5 შემთხვევა, როცა კომპანიებმა ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ რეაბილიტაციაში წვლილი შეიტანეს
ბუნებრივი კატასტროფები სამყაროში ძალიან ხშირად ხდება, რასაც უდიდესი ეკოლოგიური პრობლემების შექმნა შეუძლია. იმისთვის, რომ ადამიანებმა დედამიწაზე კიდევ დიდხანს შეძლონ ცხოვრება, აუცილებელია ეკოლოგიის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა. ამ პროცესს კი, კატაკლიზმები, ხანძრები, მიწისძვრები და ა.შ. ძალიან უშლის ხელს. ამგვარ მოვლენებს წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა ეკოსისტემისთვისა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის მნიშვნელოვნად შემცირება სწრაფი რეაბილიტაციით არის შესაძლებელი.
დამწვარი ტყეების, განადგურებული ინფრასტრუქტურის, დაზარალებული ოჯახების ქონების აღდგენას ძალიან დიდი თანხები სჭირდება, რისი მობილიზებაც სახელმწიფოს ხშირად უჭირს. სწორედ ამ დროს კერძო სექტორი ხშირად მოწოდების სიმაღლეზეა ხოლმე და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.
1. Dell-იმ ქარიშხალ ჰარვის დამანგრეველი შედეგების შემდეგ, აღდგენითი სამუშაოებისთვის, მილიონობით დოლარი შესწირა
კომპიუტერული ტექნოლოგიების ცნობილმა მწარმოებელმა Dell-იმ, 2017 წელს ტეხასის შტატში მომხდარი ქარიშხალი ჰარვის ზარალის აღსადგენად არაერთი მილიონი გამოყო. პირველ ეტაპზე, მაიკლ დელიმ $36 მილიონი შესწირა ტეხასის მცხოვრებლების დახმარებას, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ.
ეს თანხა კომპანიამ თავისი უფრო მასშტაბური პროექტიდან გამოყო, რომელსაც ტეხასის აღდგენის ფონდი ჰქვია. ფონდის მიზანი $100 მილიონის შეგროვებაა, რომელიც მთლიანად ტეხასის ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. ამ თანხამ ბევრ ტეხასელს შვება მოგვარა, თუმცა შტატი ქარიშხლისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე დღემდე მუშაობს.
ქარიშხალი ჰარვი ტეხასს 2017 წლის აგვისტოს დასასრულს დაატყდა თავს. ამ ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 47 ადამიანი, ხოლო დაახლოებით 43 ათასი ადამიანი სახლის გარეშე დარჩა. ბუნებრივი კატასტროფის მიერ მიყენებულმა ზარალმა $180 მილიარდს გადააჭარბა.
2. Apple ქარიშხალ ირმათი დაზარალებულებს $5 მილიონით დაეხმარა
ქარიშხალი ჰარვის შემდეგ, 2017 წელს, აშშ-ში ფლორიდასა და ჯორჯიას ქარიშხალი ირმა დაატყდა თავს. ამ ბუნებრივ კატასტროფას ჯამში $60 მილიარდზე მეტი ზარალი მოჰყვა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორპორაციებმა დიდი როლი ითამაშეს. ერთ-ერთი, რომელმაც ყველაზე დიდი შემოწირულობა გაიღო, კომპანია Apple იყო. ტექნოლოგიების მწარმოებელმა გიგანტმა ქარიშხლით დაზარალებულებს $5 მილიონი შესწირა, ხოლო აშშ-ს წითელ ჯვარს დამატებით $3 მილიონით დაეხმარა.
3. ჰაიტის დამანგრეველმა მიწისძვრამ მთელი მსოფლიო გააერთიანა - ჯამში $3.5 მილიარდზე მეტი შეგროვდა
2010 წელს ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტრაგედია იყო, რომელიც ბოლო წლებში მომხდარა. ჰაიტელები ფაქტობრივად ყველაფრის გარეშე დარჩნენ. წყალი, საკვები, ლოგინი და ბალიშიც კი დეფიციტში იყო. ამ შემთხვევამ მთელი მსოფლიო გააერთიანა, მათ შორის ცნობილი ვარსვკვლავები და ბიზნეს კომპანიები.
ლედი გაგამ ჰაიტელებს ნახევარი მილიონი დოლარი შესწირა, ილონ მასკმა $250 ათასი დოლარი, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა $1 მილიონი, დენის ო'ბრაიენმა 3.5 მილიონი ევრო და ა.შ. სელებრითებმა მაიკლ ჯექსონის სიმღერაც "We are the world" ჩაწერეს ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად.
რაც შეეხება კომპანიებს, Burger King-მა ჰაიტელებს $50 000 შესწირა, Apple-მ ფანდრეიზინგის დახმარებით რამდენიმე მილიონის მობილიზება შეძლო, ხოლო გუგლმა $1 მილიონის. კომპანიების სია სრულად ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ.
4. Verizon-მა ქარიშხალ სენდის დაზარალებულებს მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარა
2013 წელს ნიუ-ჯერსიში მომხდარი ქარიშხალი სენდის შემდეგ, Verizon-მა ქალაქის აღდგენის ფონდს $100 000 შესწირა, თუმცა კომპანიის კორპორატიული პასუხისმგებლობა ამით არ ამოწურულა. Verizon-ის 160 თანამშრომელი მონაწილეობას იღებდა სკოლებისა და შენობების გაწმენდვის სამუშაოებში. მათ შორის იყვნენ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები.
გარდა ამისა, ნიუ-იორკში მომხდარი ანალოგიური ქარიშხლის შემდეგ, კომპანიამ ჯამში $6 მილიონის მობილიზება შეძლო. ამ თანხის შეგროვებაში ჩართულები იყვნენ როგორც თანამშრომლები, ისე მომხმარებლები და თავად კომპანია.
5. თიბისიმ ბორჯომის ტყის დამწვარ ტერიტორიაზე 10 ჰექტარის აღდგენა დაიწყო
ბორჯომში ჯერ 2008, შემდეგ კი 2017 წლის ზაფხულში ხანძარმა უნიკალური ტყის ასობით ჰექტარი გადაწვა, რაც საქართველოსთვის დიდი ეკოლოგიური დანაკარგია. შარშან თიბისიმ პირობა დადო, რომ ბორჯომის განადგურებული ტერიტორიის აღდგენაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა და პირობის შესრულება უკვე დაიწყო.
2018 წლის 20 ოქტომბერს კომპანიამ თავის თანამშრომლებთან ერთად მოინახულა ბორჯომის დამწყვარი ტერიტორიები და აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიის თანამშრომლებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მამუკა ხაზარაძემ, გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ერთად ნერგები დარგეს.
თიბისი პირველ ეტაპზე 10 ჰექტრის აღდგენაზე იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა მამუკა ხაზარაძის თქმით, კომპანია ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ ბორჯომის ტყემ პირვალდენი სახე დაიბრუნოს.
"ჩვენ დავდეთ პირობა და ამ პირობის შესრულებას ვიწყებთ. პირველ ეტაპზე 10 ჰექტარზე ვაპირებთ ხეების დარგვას, ხოლო მომავალში კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ უნიკალურმა ტერიტორიამ თავისი სახე დაიბრუნოს", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
კომენტარები