შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდის, შენობაში სახანძრო ნორმები და მოთხოვნები დარღვეული იყო. ამის შესახებ გახარიამ რუსთავი 2-თან ისაუბრა:

"როგორც ჩანს, იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ამ წუთებში გაგვაჩნია, ამ შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით იმ ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებული იყვნენ მეშვიდე სართულზე."

გახარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილებები მიღებული.

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 11 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. ისინი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში. ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.