აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრს ექიმების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება სურს
ფოტო: Win McNamee/Getty Images
აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტ ფრენსის კენედიმ ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტში ხელოვნური ინტელექტის სრული ინტეგრირება სურს. მისი თქმით, AI-ს ექსპერტების ჩანაცვლება, მონაცემების გაანალიზება და მკურნალობის სტრატეგიების შემუშავება დამოუკიდებლადაც შეუძლია.
კენედიმ აღნიშნა, რომ თუ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ფინანსებისა და კომუნიკაციების სფეროებში შეიძლება, მაშინ ჯანდაცვის მონაცემების ანალიზიც არ უნდა იყოს პრობლემა. მისი აზრით, AI-ს სისტემური დარღვევების დაფიქსირება და ამ მხრივ ადამიანებზე უკეთესი პოლიტიკის წარმოება შეუძლია, ამიტომ, მისი აზრით ჯანდაცვის სფერომ ტექნოლოგიები უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს.
რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი ამერიკელი იურისტი, პოლიტიკოსი და კონსპიროლოგია, რომელიც ცნობილი გახდა მისი უკიდურესად კრიტიკული პოზიციით ვაქცინებისა და ზოგადად ჯანდაცვის სამთავრობო სისტემების მიმართ. იგი წლების განმავლობაში ავრცელებდა არაერთ შემაშფოთებელ და დაუდასტურებელ ინფორმაციას ვაქცინების უსაფრთხოებაზე, რის გამოც ხშირად ანტივაქსერად მოიხსენიებენ.
კენედიმ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატადაც წამოაყენა თავი და დონალდ ტრამპთან მარცხის შემდეგ, 2025 წლის თებერვლიდან აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. მისი გეგმები ჯანდაცვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბურად დანერგვასთან დაკავშირებით მედიკოსებისა და მეცნიერების დიდ შეშფოთებას იწვევს.
როგორც რობერტ კენედი ამბობს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აშშ-ის საკვებისა და წამლის მარეგულირებელ სააგენტოში (FDA) ახალი წამლების დამტკიცების პროცესი შესაძლოა მნიშვნელოვნად დაჩქარდეს. მისი აზრით, ეს ტექნოლოგია მომავალში სრულად ჩაანაცვლებს ცხოველებზე ტესტირების საჭიროებას და ფარმაცევტული პროდუქტების უსაფრთხოების შეფასება მონაცემებზე დაფუძნებული გამოთვლითი სისტემით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა კენედის პირად ინიციატივას არ წარმოადგენს — 2024 წლის აპრილში თავად FDA-მაც გააკეთა მსგავსი განცხადება, რომელშიც დაადასტურა, რომ ცხოველთა ტესტირებაზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად შეამცირებს. ამის ნაცვლად, უპირატესობა მიენიჭება თანამედროვე სიმულაციურ ალგორითმებსა და საერთაშორისო მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობილ ანალიზს.
ამის მიუხედავად, ექსპერტები და თავად FDA-ც ამბობს, რომ ცხოველებზე ტესტირების საჭიროება ჯერ კიდევ არსებობს და მისი სრულად ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება ნაადრევია.
"ამჟამად, კვლევებსა და წამლების შექმნის პროცესში ცხოველებზე ტესტირების სრული ჩანაცვლება შეუძლებელია", — წერს ბიოსამედიცინო კვლევების ეროვნული ასოციაცია აპრილის განცხადებაში.
რობერტ კენედის გეგმაში ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო ნაწილი ვაქცინის გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემის (VAERS) ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებაა. ეს სისტემა მიზნად ისახავს ვაქცინებთან დაკავშირებული იშვიათი რისკების ადრეულ იდენტიფიკაციასა და მათზე რეაგირებას. კენედი უკვე წარსულშიც საუბრობდა მის ავტომატიზაციაზე და ახლა, როგორც ჩანს, რეალური ნაბიჯების გადადგმას აპირებს.
ამ იდეის უკან სერიოზული საფრთხე იმალება. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ VAERS-ის მონაცემებს AI მიკერძოებულად ან ხარვეზიანად შეაფასებს და შედეგად არასწორ დასკვნებს მივიღებთ. ექსპერტები შიშობენ, რომ AI-ს არაპროფესიულმა გამოყენებამ შესაძლოა, საზოგადოებაში ვაქცინების მიმართ უნდობლობა გააძლიეროს, რაც პირდაპირ აისახება ვაქცინების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაზე.
პიტერ მარქსმა FDA-ის ბიოლოგიური პროდუქციის შეფასებისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა რობერტ კენედისთან დაპირისპირების გამო დატოვა.
ფოტო: Greg Nash/The Hill/Bloomberg via Getty; Kevin Dietsch/Getty
"კენედის სიმართლისა და გამჭვირვალობის ნაცვლად, ისეთი კადრები სურს, რომლებიც მის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და ტყუილებს დაიჯერებენ", — განაცხადა FDA-ის ბიოლოგიური პროდუქციის შეფასებისა და კვლევის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დოქტორმა პიტერ მარქსმა.
ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის რთული დასაჯერებელია, რომ არსებული AI სისტემებს იმგვარი ცოდნა და ინტუიცია გააჩნიათ, რაც მათ რთული კლინიკური მდგომარეობების სწორი ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება კონტექსტური გაგება და კულტურული სენსიტიურობა.
როგორც ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი მიდგომა ჯანდაცვის პოლიტიკასა და მედიცინაში ნამდვილად პერსპექტიულია, მაგრამ ამ ტექნოლოგიების შექმნის, შემოწმებისა და დანერგვისას სიფრთხილე გვმართებს. 2024 წელს ჩატარდა კვლევა მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ მიკერძოება, კონფიდენციალურობის პრობლემები, იურიდიული გამოწვევები და მომხმარებლის მანიპულირება კვლავაც ძირითად პრობლემებად რჩება.
კენედის ინიციატივის შემდეგ, საზოგადოებამ გაიხსენა 2025 წლის მაისში Make America Healthy Again Commission-ის მიერ სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ანგარიში, რომელიც არარსებულ კვლევებზე დაყრდნობით მოყვანილ მცდარ ციტატებს შეიცავდა. ცინიკურია, რომ ამ კომისიას რობერტ ფრენსის კენედი ხელმძღვანელობს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ სამედიცინო დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წარმატებული მაგალითებიც არსებობს და AI-ს უკვე შეუძლია დაავადებების დიაგნოსტიკა, გამოსახულების ამოცნობა, ან თუნდაც სიმსივნეების პროგნოზირება, მაგრამ ამ სფეროებში ტექნოლოგიები უფრო დამხმარის როლს თამაშობს, ვიდრე შემსრულებლის.
კენედის იდეა უფრო შორს მიდის და იგი არა დახმარებაზე, არამედ სრულ ჩანაცვლებაზე საუბრობს, მაგრამ სანამ AI ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, სერიოზული რისკი არსებობს, რომ სრული ჩანაცვლება არა პროგრესს, არამედ უკუსვლას გამოიწვევს.
აღნიშნული ინიციატივა გლობალურად მიმდინარე დებატს ეხმიანება და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს კითხვაზე, თუ სად გადის ზღვარი ადამიანურ და ხელოვნურ ინტელექტს შორის? მართალია შეცდომის დაშვება ორივეს შეუძლია, მაგრამ თუ სპეციალისტი თავადვე აგებს პასუხს, მაშინ ვის ეკისრება ხელოვნური ინტელექტის ხარვეზებზე პასუხისმგებლობა — პროგრამისტს, ბიზნესს თუ თავად რობერტ ფრენსის კენედის?
მართალია კენედის განცხადებას პოპულისტური ელფერი დაკრავდა, მაგრამ მომავლის ჯანდაცვაში AI-ს ინტეგრირება საკმაოდ რეალური პერსპექტივაა, ამიტომ კარგი იქნება თუ დღესვე დავიწყებთ იმაზე ფიქრს თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ რობოტს და ვინ უნდა გააკონტროლოს იგი.




კომენტარები