საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიშის თანახმად, პარლამენტის რამდენიმე წევრს კომერციული იურიდიული პირის მფლობელობა და მის მართვაში მონაწილეობა დეკლარირებული არ
აქვს. აღნიშნული პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციებისა და საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული სამეწარმეო რეესტრის მონაცემების შედარებით დადგინდა. მათ შორის არიან:

  • გიორგი ჟვანია (ქართული ოცნება), 2014 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იმ სამი კომპანიის თანამფლობელია, (შპს BOSSNER, შპს ბი-ემ-სი და Tibaneli Gbmh) რომლებიც გერმანიაშია რეგისტრირებული და აწარმოებს ღვინოს. საჯარო რეესტრის ინფორმაციის მიხედვით კი გიორგი ჟვანია კიდევ ერთი კომპანიის, შპს აპოლოს მეწილეა, თუმცა ამ კომპანიის მონაცემები სამეწარმეო რეესტრში 1998 წლის შემდეგ არ განახლებულა, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ კომპანია აღარ ფუნქციონირებს.
  • თამაზ შიოშვილი (თავისუფალი დემოკრატები) შპს სფენიშ ქლეისა (35%) და შპს მემორექსის (30%) მეწილეა. ეს ფაქტი 2012 წლიდან არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული. მასვე ეკუთვნის შპს ლოჯიქსი, თუმცა ამ კომპანიის მონაცემები სამეწარმეო რეესტრში რამდენიმე წლის მანძილზე არ განახლებულა, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ კომპანია აღარ ფუნქციონირებს.
  • იაშა შერვაშიძე (ფრაქცია დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, იაშა შერვაშიძე სამი კომპანიის მეწილეა: შპს გუმ-ბაპა (51%) შპს სტარ არ ჯი (5%) და შპს გუმბაპა (2007 წლის შემდეგ სამეწარმეო რეესტრში კომპანიის შესახებ მონაცემები არ განახლებულა). პარლამენტის წევრის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არც ერთი ეს კომპანია მითითებული არ არის.
  • გოგი ლიპარტელიანი (ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი - ქართული ოცნება დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისთვის) სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ტირფონ-ჰესის მეწილეა, რაც 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის. სამეწარმეო რეესტრის მონაცემები ამ ორი კომპანიის შესახებ რამდენიმე წელია არ განახლებულა. გოგი ლიპარტელიანს ასევე არ აქვს დეკლარირებული თავისი მეუღლის, ნაზი ლიპარტელიანის მონაწილეობა 15-ზე მეტ სხვადასხვა კომპანიაში.
  • ზაზა კედელაშვილი (დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ჩემპიონის 25%-ის მფლობელია, რის შესახებაც მის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
  • პაატა ლეჟავა (ვანის მაჟორიტარი დეპუტატი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ორი კომპანიის - შპს ფუნთუშას და შპს ლგ და კომპანია ფიროსმანის მეწილედ ფიქსირდება, თუმცა არც ერთი ამ კომპანიის შესახებ სამეწარმეო რეესტრში 1990-იანი წლების შემდეგ მონაცემები არ განახლებულა. ამავე დროს ის შპს ფუნთუშას დირექტორია.
  • გია ჟორჟოლიანის (ქართული ოცნება) მეუღლე თინათინ ზალდასტანიშვილი შპს LT GLOBAL SERVICES LLC საქართველოს ფილიალის დირექტორია, რაც პარლამენტის წევრის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა სხვა კომპანიებთან კავშირები დეკლარაციაში ასახულია.
  • ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე (მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი - ქართული ოცნება) 2014 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ერთი კომპანიის შპს ქცია 94-ის მეწილეა, თუმცა სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ნათია ხვისტანი წილებს ორ სხვა კომპანიაშიც ფლობს. ვიქტორ ჯაფარიძეს 2014 წლის შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია.
  • ზაქარია ქუცნაშვილის (თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი - ქართული ოცნება) მამა ომარ ქუცნაშვილი რამდენიმე კომპანიის მეწილეა, რაც 2016 წლის დეკლარაციაშია მითითებული. დეკლარაციაში მითითებული არ არის ომარ ქუცნაშვილის კავშირი შპს სუპერ ტორფთან და შპს ქმბ-სთან სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით იგი შპს სუპერ ტორფის 10%-ს და შპს ქმბ-ს 20%-ს ფლობს. იგი ასევე ფიქსირდება შპს ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი საპროექტო-სამშენებლო კომპანიის - თბილბაქოს დირექტორად.
  • კობა ნაყოფიას (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის, რომ მისი შვილი ნიკოლოზ ნაყოფია შპს ინოვეიშენ გრუპ ჯორჯიას მეწილეა. ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნიკოლოზ ნაყოფია შპს გოლდინვესტის
    მეწილეა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით კი ამ კომპანიის მეწილე თავად კობა ნაყოფიაა.
  • პაატა კიკნაველიძის ძმა (ქართული ოცნება - მრეწველები. ანდრო კიკნაველიძე) სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს იბერია 47-ის მეწილეა, რაც პარლამენტის წევრის 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის.
  • ლევან თარხნიშვილს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მისი მეუღლე ანა თარხნიშვილი ორი კომპანიის - შპს ბი-სი-ჯი კვლევის და შპს გურის მეწილეა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ანა თარხნიშვილი კიდევ ერთი კომპანიის - ბი-სი-ჯი მონიტორინგის მეწილე და დირექტორია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშის თანახმად, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, ბიზნესაქტივებს ფლობდა პარლამენტის 29 წევრი. ამასთან, 24 პარლამენტარის ოჯახის წევრი მართავდა ან/და ფლობდა სხვადასხვა კომპანიას. 2014 წელთან შედარებით, ეს მონაცემი ერთით შემცირდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს ფლობდეს კომპანიის წილებს ან აქციებს, თუმცა მას ეკრძალება კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნა და კომპანიაში მუშაობა.