ილია ჭავჭავაძის პასუხი ქართული მარშის წევრებს, მმკ-სა და სხვა ხარაბუზა ღენერლებს
ადამიანს თუკი რამე უბედურება შეიძლება დაატყდეს თავს, ფიქრისა და განსჯის უნარის დაკარგვაა. არა, მშვენივრად მესმის, რომ ამაში დამნაშავე არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი ჩვენი განათლების სისტემაა, თუმცა მწამს და მჯერა, რომ თქვენში, ისევე როგორც ჩემში, მეამბოხე სული სადღაც კუნჭულებში მაინც არსებობს და მზად იქნებით, ისეთ საკულტო ფიგურას როგორიც ილია ჭავჭავაძეა, ოდნავ მოჭუტული თვალებით შეხედოთ და მისი მოღვაწეობის გადააზრება ჩემთან ერთად სცადოთ.
იმასაც მოგახსენებთ, რატომ არის ეს აუცილებელი. საბჭოთა კავშირის დაშლამ და თავისუფლების უკიდეგანო ზღვაში ცურვამ არაერთ ტალღას შეგვაჯახა და ჩვენც, როგორც ყველა პატარა ბავშვი პირველი ნაბიჯების გადადგმისას, უამრავჯერ წაგვაქცია. ამ ხანგრძლივ პროცესში იმდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული, მათ ჩამოთვლას ისევ ზღვაში ქვიშისა და ცაზე ვარსკვლავების დათვლას ვამჯობინებდი, მაგრამ ეს იქით იყოს. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ვნებებმა საქართველოს მიმართ და მეორე მხრივ, ჩვენმა გამოუცდელობამ და ხანდახან (თუ უმეტესად არა) განსაკუთრებულობის შეგრძნებამ, იქამდე მიგვიყვანა, რომ უდაბნოში უკომპასოდ დარჩენილ მგზავრს დავემსგავსეთ. საით მივდივართ და რამხელა ნაბიჯებით, ჯერ კიდევ არ ვიცით და შესაბამისად, იმაზეც მცირე წარმოდგენა გვაქვს, კიდევ რამხელა გზა გვაქვს დარჩენილი საბოლოო დანიშნულების წერტილამდე.
ამ გაურკვევლობამ და სოციალურმა კოგნიტურმა აშლილობამ იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ეროვნული კონსოლიდაციისთვისა და ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, ისტორიული ფიგურების ფალსიფიცირებული სახეების შექმნა იყო საჭირო. მართალია, ეს ტრადიცია საბჭოთა კავშირიდან მოგვყვება, მაგრამ მაინც წარმოვიდგენ, როგორ დასხდნენ გადაწყვეტილების მიმღები ვიღაც პირები ჭკვიანი სახეებით და გადაწყვიტეს, რომ ჩვენი შვილები ჰეროიკული გმირებისა და ავტორიტეტების მაგალითზე უნდა გავზარდოთ. კიდევ უფრო მეტად რომ დავწვრილმანდეთ, ჩვენი წარსულის შემოქმედი ადამიანების გაფეტიშება და მათზე იმ თვისებების მიწერა, რომელიც მხოლოდ ქარხნული პროდუქტის აღზრდას უწყობს ხელს, ეროვნული თვითმიზანი გახდა. ამ არჩევანმა კი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული აზროვნების დეფიციტამდე მიგვიყვანა. თუ ჩემი არ გჯერათ, მოიძიეთ სტატისტიკა, რამდენი სკოლის მოსწავლეს აქვს უნარი წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის და თავად დარწმუნდებით.
საკულტო ფიგურების ჰეროიკულ და საკრალურ ძეგლებად ჩამოყალიბებამ შექმნა რეალობა, რომელშიც ადამიანები აღარ სვამენ კითხვებს და სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია გახდა ერთადერთი სარწმუნო წყარო, რომელიც გადამოწმებას აღარ საჭიროებს. გვეუბნებიან, მაშასადმე სიმართლეა. სწორედ ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლია ილია ჭავჭავაძეც და თუ აქამდე არასდროს გიფიქრიათ მასზე, გეტყვით, რომ - რასაც გეუბნებოდნენ, გატყუებდნენ.
ვინ არის ილია ჭავჭავაძე სინამდვილეში?
ყველაზე პრიმიტიული გაგებით, ილია ჭავჭავაძე, პირველ რიგში, უდიპლომო სასიძო იყო, თუმცა მასზე განათლებული და დიდი მოაზროვნე საქართველოს ისტორიაში ძნელად სანახავია. მეც ხოტბის შესხმით დავიწყე, თუმცა არსებობს ერთი განსხვავება და ეს განსხვავება არის მთავარი, რაზეც ამ სტატიაში უნდა ვისაუბროთ.
ილია ჭავჭავაძე მართლაც უდიდესი მოვლენაა ქართული პოლიტიკურ-სოციალურ-ლიტერატურულ-პუბლიცისტურ რეალობაში. მისი ნამუშევრები განსაკუთრებით ყურადსაღებია და აუცილებელია მისი სწორად გადააზრება. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა და ეკლესია უდიდეს შეცდომას უშვებს, როცა ილია ჭავჭავაძის მისაკუთრებასა და საკრალიზებას ახდენს. მათი მიზანი, როგორც უკვე ვთქვი, სხვადასხვა ისტორიული ფიგურებისგან ჰეროიკული გმირების შექმნაა და ამ მიზნის მსახურებაში ვკარგავთ ყველაზე მთავარს - გააზრების უნარს. პირველი, ვისაც ეს ეწყინებოდა, სწორედ ილია ჭავჭავაძეა.
მართლმადიდებლური ეკლესია, ქართული მარშის წევრები და სხვა კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები ილია ჭავჭავაძეს წარმოგვიდგენენ, როგორც ერის მამას, ყველაფერი ეროვნულის მხარდამჭერსა და უსიტყვოდ მქადაგებელს. ისინი აგრესიულად ცდილობენ მიისაკუთრონ ილია ჭავჭავაძის ფიგურალური სახე და ხატებსა თუ დროშებზე მისი მრგვალი სახის გამოსახვით, მკაფიო მესიჯს გვიგზავიან, რომ ილია ჭავჭავაძე არის და ყოველთვის იყო ნაციონალური ღირებულებების ტრეგერი ქართულ საზოგადოებაში. მათი წარმოდგენით, ეს ნიშნავს, რომ ილიას მოღვაწეობის ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია მკრეხელობაა და გმობისთვის განწირული.
ვერსად, მათ შორის სკოლაში, ვერ მოისმენთ ილია ჭავჭავაძის განსხვავებულ პროფილზე მსჯელობას. ის, რომ ილიას საქართველო უყვარდა, ისეთივე მარტივი ცნებაა, როგორც ზამთარში ცივა. თუმცა, ზამთარში ყველგან არ ცივა და არც თოვლი მოდის ყველგან. კარგად დაფიქრდით და გაიხსენეთ, რამდენ თქვენგანს გაგიგიათ სკოლაში ან ეკლესიაში, რომ ილია ჭავჭავაძე დიდი ეკონომიკური მოაზროვნე იყო? რამდენ თქვენგანთან უსაუბრია მასწავლებელსა თუ მოძღვარს, რომ ილია ქართული ტრადიციების უმეტესობას ღიად გმობდა? რამდენმა თქვენგანმა იცით ილიას სოციალურ-პოლიტიკური კონცეფციები?
ეჭვი მაქვს, ძალიან ცოტამ.
ილია, როგორც უმცირესობის წევრი
ერთგვარი ირონიაა, რომ ოცდამეერთე საუკუნის ქართული საზოგადოების "ხარაბუზა ღენერლები" უმცირესობებსა და განსხვავებულ აზრს ანტიეროვნულად მოიხსენიებენ და მათ უმრავლესობას ჩაქოლვითა და გადაშენებით ემუქრებიან. არადა, ამ "ხარაბუზა ღენერლებს" მცირე წარმოდგენა მაინც რომ ჰქონდეთ ილიას ცხოვრების შესახებ და მას სწორად იაზრებდნენ, ეჭვი მაქვს, სხვანაირად იფიქრებდნენ ან უბრალოდ, ილიას სახელს აღარ დაიფიცებდნენ.
პირველი ვარიანტი, ცალსახად უფრო სასურველია.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ინტელიგენცია და თავადაზნაურობა უკვე კარგა ხნის შეგუებული იყო მონობას და დამოუკიდებლობაზე ფიქრი ლიტერატურის რომანტიკულ მიმდინარეობაში ტრანსფორმირდა. გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე და სხვები ისხდნენ და ერთის მხრივ რუსული ჩინებით შემოსილნი, მეორე მხრივ თამარ მეფის სახესა და გოგჩაზე მომტირალნი, საქართველოს ბედ-იღბალზე ფიქრში მელანს ცრიდნენ.
სწორედ ამ დროს, პეტერბურგიდან საქართველოში ბრუნდება სასწავლებლად წასული ილია ჭავჭავაძე და იმ დროისთვის ყოვლად წარმოუდგენელ საქმიანობას, ლიბერალური აზროვნებისა და იდეების დამკვიდრებას იწყებს. მისი პირველივე გამოჩენა იმდენად ხმაურიანი იყო, რომ "მამათა თაობამ", ისევე როგორც დღევანდელმა ანტიპროგრესივისტებმა და ე.წ. "კონსევატორებმა", ქვების სროლა დაიწყეს.
"მამათა და შვილთა" ბრძოლის ამბებს დეტალურად აღარ მოგიყვებით. სჯობს, მიზეზებსა და შედეგებზე ვისაუბროთ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს ბრძოლა არა პიროვნებებს შორის, არამედ იდეებს შორის მიმდინარეობდა. ამ გადამწყვეტ პაექრობაში კი, ილია და მისი თანამოაზრეები ისეთივე უმცირესობას წარმოადგენდნენ, როგორიც დღეს არაერთი გვყავს ქვეყანაში.
ამის ნათელი დადასტურებაა "კაცია-ადამიანის?!" შესავალში დაწერილი სიტყვები:
დაპირისპირების მიზეზი იყო თერგდალეულობის რეფორმატორული ხასიათი, ცვლილებებისკენ მიდრეკილება და ყველა მიმართულებით კრიტიკული შეფასებები. ამის გამო, ილია და მისი თანამოაზრეები უამრავი დამამცირებელი ეპითეტებით შეამკო გრიგოლ ორბელიანმა.
სხვათაშორის, ამ დაპირისპირების ბოლო ის იყო, რომ მამათა თაობა უფრო გადმოიხარა შვილებისკენ, ვიდრე პირიქით. ორბელიანმა ისიც ირწმუნა, რომ ხალხში განათლების გავრცელებას დიდი აზრი ჰქონდა და ილიასთან და სხვა მოაზრეებთან ერთად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც ჩამოაყალიბა. მეტსაც გეტყვით, თავად გახდათ თავჯდომარე.
ილია, როგორც თავისუფლების მქადაგებელი
ილია ჭავჭავაძეს, იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც მისაკუთრებას ასე მონდომებით ცდილობს, ერთი დიდი ღირსება კიდევ ჰქონდა - ის თავისუფლების მოტრფიალე იყო. ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება, რომელიც ილიას ოდესმე დაუწერია, თავისუფლების დასავლური გაგების გადამღერება იყო. მისი წარმოდგენა თავისუფლების შესახებ 12-13 მაისს პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების ღირებულებებს უფრო მეტად შეესაბამება, ვიდრე იქვე კონტრაქციაზე მოსულ მანიპულატორსა და ამ მანიპულაციის მსხვერპლს.
ილია ჭავჭავაძე თავისუფლებას განიხილავდა, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგების უცილობელ პირობას.
გახსოვთ ალბათ, 13 მაისის კონტრაქციაზე მოსული ადამიანები ცდილობდნენ დაერბიათ და ჩაეშალათ პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. ეს რომ ასე მომხდარიყო, დაიღვეოდა კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ (პრინციპში, დაირღვა კიდეც). არადა, დემოკრატიულ და განვითარებულ საზოგადოებაში კანონი უზენაესია და ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს მას. კანონის მიზანია, დაიცვას ერთი ადამიანი მეორეს ძალადობისგან და მოსალოდნელი ზიანისგან.
ილია ჭავჭავაძეც ასე ფიქრობდა და წერდა:
აქვე მოვიყვან ილია ჭავჭავაძის შეხედულებას სახელმწიფოს როლის შესახებ. მისი აზრით, სახელმწიფო უნდა იყოს ლოკისეული მოდელის სახე და მისი უფლება-მოვალეობები მკაცრად უნდა განისაზღვროს. აი, რას წერს ის:
ილია კერძო საკუთრების, მიწის გაყიდვისა და ეკონომიკის შესახებ
ილია ჭავჭავაძეს ღრმა ეკონომიკური ცოდნა ჰქონდა. მე-19 საუკუნის ყველა გამოჩენილი განმანათლებლის მსგავსად, მასაც მიაჩნდა, რომ ქვეყნისა და ერის წარმატების მთავარი ფორმულა ეკონომიკური განვითარება იყო. ილია ჭავჭავაძის აზრით, ეკონომიკა იყო ერის პირველი საზრუნავი და როცა კი ამ საკითხს მოევლებოდა, მხოლოდ მაშინ გაჩნდებოდა რეალური პერსპექტივა წინსვლისთვის.
საინტერესოა ის, თუ როგორ ხედავდა ილია ჭავჭავაძე ეკონომიკური განვითარების გზებს. ახალი არავისთვის იქნება, რომ ილია კერძო საკუთრების იდეის უპირობო დამცველი იყო და მიაჩნდა, რომ ყველაფერი რაც განკერძოებულია, უფრო დიდ სიკეთეს ქმნის, ვიდრე საზოგადო საკუთრებაში მყოფი. ამ საკითხზე მას არაერთ ნაშრომში უმსჯელია. გავიხსენოთ მისი წერილი "ცხოვრება და კანონი", სადაც ის წერს, რომ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.
"ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს", - ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და კანონი
ვისაც უფრო დეტალურად გსურთ ილიას აზრებზე წარმოდგენის შექმნა, გირჩევთ ეს წერილი ყურადღებით წაიკითხოთ. ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს. ილიას სახელით მანიპულატორებს ამასწინ მოთხოვნების მთელი სია ჰქონდათ მთავრობისთვის წამოყენებული და პოპულისტური ლოზუნგებით ითხოვდნენ, რომ სახელმწიფოს მიწის გაყიდვა უცხოელებზე კონსტიტუციით აეკრძალათ. მიზანს უფრო მეტად, ვიდრე ნაკლებად, მაინც მიაღწიეს.
ილიას გზით უნდა ვიაროთო, გვირჩევდა ერთი მაღალჩინოსანი და სჯობს აქვე გავერკვიოთ, რას ფიქრობდა ილია ჭავჭავაძე მიწების გასხვისება-დამუშავებაზე:
მარშელების მოთხოვნა მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით, ცალსახად კერძო საკუთრების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის მიწის მფლობელს უკრძალავს საკუთარი ქონების ისე განკარგვას, როგორც ეს თავად მიაჩნია საჭიროდ. ისევ ილიას ვთხოვოთ ამ საკითხის შეფასება და ყური ვუგდოთ, რას ამბობს ის:
ისიც ხშირად მოგისმენიათ, რომ საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა გაზარდოს იმპოტის გადასახადი და ადგილობრივ წარმოებას შეუწყოს ხელი. ეს მოთხოვნები ისმის იმ ქვეყანაში, სადაც ილია ჭავჭავაძეზე გადაბრუნებული სიტყვის თქმის გამო, შეიძლება კუდით ქვა გასროლინონ. არადა, ილიას პოზიცია აქაც ნათელია:
ილია იქვე დასძენს:
„საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და არა რომელსამე კანობნმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას", - ილია ჭავჭავაძე
„ქვეყნისთვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შინაობის განურჩევლად", - ილია ჭავჭავაძე, ხილის და ბოსტნეულის გამსაღებელი საზოგადოება
მეტი რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
ილია და მისი აზრები სარწმუნოებაზე
ილია ჭავჭავაძეს სარწმუნოებასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ის არასდროს ყოფილა ბრმა მორწმუნება და მეტიც, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული იყო სარწმუნოებრივი საკითხებისადმი. ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ მას ღმერთის არ სწამდა. სრულიად პირიქითაც კი, იმაზე მეტად იმაზე სწორად სწამდა, ვიდრე ზოგიერთი თვითგამოცხადებული ზონდერი წარმოიდგენს.
ჩვენი ქვეყნის უგვირგვინო მეფე წარმოუდგენელი ტოლერანტობით გამოირჩეოდა და მისი სახელით მოვააჭრებს მინდა მივმართო, ყური უგდონ მას. აი, რას წერდა ილია ჭავჭავაძე თავის წერილში "მაჰმადიანთა გაქრისტიანება".
და მერე, იქვე დასძენს:
"განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, არც კერპთთაყვანისმცემელი, მაგრამ კარგი კაცი ანუ კარგი ხალხი იყოს, კარგს განათლების გზაზედ დამდგარი და ცხოვრებაში ყოველმხრივ წარმატებული?" - ილია ჭავჭავაძე
სხვათაშორის, ხსენებული გრიგოლ ორბელიანი თავის "პასუხი შვილთაში" ილიასა და ზოგადად შვილთა თაობას, სარწმუნოების წაბილწვაში სდებდა ბრალს. ილია ჭავჭავაძემ, გრიგოლ ორბელიანს ზუსტად ისე უპასუხა, როგორც დღეს ქართული მარშის ფლიდ ქრისტიანებსა და მმკ-ს დამრბევთა რაზმს უპასუხებდა:
ვითვალისწინებ რა პიზის საერთაშორისო ტესტის შედეგს და მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანის დეფიციტს განიცდის ჩვენი თანამემამულეების უდიდესი ნაწილი, პირდაპირ გეუბნებით: ღმერთი, რომელიც ილიას სწამდა ტოლერანტობას, შემწყნარებლობასა და ჩაგრულთა დაცვას ქადაგებდა და მას არაფერი აქვს საერთო მმკ-სა და ქართული მარშის წევრების წარმოდგენებთან სარწმუნოების შესახებ.
შემაჯამებელ სიტყვად კი ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ. ილია ჭავჭავაძე უთუოდ იყო მართალი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ზოგიერთ დაქირავებულ ტელევიზიებსა და ქუჩაში მოცეკვავე ახალგაზრდების დასარბევად გამოფენილ კონსერვატორებად წოდებულ ცრუ პატრიოტებსა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის დამრბევ რაზმებს წარმოუდგენიათ.
შენიშვნა
"ხარაბუზა ღენერალი" - ეს სიტყვათა შეთანხმება პირველად აკაკი წერეთელმა გამოიყენა მის ლექსში "ხარაბუზა ღენერალს", რომელიც გრიგოლ ორბელიანის "პასუხი შვილთას" პასუხი იყო.
კომენტარები