საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, მიმდინარე წელს ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის 2012 წლის 30-მა შემწირველმა შეწირა. ამავე კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის შემომწირველებში აღმოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერები აქვთ მოგებული, ან პირდაპირი წესით ხელშეკრულებები დადებული.

კვლევის მიგნებები:

  • ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა 12-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა ქართულ ოცნებას 2017 წელს 565 000 ლარი შესწირა;
  • სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში პროგრამის ორი ბენეფიციარი კომპანიის ხუთმა მფლობელმა 2016-17 წლებში მმართველ პარტიას მთლიანობაში 400 000 ლარი შესწირეს;
  • ქართულ ოცნებას თანხა შეწირა იმ პირმაც, ვაჟა ციგროშვილაც, რომლის საქმეც პროკურატურამ შეწირვიდან ორ კვირაში გახსნილად გამოაცხადა და სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 13 ავტომანქანა და 5 კვადროციკლი უკან დაუბრუნდა;
  • პარტიის შემომწირველებში მოხვდნენ კომპანია ჯეუ გრუპის დირექტორები, რომლებმაც 50 ათასი ლარი გაიღეს. კომპანიამ 2015 წლიდან სახელმწიფოსთან დაახლოებით 7 მილიონი კარის ხელშეკრულებები გააფორმა, ერთ-ერთი ტენდერი კი თანხის შეწირვიდან ორ თვეში მოიგო;
  • შპს გაზმშენი-18-ის შემთხვევაშიც მსგავსი იყო. კომპანიის თანამფლობელემა ქართულ ოცნებას 25 ათასი შესწირეს. კომპანიამ წელს 10 მლიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით დადო, მათგან 4,6 მილიონი შემოწირულობიდან სამ კვირაში;
  • ევროპულ საქართველოს ერთ-ერთმა პირმა წინა წლის შემოსავლის თითქმის ორმაგი ოდენობა - 10 ათასი ლარი შეწირა, ქართულ ოცნებას სხვა პირმა კი - შემოსავლის ნახევარი - 30 ათასი ლარი.


2017 წლის პირველი ივნისიდან პირველი ნოემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი თანხა - 14 124 553 ლარი (91%) ქართულმა ოცნებამ მიიღო, შემდეგ ადგილებზე არიან: ევროპული საქართველო - 950 833 ლარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 122 496 ლარი, პატრიოტთა ალიანსი - 66 392 ლარი, ეროვნული ფორუმი - 39 182 ლარი. სხვა პარტიებმა უფრო ნაკლები შემოწირულობა მიიღეს.