სირიის პრეზიდენტი, შესაძლოა, ცხინვალის რეგიონში ჩავიდეს. ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სეპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სამხრეთ ოსეთის ხალხის სახელით მოვიწვიე ჩემი სირიელი კოლეგა. მან მიიღო მოწვევა და მისთვის ხელსაყრელ დროს ჩამოვა იმის გათვალისწინებით, თუ რა სიტუაცია იქნება სირიაში", - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, დამასკოში მზად არიან, რომ ოკუპირებულ ცხინვალსა და სირიას შორის ურთიერთობები გაღრმავდეს.

რამდენიმე დღის წინ ანატოლი ბიბილოვი სირიაში გაემგზავრა, სადაც ბაშარ ასადს შეხვდა. დე ფაქტო უწყების განმარტებით, ბიბილოვმა ტერორიზმთან ბრძოლაში ასადს მხარდაჭერა აღუთქვა. ბიბილოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ სირიისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებში შედის.

შეხვედრის ბოლოს ასადმა და ბიბილოვმა ხელი მოაწერეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და სირიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. მადლიერების ნიშნად ანატოლი ბიბილოვმა ასადი ცხინვალის რეგიონის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი, "უაცამონგის" ორდენით დააჯილდოვა. თავის მხრივ, ასადმა ბიბილოვს სირიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადასცა.