კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში, წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. დღეს, 2 ოქტომბერს ახალი ჰიდროელექტროსადგური, ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში შევიდა და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო.

ბოდორნაჰესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ, GGU-ს აღმასრულებელ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად გახსნეს.

ჰესის გახსნის ცერემონიალს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, დუშეთის გამგებელი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ენერგეტიკისა და ეკონომიკის ექსპერტები და ავსტრიული კომპანია GUGLER-ის ტექნიკური დირექტორი ესწრებოდნენ.

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, ბოდორნაჰესის, დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. ე.წ მწვანე ჰესის მშენებლობისთვის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიამ ჰესის მშენებლობა ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით დააფინანსა.

ბოდორნაჰესში დამონტაჟებული ელექტრო-მექანიკურ ტურბინები და გენერატორი წარმოებულილია ავსტრიული კომპანია GUGLER-ის მიერ, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. ჰესის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ქართულმა კომპანიებმა - პირამიდამ და საქ. წყალ პროექტმა განახორციელეს. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Stucky SA ზედამხედველობდა.

ბოდორნაჰესი მნიშვნელოვანია რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისთაც - ჰესის მშენებლობისას და ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კომპანიამ 50 ადამიანზე მეტი დაასაქმა.

მსგავსი ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ენერგოსექტორის განვითარებისთვის.