თუ ზაფხულის მოსვლა ნაყინის გამო გიხარიათ, მაშინ "მადოს" აუცილებლად უნდა ეწვიოთ
ზაფხულის გრძელსა და მზიან დღეებს შეუძლიათ, სულ სხვა თვალით დაგვანახონ ცხოვრება. არჩევანიც დიდია: თუ გინდა პარკში გაისეირნებ და მუსიკას მოუსმენ, ან მეგობრებთან ერთად წახვალ პიკნიკზე და მზეს მიეფიცხები, ან სულაც, ღია კაფეში ჩამოჯდები და სუფთა ჰაერზე შეჭამ ნაყინს. თითოეული მათგანი თანაბრად სასიამოვნოა, მაგრამ ზაფხულიდან ზაფხულამდე ბევრი რამ იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი ადგილები ყოველთვის თავიდან გვაქვს საძებნელი. ჩნდება კითხვები: დღეს სად წავიდე? სად აქვთ საუკეთესო მენიუ და მომსახურება? მოსახერხებელი სკამები? საუკეთესო გამარგილებელი სასმელები და გემრიელი ნაყინი?
რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ საგონებელში ვიყავი, როცა ინსტაგრამზე მადისაღმძვრელი ნაყინი ამომიხტა, რომელიც სოციალური ქსელების ვარსკვლავს, ბახვა ბრეგაძეს ეჭირა ხელში. ფოტოზე მინაწერი იყო, თუ ვინმე მეძებთ, მთელი ზაფხული მადოში ვიქნები და აქ მომძებნეთო. როგორც წესი, სკეპტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ვინაიდან ყველაზე ჩვეულებრივი ნაყინიც კი უნაყინობას ჯობია, გადავწყვიტე, შანსი მიმეცა. რა შეიძლებოდა მქონოდა საწინააღმდეგო, თუკი თბილისის ქუჩებში კიდევ ერთ ახალ და გამორჩეულ კაფეს აღმოვაჩენდი?
თავიდან ვფიქრობდი, მარტო წავალ-მეთქი, მაგრამ ეგოისტი ხომ არ ვარ? კარგმა ადამიანმა ახალი აღმოჩენები მარტომ არ უნდა გააკეთოს. ჩემს მეგობარს მივწერე, ნაყინი ხომ არ გვეჭამა-მეთქი? იმანაც, თითქოს ზუსტად ამ მონაწერს ელოდებოდა მთელი დღე, მიპასუხა, შესვენებაზე გამოვალო. მოკლედ, დავირაზმეთ და შუადღის სამი საათისთვის, როცა მზე განსაკუთრებული მონდომებით ახურებდა ქალაქის ასფალტს, მადოში შევედით.
ჩვენ რომ უბრალოდ სანაყინე გვეგონა, კარის ზღურბლზე გადასვლისთანავე ბევრად უფრო საინტერესო ადგილი აღმოჩნდა. მადოში ნაყინი მხოლოდ ერთი ნაწილია, არ გეგონოთ, რომ უბრალოდ რამდენიმე ბურთულას აიღებთ და ეგ იქნება. მაშინვე მივხვდით, რომ წინ ნამდვილი თავგადასავალი გველოდებოდა.
"მგონი, აქედან სამსახურში მიბრუნება გამიჭირდებაო", - გულწრფელად მითხრა მეგობარმა და მეც ღიმილით დავეთანხმე.
მადოში შესვლისთანავე დაგხვდებათ ტკბილეულობის ორი დახლი - მარცხენა მხარეს ნაყინების სექციაა, მარჯვენა მხარეს კი - დესერტების. ძვირფასო მკითხველო, რას აღარ ნახავ აქ - ხილის ყველა სახეობის ნაყინს, თანაც არაორდინალურ ფორმებში წარმოდგენილს, პატარა გინდა თუ დიდი, თავად გადაწყვიტე. მარჯვენა დახლისკენ გახედვა ცალკე სულიერი გამოცდაა და ამიტომ გირჩევთ, ხელფასი თუ ახალი აღებული გაქვთ, ნუ შეხვალთ, თორემ, შესაძლოა, სწრაფი სესხებით მოგიწიოთ მთელი თვის გატანა.
სიცხისგან დეჰიდრატაცია რომ არ დაგვმართნოდა, მე და ჩემმა მეგობარმა, პირველ რიგში, ცივი სასმელის შეკვეთა გადავწყვიტეთ. იმ წუთას ვიფიქრე, რომ ასეთ ფართო არჩევანს, ისევ ჯობია მენიუში უბრალოდ ლიმონათი ეწეროს-მეთქი. ბოლოს, ანასტასიამ კენკრის ცივი ჩაი შეუკვეთა, მე კი გრინველი, რომელიც ტარხუნის, კიტრისა და ლიმნის ნარევს წარმოადგენს და დეტოქს კოქტეილადაც გამოდგება. სანამ შეკვეთა მზადდებოდა, მიმტანს რამდენიმე კითხვა დავუსვით. ისიც დიდი მონდომებით ჩაერთო ჩვენთან საუბარში. პირველ რიგში ის მაინტერესებდა, საიდან მოიყარა თავი ერთ ადგილას ამდენმა გემრიელობამ.
ჩემთვისაც მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ ბრენდ მადოს უზარმაზარი ისტორია ჰქონია. თურქული კომპანია 1850 წლიდან არსებობს და 350-მდე ფილიალს აერთიანებს. როგორც ხდება ხოლმე, თავდაპირველად მადო ყოველგვარი ტექნოლოგიების გარეშე განსაკუთრებული სიყვარულით მომზადებულ ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს პატარა ადგილობრივ სანაყინეში, მოგვიანებით კი ბიზნესი გაფართოვდა, დაინერგა ინოვაციური ტექნოლოგიები და მადოს ნაყინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა შეიყვარეს.
ისტორიის მოსმენის შემდეგ იმის დროც დადგა, რომ საუკუნეების მიერ გამოცდილი დესერტი პირადადაც შემეფასებინა, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩემმა მეგობარმა განაცხადა, მშია და სანამ ნაყინებზე გადავიდოდეთ, იქნებ რამე უფრო ნოყიერისთვის მიგვეცა შანსიო.
ვაჰ, კიდევ ერთი თავსატეხი. მიმტანმა გვირჩია, კუნეფე გასინჯეთო, პატარაა, მაგრამ შეიძლება ბოლომდე ვერც გაუმკლავდეთო. დავუჯერეთ და რამდენიმე წუთში ჩვენს მაგიდაზე მრგვალი, მართლაც პატარა და გამომწვევად წარმოდგენილი კერძი იწონებდა თავს.
კუნეფეს გემოს გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ მაინც ვეცდები: წარმოიდგინეთ ყველიანი ნამცხვარი, რომელიც უგემრიელესი სიროპითაა გაჟღენთილი, იწელება და პირში დნება. ჩვენი ცივი კოქტეილები ნელ-ნელა გამოვწურეთ და ერთმანეთს ისე გადავხედეთ, ცხადი იყო, რომ ნაყინის სტენდს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა ჩვენი სახით.
28 სახეობის ნაყინიდან არჩევანის გაკეთება მარტივი არ აღმოჩნდა, ამას დავუმატოთ ნაყინის დესერტებიც. ასე იყო თუ ისე, ორი დესერტი შევარჩიეთ - ფონდუ და ხელმწიფის ნავი. ფონდუ ნაღების ნაყინით, შოკოლადის მუსის ნამცხვრით, სეზონური ხილითა და უგემრიელესი შოკოლადის სოუსით მზადდება. ხელმწიფის ნავი კი ფორთოხლის, ლიმონისა და ხილის მიქსის ნაყინის ფენებისგან შედგება და კორნეტოს ნაჭრებითაა გაფორმებული. მსუნაგობას ნუ დაგვწამებთ და ერთი გრამიც არ დაგვიტოვებია თეფშზე და თუ გგონიათ, რომ თქვენ დატოვებდით, ამაში საფუძვლიანად მეპარება ეჭვი.
მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს ურცხვად ვუყურებდით და ვფიქრობდით, კიდევ რა გაგვესინჯა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ცივი ყავით უნდა დაგვესრულებინა ჩვენი ლაშქრობა ქვეყანაში ყველაზე დიდ გემრიელობებთან.
წამოსვლამდე ამ სასწაულების მთავარი შემოქმედი, მადოს მხიარული მენაყინეც გავიცანით, რომელმაც პირად საუბარში გვითხრა, ნაყინი სამყაროში ყველაზე კეთილშობილი მოვლენააო. ვინ შეეწინააღმდეგებით? არსებობს ბავშვი, ვისაც ნაყინის ურიკის ან სანაყინის ქონაზე არ უფიქრია?
მთლიან კმაყოფილებასა და ემოციებს ერთი ტექსტი ვერაფრით დაიტევს და ვიცი, ძალიან გამიჭირდება, რომ ამ ზაფხულს მადოს ნაყინის ცდუნებას გავუძლო. თქვენ კი, თუ მაინც ყოყმანობთ, მარტოდმარტო დაგტოვებთ მადოს Facebook გვერდთან და მის მადისაღმძვრელ სურათებთან. ვნახოთ, ვინ შეძლებს ამ ზაფხულს ფიგურაზე ზრუნვას.
ფაქტია, რომ თუ ნაყინი და ტკბილეულობა ისე გიყვართ, როგორც ადამიანს უნდა უყვარდეს, პუშკინის 7 ნომერში შევლა რამე დროს აუცილებლად მოგიწევთ.
კომენტარები