წყლის გამოდევნის პრინციპები, ხსნიან თავსატეხებს, იყენებენ იარაღებს და ა.შ.
ამ დრომდე მიჩნეული იყო, რომ გამოუსადეგარი ნივთების შეერთებით ერთი ფუნქციური ნივთის მიღება მხოლოდ ადამიანებსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებს შეეძლოთ.
მართლაც, ამ უნარის შესაძენად ბავშვებს რამდენიმე წელი სჭირდებათ - ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს, რომ ორგანიზმმა თითოეული ნივთის თვისებები გაიაზროს და მიხვდეს, რომ მათი შეერთებით შესაძლოა რაიმე სასარგებლო მიიღოს.
"ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექსპერიმენტის პროცესში ყვავებს არანაირი დახმარება არ მიუღიათ, მათ ყველაფერი თავად მოიფიქრეს", - აცხადებს მაქს პლანკის ორნითოლოგიის ინსტიტუტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი აუგუსტ ვონ ბაიერნი.
მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში ახალი კალედონიური ყვავები (Corvus moneduloides) შეისწავლეს, რომლებიც თავიანთი კოგნიტური შესაძლებლობებით განთქმულნი არიან.
ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე ყვავებს გამჭვირვალე ყუთები წარუდგინეს, რომელშიც საკვები იყო მოთავსებული. ყუთს ცალ მხარეს წვრილი ღარი ჰქონდა დატოვებული, სადაც ყვავებს ყუთის გარშემო მიმოფანტული გრძელი ჯოხების შეყოფა და საკვების გამოღება შეეძლოთ, ამ დავალებას მათ თავი წარმატებით გაართვეს.
ექსპერიმენტის მეორე ეტაპი პირველის მსგავსად დაიწყო, თუმცა გრძელი ჯოხების ნაცვლად, ყუთის გარშემო მხოლოდ პატარა ჯოხები მიმოფანტეს, რომლებიც საკვების გამოსაღებად ზედმეტად მოკლე იყო. საკვების მოპოვების ერთადერთი გზა სხვადასხვა მასალის მქონე ჯოხების ერთმანეთთან შეერთება და საკმარისად გრძელი ჯოხის შექმნა იყო.
რვიდან ოთხმა ყვავმა რამდენიმე წუთში პატარა ჯოხების შეერთებით გრძელი ჯოხები შექმნა და საკვების მოპოვება შეძლო.
"წარმატებული ყვავები თითქოს გამიზნულად მოქმედებდნენ, მათ ახალი შექმნილი ჯოხები გამჭვირვალე ყუთთან მიჰქონდათ, შემდეგ კი საკვებზე დამიზნებას ცდილობდნენ", - ნათქვამია კვლევაში.
"პირველი წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ, ყვავებმა მსგავსი დავალება კიდევ სამჯერ შეასრულეს. გამონაკლისი იყო ერთ-ერთი ყვავი, სახელად მანგო, რომელმაც მომდევნო ორ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა შემდეგ იგივე დავალება რამდენჯერმე მაინც შეასრულა", - აღნიშნულია კვლევაში.
როგორც აღმოჩნდა, მანგოს უცნაური ხასიათი აქვს. მომდევნო რამდენიმე ექსპერიმენტში მან იარაღები არა მხოლოდ ორი, არამედ ოთხი სხვადასხვა ნაწილისგანაც შექმნა, რომლებიც საკვების მოსაპოვებლად წარმატებულად გამოიყენა.
ყვავების ტვინში მიმდინარე პროცესების განსაზღვრა რთულია, თუმცა სავარაუდოა, რომ ისინი აღნიშნულ ქცევებს შეგნებულად ახორციელებენ - მანგოს თავისი შექმნილი იარაღები რამდენჯერმე დაეშალა, რის შემდეგადაც მან ისინი თავიდან ააწყო.
"იარაღების შექმნის პროცესი საკმაოდ კომპლექსური იყო, ჯოხების ნაწილს ღრუ ჰქონდა, ნაწილს კი არა. მათ ჯოხები ერთმანეთისთვის უნდა მიესადაგებინათ, ჯოხების შეერთებისთვის მათი გარკვეული კუთხით დატრიალებაც იყო საჭირო. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყვავებმა ეს იარაღები შემთხვევით შექმნეს", - აცხადებენ ავტორები.
ეს პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა, როდესაც ცხოველებმა გარკვეული ნივთის შესაქმნელად ორზე მეტი ნივთი გამოიყენეს.
მიღებული შედეგები არ ნიშნავს, რომ ყვავების გონება ადამიანის ან ადამიანის მსგავსი დიდი მაიმუნების გონებასთან ახლოს დგას, თუმცა აღნიშნული კვლევით ყვავების კოგნიტურ შესაძლებლობებზე ბევრი რამის გაგება შეიძლება.
კვლევა ჟურნალ Nature Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები