#ნუმომკლავ აქციის ორგანიზატორი, ზვიად კუპრავა 14-დღიან პატიმრობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. კუპრავას ადვოკატმა, ლევან დავითაიამ სააპელაციო საჩივარი უკვე შეიტანა.

ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, გარდა დამკავებელი პოლიციელის განმარტებისა.

"ეს არის ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელიც არის ჩამოყალიბებული მსგავსი ტიპის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში, რომ ერთი მოწმის განმარტების საფუძველზე არ შეიძლება პირი იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი", - განაცხადა ადვოკატმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

11 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ აქციაზე პოლიციამ 4 პირი დააკავა, მათ შორის იყო ზვიად კუპრავაც. ოთხივე მათგანს პოლიციამ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს.