კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტად თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა რჩება.

ამ მხრივ კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მთაწმინდის რაიონში, ბეთანიასა და კვესეთში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 30 კილომეტრიან წყალმომარაგების ახალ სისტემას აწყობს. ამასთან ერთად, სისტემის სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება. პროექტში კომპანია 4.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ დასახლებებში ისტორიულად წყალმომარაგების ქსელი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბეთანიასა და კვესეთის მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება. მსგავსი ტიპის პროექტები თბილისის ზედა ზონებში, ივერთუბანში და კაკლების დასახლებაშიც მიმდინარეობს.

ამ მომენტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები 26 წერტილში დგანან და წყალმომარაგების სისტემას ანახლებენ. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2018-20 წლებში ინფრასტრქტურულ პროექტებში 200 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.