ParaShoot - სოციალურ თემებზე მოკლე ფილმების მარათონი დასრულდა
"გონება პარაშუტივითაა, არ მუშაობს თუ არ გახსნი!" - თბილისში მოკლე ფილმების მარათონი ParaShoot დასრულდა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენას.
ParaShoot-ში მონაწილეობას მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარმა 20 გუნდმა მიიღო. მათ 72 საათი ჰქონდათ იმისათვის, რათა დაეგეგმათ, გადაეღოთ და დაემონტაჟებინათ მოკლე ფილმი სოციალურ თემაზე და ასევე ჰქონდათ ამბიცია, რომ მათი ნამუშევრის შედეგად სულ ცოტა ერთი პარაშუტი მაინც გაიხსნება.
“სტუდენტები ვართ და დიდი გამოცდილება არ გვაქვს ამ სფეროში, ამიტომ ამ პროექტში შედგება ჩვენი პირველი სერიოზული ნამუშევარი. ოთხივე თემა ძალიან საინტერესო იყო, ნამდვილად საზოგადოების მწვავე პრობლემებზეა გამახვილებული ყურადღება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ფილმის დახმარებით რაც შეიძლება მეტი პარაშუტის, ანუ გონების გახსნას შევძლებთ“ ამბობენ მარათონის მონაწილეები, ნინო და მინდია გაბაძეები
მარათონს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ატარებს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მიზანი ბევრი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალის ერთმანეთთან დაკავშირება და ამ გზით სოციალურ თემებზე დიალოგისა და დისკუსიის კიდევ უფრო გააქტიურებაა.
„ეს გამოწვევა, სახელად პარაშუტი პირველ რიგში იმისთვის ტარდება, რომ აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები ფილმის ინდუსტრიაში. ასევე იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიცნონ ახალი, გამორჩეული სახეები და რაც ყველაზე მთავარია, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სოციალურ ცვლილებებს ფილმების საშუალებით.“ -აცხადებს დანიელა ტრანი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი
„პარაშუტში მონაწილეობენ როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული კინოს, სარეკლამო სფეროს პროფესიონალები, დამწყები რეჟისორები, ადამიანები, რომლებიც იღებენ პროფესიონალური აპარატურით, დრონით, ან მხოლოდ მობილურ ტელეფონის გამოყენებით. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ყველასთვის მეტნაკლებად საერთოა, გვეჩვენებინა ბევრი განხვავებული პოზიცია, მრავალფეროვანი ხედვა და ჩვენი პროექტის ფარგლებში შექმნილიყო ისეთი ფილმები, რომლებიც მართლაც „გახსნიან გონებას“ - ამბობს დემოკრატიის ლაბორატორიის დამფუძნებელი, ნინიკო ბოჯგუა.
დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ეკოლოგია, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება - ეს ის 4 თემაა, რაზეც მარათონის მონაწილეები იმუშავებენ. გადაღების დაწყებამდე მათ კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან გაიარეს.
„დისკრიმინაცია, შეზღურული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, მდგრადი ტრანსპორტის განვითარება ქალაქების მასშტაბში - ეს ის თემებია, რაზეც გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ სრულიად ახლებურად დაგვანახვებენ „პარაშუტის“ მონაწილეები ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს“ - ამბობს გაეროს კომუნიკაციების ანალიტიკოსი, სოფო ჭიჭინაძე
ჟიური გამარჯვებულ ფილმებს ორ კატეგორიაში შეარჩევს: პროფესიონალები და მოყვარულები. ჟიურის წევრები არიან რეჟისორი და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ნანა ექვთიმიშვილი, თამთა გაბრიჩიძე, რომლის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „სოვდაგარი“ სანდენსის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა და სააგენტო „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი - გიორგი ავალიანი.
“საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, და გარდა იმისა, რომ „პარაშუტი” საკმაოდ სახალისო მარათონია, მგონია, რომ სწორედ ასეთი პროექტები აძლევენ ადამიანებს საკუთარი ძალების მოსინჯვასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ბიძგს. როცა ბევრი ფიქრის დრო არ გაქვს, ეს რაღაცით კარგიც არის. გარკვეულმა ექტრემალურმა პირობებმა და დროის შეზღუდულმა საზღვრებმა შესაძლოა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საზღვრები გახსნას. მჯერა, რომ ასეც იქნება, და რომ მაყურებელი ამ ნამუშევრებით ნამდვილად ისიამოვნებს!”- ამბობს ნანა ექვთიმიშვილი
ParaShoot-ის ფარგლებში მარათონის მონაწილეთათვის მასტერკლასი გამართა სოციალურმა აქტივისტმა კინოს სფეროში ლინა სრივასტავამ. ლინამ სოციალური ინოვაციის სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა მრავალი დოკუმენტური ფილმისთვის, მათ შორისაა ოსკარის მფლობელი Born into Brothels, ემიზე ნომინირებული The Devil Came on Horseback, ასევე ოსკარის მფლობელი Inocente და სანდენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი Who Is Dayani Cristal?
გამარჯვებული 12 ივნისს, კინოთეატრ ამირანში ფილმების ღია ჩვენებაზე დასახელდება. პროექტის პარტნიორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით (3,000 ლარი), იმისთვის, რომ მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება საუკეთესო ფილმების ღია ჩვენება.
ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა.
კომენტარები