500 დოლარიდან 1,79 მილიარდამდე - TBC ბანკის 25 წელი საქართველოსთან ერთად
27 დეკემბერს თიბისი ბანკმა საზოგადოებას 25-წლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და სამომავლო გეგმები გააცნო. შემაჯამებელი პრეზენტაცია თიბისი გალერეაში გაიმართა. თიბისის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა დეტალურად გაიხსენეს ბანკის შექმნის ისტორია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაცაა.
“25 წლის წინ, როდესაც თიბისი ბანკი სულ რაღაც 500 დოლარად დავაფუძნეთ, საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. მალევე განვაცხადეთ, რომ ჩვენი საქმე თეთრი ბიზნესია და გადასახადებს გამჭვირვალედ გადავიხდიდით - ეს იმ დროისთვის შოკისმომგვრელი სიტყვები იყო“, - ამბობს თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.
ნაცვლად ყოფილი საბჭოთა ბანკირებისა, ბანკს სათავეში 20-21 წლის ახალგაზრდები ჩაუდგნენ. მარჯანიშვილზე, იქ სადაც ახლა თიბისი ბანკის სათავო ოფისია, ბანკის დამფუძნებლებმა დაცვის ოთახი იქირავეს, რომელიც 11 კვადრატული მეტრის ფართობის იყო.
“აი აქ მინდა რომ ბანკი გავაკეთოთო, მითხრა მამუკამ 25 წლის წინ, ქუჩებში კი სროლების ხმა ისმოდა და სიმართლე გითხრათ, ამ დროს ბანკზე არ ვფიქრობდი“, - იხსენებს ბადრი ჯაფარიძე, თიბისი ჯგუფის თანადამფუძნებელი.
მმართველი გუნდი მას შემდეგ არ შეცვლილა, თავად ბანკი კი საოცარი სისწრაფით გაიზარდა. ამ დროისთვის თიბისი ბანკი 7000 ადამიანს აერთიანებს და ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსის წევრია, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 15 ბანკია წარმოდგენილი.
ინსტიტუტი, რომელიც დღეს ქვეყნის ფინანსური სისტემის 40%-ს წარმოადგენს, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ აქციონერების საკუთრება. თიბისი ბანკის ისტორია საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესის ამსახველი და შემადგენელი ნაწილია.
მართვის ფილოსოფია და წარმატების ფორმულა
მამუკა ხაზარაძის სიტყვებით, თიბისი ბანკის წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
მათ შორის იყო გამჭვირვალობა და გულწრფელობა, რამაც ბანკს ერთგული პარტნიორები და კლიენტები შესძინა. მეორე ფაქტორი კი ერთიანობა იყო:
“ჩვენ ვთქვით, რომ გავიზრდებოდით, როგორც ერთი ოჯახი და ოჯახის მთავარი პრინციპი კი ისაა, რომ ყველა წევრმა უნდა იცოდეს, რას ფიქრობს მეორე წევრი. ამის გამო მუშაობა ჩვენს კომპანიაში მუდამ კომფორტული იყო. თუ თავიდან ხუთნი ვიყავით, ამ პრინციპის შედეგად, დღეს 7 000 ვართ“.
2002 წელს ბანკმა მომხმარებლებთან ურთიერთობის ახალი კონცეფცია შექმნა. დახურული სივრცეები ღია დარბაზებით ჩანაცვლდა, გაჩნდა საბავშვო კუთხეები და 24-საათიანი სერვისი. თიბისის ფილიალებში მომხდარმა ცვლილებებმა მომსახურების სფერო მთელ ქვეყანაში შეცვალა.
ომი და კრიზისი
25-წლიანი საქმიანობის მანძილზე იყო რთული პერიოდებიც, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის ეკონომიკურ თუ გეოპოლიტიკურ კრიზისებს. ბანკის არსებობა ყველაზე სერიოზული საფრთხის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დადგა.
“2008 წლიდან ორი ძირითადი შეგრძნება გამომყვა. პირველი - ფსიქოლოგიურად უკვე შეგუებულები ვიყავით, რომ მეორე დღეს ბანკი აღარ იარსებებდა და მეორე - ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ამ ვითარებაშიც სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე, თიბისი ჯგუფის თანადამფუძნებელი.
ფილიალებში გრძელი რიგები დადგა, კლიენტებმა ანაბრები გაიტანეს. იმ კრიზისულ დღეებში ბანკმა დეპოზიტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, თუმცა ინვესტორებთან მოლაპარაკებების შედეგად საქმიანობის გაგრძელება მაინც შეძლო.
რთული სიტუაციიდან გამოსვლას ერთი წელი დასჭირდა, 2010 წელს კი ბანკმა ზრდა განაგრძო. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე შესულიყო, რაც სტაბილურობისა და განვითარების გარანტია იქნებოდა.
2008 წლის ფინანსური კრიზისის ფონზე, ომით დაზარალებულთა დასახმარებლად თიბისი ბანკმა საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელშიც პირველი შენატანი 5 მლნ ლარი განახორციელა. ამ ფონდის დახმარებით, სოფელ წეროვანში სკოლა აშენდა, სადაც 2 000 ბავშვი იღებს განათლებას.
მომავალი და თბილისის ბიზნეს ცენტრი
25 წლის მანძილზე თიბისი ბანკმა საქართველოს ეკონომიკისთვის ქვეყნის გარეთ 2 მილიარდი აშშ დოლარი მოიძია, ხოლო საქართველოში ბიზნესის განსავითარებლად, ასევე ქვეყნის გარეთ, 3 მილიარდ დოლარზე მეტი.
“სად ვხედავ ჩვენს თავს 25 წლის შემდეგ? მე მჯერა, რომ 25 წლის შემდეგ ვიქნებით რეგიონის წამყვანი ქვეყნის წამყვანი ბანკი“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
რას უნდა ველოდეთ ბანკისგან უახლოეს წლებში? სრულ დიჯიტალიზაციას.
ამჟამად თიბისი ბანკის ტრანზაქციების 87% დისტანციური არხებით ხორციელდება, ციფრული თაობისთვის შექმნილ ჩეტბოტს კი 100 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. ახალი ტექნოლოგიები ბანკს ეხმარება, რომ 2 მილიონი კლიენტის ფარგლებში მხოლოდ 160 ფილიალი ჰქონდეს.
“სულ იმაზე ვფიქრობთ, რომ, როგორ ვქნათ, რომ ადამიანები ბანკებში არ მოვიყვანოთ“ - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
2018 წლის აპრილიდან, თიბისი ბანკი ლისის ტბასთან თბილისის ბიზნეს ცენტრის მშენებლობას დაიწყებს, სადაც კომპანიის ახალი სათავო ოფისი განთავსდება. პროექტი 2021 წელს დასრულდება.
კომპლექსი ლისის ტბასთან აშენდება და მასში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ენერგოეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური გარემო.
მნიშვნელოვანი რიცხვები თიბისი ბანკის 25 წლის თავზე
- 7000 თანამშრომელი
- 2 მილიონზე მეტი კლიენტი
- 38,6 % დეპოზიტების ბაზრის წილი
- 12 მლრდ მთლიანი აქტივები ლარში
- 3,6 მლრდ მოზიდული რესურსი ლარში
- 4,1 მლრდ ბიზნესდაკრედიტება ლარში
- 7,7 მლრდ მთლიანი საკრედიტო პორტფელი ლარში
- ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250 -ის ინდექსის წევრი
კომენტარები