პოლიციის ფესტივალი
რამდენიმე წლის წინ საქართველოში საერთოდ წარმოუდგენელი იყო, თუმცა, ალბათ, მაინც გიფიქრიათ როგორი იქნებოდა მარიხუანის ფესტივალი. სავარაუდოა, რომ ამ ფესტივალზე მარიხუანის გასაყიდ ჯიხურებს, ხმამაღალ მუსიკას და გართობას ელოდით. შეიძლება სხვა ქვეყანაში ასეც მომხდარიყო, თუმცა საქართველოში — არა.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს მიანიჭა უფლება მარიხუანა მოიხმარონ, ხელისუფლებამ კანონდარღვევად მიიჩნია მისი მოპოვების ყველა გზა.
ამ რეალობის გასაპროტესტებლად პოლიტიკურმა პარტია გირჩმა კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის ჩატარება დაგეგმა. ფესტივალის იდეა ბრძოლით მიღწეული, მეტი თავისუფლებით სარგებლობა იყო. თუმცა, თავისუფლების ფესტივალმა თავისუფლების გარეშე ჩაიარა.
ლეგალიზაციის ფესტივალი არა გართობის, არამედ აქტივიზმის ტრიბუნად იქცა, საიდანაც ათასობით ახალგაზრდამ კიდევ ერთხელ უთხრა სახელმწიფოს, რომ მარიხუანის მოხმარება მათი უფლებაა.
ლეგალიზაციის ფესტივალი 4:20 საათზე უნდა დაწყებულიყო, რაც კანაფის მომხმარებლებისთვის სიმბოლური დროა. თუმცა, დათქმულ დროზე ადრე ცნობილი გახდა, რომ გირჩის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე დააკავეს.
გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ დედაენის ბაღში, იქ სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო აპარატურის შეტანის უფლებას არ აძლევდნენ და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა. დედაენის ბაღში მალევე გაიზარდა ფესტივალი სტუმრების რიცხვი.
ფესტივალს რამდენიმე უცხოელი სტუმარიც ყავდა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია თბილისს. მართალია მათ იმედები არ გაუმართლდათ, მაგრამ საინტერესო კულტურას ეზიარნენ და გამოცდილებაც შეიძინეს. აქ იყვნენ ოჯახები, შვილებთან ერთად, სტუდენტები, მსახიობები, მომღერლები და აქტივისტები.
სტუმრების პროპორციულად იზრდებოდა პოლიციელთა რაოდენობაც. ტრადიციულად, აქვე იდგნენ ყვითელი ავტობუსებიც, რომლებიც ქართული აქციების სიმბოლოდ იქცა.
სტუმრებს დედაენის ბაღში მოსახვედრად არამხოლოდ პოლიციის კორდონის, დამატებით, დეტალური ჩხრეკის გავლა უწევდათ. სამართალდამცავების განმარტებით, საფესტივალო ტერიტორიაზე არაკანონიერი ნივთიერებების შეტანის აღკვეთა სურდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ჩაშლა ჯერ კიდევ დაწყებამდე სცადეს დედაენის ბაღში მაინც ბევრი ადამიანი შეიკრიბა. სხვადასხვა სტარტაპების წარმომადგენლები მზად იყვნენ სტუმრებისთვის პროდუქცია შეეთავაზებინათ, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცათ.
აქვე იყვნენ მართლმადიდებლ მშობელთა კავშირის და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის წევრები, რომლებიც კონტრაქციას მართავდნენ. ზურა ჯაფარიძე მხარდამჭერებთან ერთად მათთან მივიდა და დაიწყო ხანგრძლივი განხილვა, მარიხუანის მოხმარება ჯობია თუ ერის გამრავლება. ჯაფარიძემ პირობა მისცა მათ, რომ ამაზეც იზრუნებს.
სტუმრებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდნენ სხვადასხვა ცხოველების ფორმაში ჩაცმული პირები. მათ პოლიციის ყურადღებაც მიიქციეს, რაც, საბოლოოდ, იმით დამთავრდა რომ "მგელი" და "დათვი" დააკავეს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს არ უნდა ემიჯნებოდეს სამართალდამცავი და ზემდგომი უწყებები", — გვითხრა ბაჩო არჩაძემ, რომელსაც ძროხის ფორმა ეცვა, მაგრამ დაპატიმრებას გადაურჩა. მისი თქმით, დღე ფესტივალად იყო დაგეგმილი და არა აქციად, მათ გართობა სურდათ, მაგრამ არ დასცალდათ.
ჩვენი თავისუფლებისთვის — ასე უპასუხა სტუმრების უმეტესობამ On.ge-ს კითხვას იმაზე, თუ რა მიზნით იმყოფებოდნენ ფესტივალზე. როგორც ერთ-ერთმა სტუმარმა, მიხეილ ბიჭაშვილმა გვითხრა, უნდა ქართველი ხალხის ცნობიერებამდე მიიტანოს, რომ თუ ადამიანი სხვას არაფერს უშავებს, მას თავისუფალი ნების გამოხატვა შეუძლია. მისივე თქმით, სულერთია ადამიანი არის თუ არა მომხმარებელი, სხვისი უფლებების დაცვა აუცილებელია.
ფესტივალზე იმყოფებოდა თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, დათო სუბელიანიც. სუბელიანის თქმით, აქციის სულისკვეთებას სრულად არ იზიარებს, მაგრამ გაჟღერებულ მოთხოვნებს ეთანხმება. მისივე თქმით, მსგავსი აქტივობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოება "ცხოვრების სხვა რელსებზე გადავიდეს".
ფესტივალზე ხალხის რიცხვთან ერთად გაიზარდა საპროტესტო მუხტი და 4:20 საათის მოლოდინი. სწორედ ამ დროს ზურა ჯაფარიძეს კანონი ღიად უნდა დაერღვია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ნიშნად სტუმრებისთვის ჯოინთები დაერიგებინა, რაც მარიხუანის გასაღებად ჩაითვლებოდა.
ჯაფარიძემ ჯოინთები კი დაარიგა, მაგრამ მისი მოწევა არავის დასცალდა, რადგან პოლიციის თანამშრომლებმა ის დააკავეს.
საპრეზიდენტო კანდიდატის დაკავებას მხარდამჭერების გაღიზიანება მოჰყვა და სიტუაცია დაიძაბა. პოლიციასთან დაპირისპირება საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ რამდენიმე პირი საფესტივალო ტერიტორიიდან "გაიყვანეს".
შსს-ში განაცხადეს, რომ ჯაფარიძე მათ ნებაყოფლობით გაყვა და ერთი შეხედვით ასეც ჩანდა. პოლიციის კორდონით და მედიით გარშემორტყმული საპრეზიდენტო კანდიდატი მშვიდად გაყვა სამართალდამცავებს.
თუმცა, სიტუაცია მალევე დაიძაბა. სადღაც შორიდან გაისმა, რომ ერთ-ერთმა აქტივისტმა სისტემას შეაგინა. სისტემის წარმომადგენლებმა მას მარტივად მიაგნეს და ჯაფარიძესთან ერთად "ბაყაყიც" დააკავეს.
გირჩის 4 ლიდერი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა, მაგრამ ფესტივალი გაგრძელდა. პროტესტის ნიშნად, სამართალდამცავების კედლით გარშემორტყმულმა სტუმრებმა დედაენის ბაღი არ დატოვეს.
მალე ჩაირთო მუსიკაც, მართალია დაბალ ხმაზე და იქვე მდებარე ბარში, მაგრამ მაინც. გიტარით მისულმა სტუმრებმა კი დაკვრა დაიწყეს. ვინაიდან მარიხუანის მოწევა ავტომატურად გულისხმობდა პოლიციის ათკაციანი ჯგუფის თავდასხმას სტუმრებმა თრობის ალტერნატიულ გზას მიაგნეს და ჯოინთების ნაცვლად, ლუდით შეიქციეს თავი.
უკვე დიდი ხანია, რაც ალკოჰოლური სასმელების საჯარო სივრცეში მოხმარება კანონით აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ არავის მისცა მარიხუანის მოხმარების უფლება ამ კანონდარღვევაზე მათ რეაგირება არ ჰქონიათ.
სანამ დედაენის ბაღში "ფესტივალი გრძელდებოდა" გირჩის წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. პარტიაში განაცხადეს, რომ ჯაფარიძე არათუ თავისი ნებით გაყვა პოლიციას, ის გაიტაცეს. პარტიაში ისიც აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. რაც, ცალსახად, სიმართლეა, რადგან აქამდეც არაერთხელ გვინახავს, როგორ ქრება ჯაფარიძე აქციებიდან პოლიციის დახმარებით.
რამდენიმე საათში გირჩის წევრები გაათავისუფლეს. ეტაპობრივად პოლიციის სამმართველო დატოვეს იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და დაკავებულმა მხარდამჭერებმაც. სამმართველო დატოვა ზურა ჯაფარიძემაც.
დაპირისპირების, დაკავებების და ხმაურის ფონზე ვერგამართული ლეგალიზაციის ფესტივალი დასრულდა. ფესტივალზე მყოფმა სტუმრებმა On.ge-სთან ისაუბრეს იმაზე თუ რა მიზნით იმყოფებოდნენ აქციაზე და რას ფიქრობდნენ განვითარებულ მოვლენებზე.
ნახეთ On.ge-ს ლაივი ფესტივალიდან.
კომენტარები