დაფიქრებულხართ ვინ არის ხმელეთზე მცხოვრები ცხოველებიდან ყველაზე ასაკოვანი? ეს ტიტული კუს ერგო და მისი სახელია ჯონათანი. ჯონათანი აშშ-ის 40 პრეზიდენტს მოესწრო და ეს ისე, რომ მათ არსებობაზე წარმოდგენაც არ აქვს.

სეიშელის გიგანტური კუს (Aldabrachelys gigantea hololissa) ზუსტი ასაკი არავინ იცის. ის წმინდა ელენეს კუნძულზე 1882 წელს მოხვდა. როგორც ჩანაწერებშია აღნიშნული, ამ დროისთვის კუ უკვე ზრდასრული იყო და ის ბრიტანეთის წარმომადგენელს, უილიამ გრეი-ვილსონს საჩუქრად გადასცეს.

ამ პერიოდში კუს სიმწიფისთვის უკვე მიეღწია. ვარაუდობენ, რომ ის უკვე მინიმუმ 50 წლის იყო. ამიტომ, ითვლება, რომ კუ 1832 წელს დაიბადა.

ეს ნიშნავს, რომ ჯონათანი წელს, სულ მცირე, 193 წლის გახდება. ამ დროის განმავლობაში, გიგანტური კუ აშშ-ის 40 პრეზიდენტს მოესწრო. დაწყებული ენდრიუ ჯექსონიდან დასრულებული დონალდ ტრამპით.

ჯონათანი პრინცმა ედვარდმაც მოინახულა.

ფოტო: Diana Jarvis

ჯონათანის ვეტერინარის, ჯო ჰოლინსის თქმით, კუს იდეალური მხედველობა და ყნოსვა აღარ აქვს, თუმცა მადა კვლავ შემორჩა.

ვეტერინარმა თქვა, რომ ჯონათანის საყვარელი საკვები კომბოსტო, კიტრი, ვაშლი და ბანანია. ასევე აღსანიშნავია, რომ ასაკის მიუხედავად ჯონათანს კარგი ლიბიდო აქვს და სხვა კუებთან კვლავ წყვილდება ხოლმე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.