ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ დაადასტურა, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის შეტყობინებები, რომლის შესახებ ინფორმაციაც, რუსთავი 2-მა გაავრცელა ნამდვილია.

კურიერის ინფორმაციით, პრემიერმა ქართული ოცნების დეპუტატების საერთო ჩატში გაგზავნა პირადი შეტყობინება, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო. შეტყობინებაში პრემიერი ამბობს, რომ დეპუტატების ნაწილი საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე გადავიდა და მისი განცხადებებს არასწორი ინტერპრეტაცია მოყვა.

წერილში კვირიკაშვილი საუბრობს იმაზეც, რომ დეპუტატებთან კომუნიკაციისას შეცდომებია დაშვებული, რაზეც კობახიძემ მისი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

ამავე ჩატში გაიგზავნა ირაკლი კობახიძის პასუხი, რომელიც რუსთავი 2-ის ვარაუდით, კობახიძემ ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსს, მაკო ბიგვავას მიწერა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

დავით ჭიჭინაძემ მიმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უნდა გასაჯაროვდეს პრემიერის მიერ დეპუტატებისთვის მანამდე გაგზავნილი შეტყობინება, სადაც კვირიკაშვილი ერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს. მისივე თქმით, სწორედ პირველი შეტყობინების არასწორი ინტერპრეტაციის გამო გაგზავნა პრემიერმა ის შეტყობინება.