არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და საბაჟო მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პირველად იმართება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორი ქვეყნის დიპლომატების პირისპირ მოლაპარაკება პრაღაში იწყება.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამ მოლაპარაკებებს ქართული მხარე სწორედ ტატუნაშვილის საკითხის განხილვით დაიწყებს, ასევე შეხვედრაზე ისაუბრებენ საბაჟო მონიტორინგის შეთანხმებაზე, რომლის დეტალებიც დასაზუსტებელია.

ზურა აბაშიძის თქმით, გაურკვეველია, ექნება თუ არა ქართულ მხარეს რეალური ბერკეტი, აკონტროლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოძრავი ტვირთები. ასევე გასარკვევია, ნიშნავს თუ არა ეს შეთანხმება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს სატრანზიტო დანიშნულებით გამოიყენებენ.

საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმება

რუსეთმა, საბაჟო მონიტორიგის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერის სანაცვლოდ 2011 მოაწერა ხელი.

ეს ერთადერთი დოკუმენტია, სადაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამ შეთანხმებით განსაზღვრულია რუსეთ-საქართველოს სავაჭრო კორიდორები, რომლებიც ნეიტრალურმა მონიტორებმა უნდა გააკონტროლონ.

საქართველოს მთავრობამ შვეიცარულ კერძო კომპანიასთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას გასული წლის დეკემბერში მოაწერა ხელი.

19 დეკემბერს, ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, ქართულ მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი გაიმართა.

შედეგად ხელი მოეწერა კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს "საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ" საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.

კონტრაქტის ასამოქმედებლად ქართული მხარე რუსეთისგან ხელის მოწერას ელოდებოდა. როგორც ზურა აბაშიძემ 1TV.ge-ს დაუდასტურა რუსულმა მხარემ საბაჟო მონიტორინგის და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა.