წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებელს მე-19 გამოშვებას სთავაზობს. ახალი ევროპული და აზიური ფილმები, ქართული პანორამა, ანიმაციის ლაბორატორია, მოწვეული სტუმრები და საინტერესო შეხვედრები, ინდუსტრიული დღეები უორქშოფებითა და მასტერკლასებით - ეს ყველაფერი 3-9 დეკემბრის ჩათვლით თბილისის კინოთეატრებში გაიმართება.

მანამ, სანამ ფესტივალის პროგრამის კოორდინატორები პროგრამებში მონაწილე ფილმების შერჩევასა და მოძიებაზე ზრუნავენ, ორი ახალი ამბავი გვაქვს, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა იტალია. იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, მე-19 კინოფესტივალზე მაყურებელი ბოლო პერიოდის იტალიური კინოს გამორჩეულ, აღიარებულ ნამუშევრებს ნახავს.

ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ფესტივალის ერთ-ერთი პროგრამა ამ ქვეყნების კინემატოგრაფს დაეთმობა. პროგრამაში "ბალტიისპირეთი-100" ნაჩვენები იქნება უახლესი ლიტვური, ლატვიური და ესტონური ფილმები. პროგრამის განხორციელებაში კი ფესტივალს სამივე ქვეყნის საელჩოები და კინოცენტრები ეხმარებიან.