ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისის გაქურდვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში ნასამართლევი, ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავა. შსს-ს განცხადებაში წერია, რომ დაკავებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარტიის ოფისიდან ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოფისი გუშინ, 18 აგვისტოს გაქურდეს.

შსს-ში ამბობენ, რომ ნაქურდალი ნივთები ლომბარდიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.