შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა გამთენიისას, თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1984 წელს დაბადებულ პირს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მახლობლად შენიშნეს. მას სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ექიმებისგან ინფორმაცია მიიღეს, რომ ბრალდებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, იგი დაუყოვნებლივ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.