როგორ დაამყარა საერთაშორისო და თავისუფალმა ვაჭრობამ მსოფლიოში მშვიდობა
ომები, სიღარიბე, დიქტატურა, მასობრივი მკვლელობები და შიმშილი - როგორ გადაურჩა კაცობრიობა განადგურებას?
საერთაშორისო ვაჭრობა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს გულისხმობს. ამ პროცესში როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე სახელმწიფოები არიან ჩართულნი. საერთაშორისო ვაჭრობა, თავისთავად, სახელმწიფოებრივი მოვლენაა, რომელიც მოიცავს ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობას და საქონლისა და მომსახურების დაუბრკოლებლად მიმოცვლას. ვაჭრობას საერთაშორისო ურთიერთობებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის ქვეყნებს შორის ამა თუ იმ ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. საერთაშორისო ვაჭრობა სულაც არ არის ახალი მოვლენა. ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ დაკავებულნი ერთმანეთთან საქონლის გაცვლა-გამოცვლით, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის განსხვავდებოდა ვაჭრობის ტიპები ერთმანეთისგან. განსხვავდებოდა სავალუტო რეჟიმი, გაცვლითი კურსი, ტარიფები, ბარიერები და ა.შ. საერთაშორისო ვაჭრობისადმი განსხვავებული სახის მიდგომებმა, სხვადასხვა დროს ახალ-ახალი პრობლემები შექმნა. ამ პრობლემების წარმოშობა ძირითადად იმით აიხსნება, რომ არ არსებობდა ვაჭრობის შეთანხმებული წესები და შესაბამისად, მისი მაკონტროლებელი ინსტუტებიც.
ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოები თავიანთ საგარეო სავაჭრო კურსს ხშირად ერთმანეთთან შეუთანხმებლად ცვლიდნენ - ზრდიდნენ ტარიფებს, აწესებდნენ საქონლის იმპორტზე კვოტებს და ა.შ. ასეთი მოქმედებები მსოფლიო ეკონომიკისთვის ხშირად დიდი დარტყმა იყო. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ისტორიაში, განსხვავდებოდა საგარეო კურსის დადგენის წესებიც. პირველ მსოფლიო ომამდე მსოფლიო ეკონომიკა მოქმედებდა ოქროს სტანდარტის არსებობის პირობებში, რაც იმას ნიშნავდა, რომ დადგენილი კურსის პირობებში შესაძლებელი იყო ამა თუ იმ ვალუტის კონვერტირება და ამით მცურავ კურსთან დაკავშირებული პრობლემების მთლიანად გამორიცხვა. ფიქსირებულმა კურსმა საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას ხელი კი შეუწყო, მაგრამ მასაც ჰქონდა თავისი ნაკლი. ეკონომისტების აზრით, პირველი ნაკლი ის იყო, რომ ოქროს სტანდარტის პირობებში ქვეყნები ვერ აკონტროლებდნენ. მეორე ნაკლი კი ის იყო, რომ ყველა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დამოკიდებული იყო ოქროს მოპოვების ტემპებზე, რასაც ხან დეფლაცია მოჰყვებოდა, ხან კი ინფლაცია. ერთი სიტყვით, ეკონომიკური მდგომარეობა არ იყო სტაბილური.
მეორე მსოფლიო ომს საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაცია მოყვა. დამანგრეველი ომის შემდეგ, ევროპის ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერე წარსულს ჩაბარდა და მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე აშკარა დომინაცია აშშ-მ მოიპოვა. დიდი დეპრესიის შემდეგ აშშ-მ მალევე მოახერხა ეკონომიკური რეაბილიტაცია და ომის დასრულებისას უკვე დომინირებდა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მას ევროპაში პარტნიორები სჭირდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, მიწასთან გასწორებულ ევროპელებს თავად დახმარებოდა ფეხზე წამოდგომაში. ამისათვის კი ახალი ფინანსური სისტემის შემუშავება იყო საჭირო, რომელიც 1944 წელს, ბრეტონ-ვუდსში შემუშავდა. ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე დადგინდა ერთი უნცია ოქროს ფასი ($35), გადაწყდა მსოფლიო ბანკის შექმნა და აშშ დოლარი საერთაშორისო ვაჭრობის ხერხემალი გახდა. ამას მოჰყვა 1947 წელს ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმების (გატის) შექმნა, რომლის პირობებშიც შემუშავდა ვაჭრობის სფეროში ქცევის წესები. ურუგვაის რაუნდის მსვლელობისას კი პარტნიორი ქვეყნები საბოლოოდ შეთანხმდნენ ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესის დაწყებაზე და სამომავლო გეგმები შეიმუშავეს. გატის მთავარი პრინციპი იყო სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის დამკვიდრება პარტნიორ ქვეყნებს შორის, რაც გულისხმობდა ყველა წევრი ქვეყნისთვის თანაბარი ტარიფების დაწესებას (ტარიფები კი დაბალი უნდა ყოფილიყო) და ამ გზით მშვიდობის დამყარებას.
ვაჭრობისა და ტარიფების გენერალურ შეთანხმებას პრობლემები დრო და დრო უჩნდებოდა, რამაც მისი ავტორიტეტი ძლიერ შეარყია. აუცილებელი იყო გატ-ის რეფორმირება და ეს ასეც მოხდა. 1995 წელს ოფიციალურად შეიქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც ფაქტობრივად გატ-ის მემკვიდრეა. მისი მიზანია ვაჭრობის ხელშეწყობა, პროტექციონიზმთან ბრძოლა და დავების სამართლიანად მოგვარება.
რა კავშირი აქვს საერთაშორისო ვაჭრობას და მის განვითარებას მსოფლიო მშვიდობის დამყარებასთან?
პრაქტიკა მოწმობს, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ხელს უწყობს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და მათი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდას, რაც მათი დაპირისპირების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ შემთხვევაში მჭიდრო ეკონომიკური კავშირის მქონე ქვეყნებისთვის ერთმანეთთან დაპირისპირება დაკავშირებულია დიდ ეკონომიკურ დანაკარგებთან, რის გამოც სახელმწიფოები თავს იკავებენ, ერთმანეთს თავს დაესხან. ჯოან ედელმან სპირო თავის წიგნში (The Politics of International Economic Relations) საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ქვესისტემებში დასავლეთის ქვესისტემებს გამოყოფს, რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებით გამოირჩევა.
სპირო წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკა, დასავლეთ ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა ერთმანეთთან ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, საფინანსო და სხვ. კუთხით ერთმანეთს ძალიან დაუკავშირდნენ. სწორედ ამიტომ, ისინი მუდმივად ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ და მუდმივ პარტნიორულ რეჟიმში არიან ერთმანეთთან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გატარებულმა საგარეო ეკონომიკურმა პოლიტიკამ ყველა ამ ქვეყანას ხელი შეუწყო ეკონომიკურ აღმავლობას, წარმოების გლობალიზაციას, ექსპორტის ზრდას და ტექნოლოგიურ განვითარებას. ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება ამ ქვეყნებს ვალდებულს ხდის ერთმანეთს გვერდში ედგნენ და ერთმანეთის სტაბილურობაზე იზრუნონ. ამის მიზეზი მარტივია - ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი ავტომატურად აისახება სხვა ქვეყნების ეკონომიკაზეც. ერთი ქვეყნის ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებები უშუალოდ აისახება სხვა დანარჩენის კეთილდღეობის მაჩვენებელზე. ამის გამო, არც ერთი ამ სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის რაიმე სახის კონფლიქტის წამოწყება.
ამის ნათელი მაგალითია აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები. ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ღირებულებები მქონე ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. არც ერთი ქვეყნის ეკონომიკას ერთნამეთის გარეშე წარმატებულად ფუნქციონირება არ შეუძლია. მათი ურთიერთობები წლიდან-წლამდე სტაბილურობით გამოირჩევა. მაგალითისთვის, 2016 წელს ჩინეთში ამერიკამ 116 მილიარდი დოლარის მოცულობის საქონლის ექსპორტი განახორციელა და ამ მაჩვენებლით ამერიკისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რიგით მესამე საექსპორტო ბაზარი იყო. ჩინეთიდან აშშ-ში კი, ამავე წელს, დაახლოებით 463 მილიარდი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა და ამ მაჩვენებლით ჩინეთისთვის აშშ რიგით პირველი საექსპორტო ბაზარი იყო. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ ჩინეთსა და აშშ-ს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ღირებულებები გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, მათ შორის რაიმე სახის სამხედრო კონფლიქტის წარმოშობა უდიდეს ეკონომიკურ დანაკარგებს, მსოფლიო ეკონომიკისთვის უდიდეს დარტყმასა და ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მესამე მსოფლიო ომის დაწყებასაც ნიშნავს. ამიტომაც, წარმოუდგენელია, რომ ერთმანეთთან ასე მჭიდროდ გადაჯაჭვული ეკონომიკის მქონე ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დემოკრატია მსოფლიო მშვიდობის დამყარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. საერთაშორისო და თავისუფალი ვაჭრობა ხელს უწყობს დემოკრატიზაციის პროცესს, დემოკრატიული ქვეყნები კი ერთმანეთის წინააღმდეგ იშვიათად იბრძვიან. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვგულისხმობთ ისეთ ქვეყნებს, სადაც საერთაშორისო ნორმებით დადგენილი პრინციპების მიხედვით მაღალია დემოკრატიულობის მაჩვენებელი, რაც მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას, არჩევანის თავისუფლებას, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ა.შ. თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც ეს ნორმები დაცულია, ერთმანეთთან უფრო მეტად პარტნიორული ურთიერთობებით გამოირჩევა, ვიდრე კონფლიქტურით. იმისთვის, რომ საერთაშორისო ვაჭრობა განხორციელდეს, მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში შექმნილი იყოს კონკურენტუნარიანი საბაზრო სისტემა, სადაც კომპანიები თავისუფლად შეძლებენ ერთმანეთთან კონკურენციაში ყოფნას. კონკურენცია კი თავისუფალი ბაზრისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, რისი უზრუნველყოფისთვისაც დემოკრატიული პრინციპების დაცვა აუცილებელია.
როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპაში?
ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს შორის მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს ბარიერებისა და მაღალი ტარიფების გარეშე, თანაბარ პირობებში, სამართლიანი ვაჭრობის პრინციპით, ერთმანეთთან დაამყარონ ეკონომიკური ურთიერთობები. ევროკავშირის 2004 წლის დიდი გაფართოება ნათელი მაგალითია იმისა, რომ თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესი სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. ამის მაგალითია ე.წ ვიშეგარდისა და ბალტიისპირა ქვეყნები. ამ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის მსხვრევის შემდეგ, სწრაფი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად და დემოკრატიული, პლურალისტული გარემოს შესაქმნელად აუცილებელი იყო თავისუფალი ვაჭრობის დამკვიდრება როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა ქვეყნებთანაც. ეს იყო საჭირო იმის გამო, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყანაში შეუფერხებლად გადასვლას, კულტურულ ინტეგრაციასა და ღიაობას, რაც საბოლოო ჯამში დემოკრატიულ ღირებულებებს აყალიბებს.
90-იანი წლებიდან მოყოლებული, სწორედ საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, ამ ქვეყნებმა მოაერხეს სწრაფად ფეხზე დადგომა და ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირი კი, მოგეხსენებათ, მრავალი შესაძლებლობის, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის, ერთ-ერთი მთავარი წყაროა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმის შემდეგ, არც ერთი შეიარაღებული კონფლიქტი არ მომხდარა. კარგი მაგალითია სამხრეთ კორეისა და ტაივანის შემთხვევებიც. ოცი წლის წინ, ორივე ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა იყო, სადაც უგულებელყოფილი იყო ყოველგვარი ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები. მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა თავისუფალ ვაჭრობას მიჰყვეს ხელი, გარდა იმისა, რომ გამდიდრნენ, შეიცვალა პოლიტიკური ვითარებაც. ხელისუფლების დიდი ხნით უზურპატორი პარტიები ოპოზიციურმა ძალებმა ჩაანაცვლეს, გაიზარდა მათი დემოკრატიულობის მაჩვენებელი, განვითარდა ეკონომიკა და გაიზარდა ცხოვრების დონეც.
საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები და ბიზნეს საქმიანობა უსაფრთხოებისა და მშვიდობის კიდევ ერთი გარანტიაა. საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში ხდება მრავალი პირდაპირი ინვესტიციის განხორციელება სხვადასხვა სახელმწიფოებში. ინვესტიციების განხორციელების დროს, როდესაც დიდი კომპანიები ამა თუ იმ ბაზრის ათვისებას აპირებენ, მნიშვნელოვანია, რომ მათი კერძო საკუთრების უფლება იყოს გარანტირებულად დაცული. თუ სახელმწიფოში კერძო საკუთრების უფლება არ არის დაცული, მაშინ ინვესტორები, როგორც წესი, არ რისკავენ ასეთ სახელმწიფოში ფულის დაბანდებას. ინვესტიციები, რომ დამატებით სამუშაო ადგილებსა და მეტ კეთილდღეობას ნიშნავს, ვფიქრობ, ამაზე დავა არც ღირს. სახელმწიფოში სადაც ტრანსნაციონალური და გლობალური კომპანიები შედიან ბაზრების ასათვისებლად, მათი კერძო საკუთრების უფლებები აუცილებლად დაცულია. შესაბამისად, ასეთ სახელმწიფოებს გარდა ჯარისა და სხვა თავდაცვითი ინსტიტუტებისა, იცავს ძლიერი ბიზნესმენების კონკრეტული ინტერესები - იყოს მათი ბიზნესი დაცული ყოველგვარი ზარალისგან. ამ ინტერესების დასაცავად კი, ბიზნესმენებს თავისმხრივ ზურგს უმაგრებენ პოლიტიკოსებიც. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ბიზნესმენები, განსაკუთრებით კი მსხვილი ბიზნესმენები, ქვეყანაში მთავარი დამსაქმებლები და დოვლათის შემქმნელები არიან, შესაბამისად მათი ინტერესების დაზარალება ნიშნავს მოსახლეობის დიდი ნაწილის ზარალსაც, რასაც პოლიტიკური არასტაბილურობა მოყვება, ეს კი არავის ინტერესში არ შედის.
ამის მარტივი და ნათელი მაგალითია პირველ მსოფლიო ომამდე გერმანია-საფრანგეთის სავაჭრო ურთიერთობებიც. ამ პერიოდისთვის გერმანია აქტიურად აწარმოებდა ფოლადის ექსპორტს საფრანგეთში, რაც გერმანიისთვის უდიდეს დოვლათს ქმნიდა, საფრანგეთისთვის კი საჭირო რესურსების მოპოვების ყველაზე იაფი და ხელსაყრელი პირობა იყო გერმნიასთან ვაჭრობა. ცნობილი ფაქტია, რომ გერმანიის საფრანგეთზე თავდასხმას პირველ მსოფლიო ომამდე ყველაზე დიდ წინააღმდეგობას სწორედ ბიზნესმენები უწევდნენ, თუმცა მათი დაყოლიება გერმანელმა მინისტრებმა მაინც მოახერხეს, იმ დაპირებით, რომ ომი ხანმოკლე იქნებოდა და მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე ჩაივლიდა. ბიზნესმენებმა დიდხანს გააჭიანურეს გერმანიის ზრახვები, მაგრამ ამგვარმა დაპირებამ მათ პოზიციები დაათმობინა. თანამედროვე ეპოქაზე რომ ვისაუბროთ, დღეს ტრანსნაციონალური კორპორაციები მსოფლიოს უმეტეს ნაწილში საკმაოდ ფართოდ არიან წარმოდგენილნი. მსოფლიო ბაზრის გიგანტები ხშირად არიან ჩართულნი ე.წ სახალო დიპლომატიის წარმოებაში, რაც ურთიერთობების დალაგებას და სტაბილიზებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
თავისუფალი ვაჭრობის მოწინააღმდეგეები
საერთაშორისო ვაჭრობას ნეგატიურ ასპექტში პროტექციონიზმის დამცველები აფასებენ. მათ მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ქვეყნის მოქალაქეებს აკარგვინებს სამუშაო ადგილებს, რაც ზრდის სიღარიბის მაჩვენებელს. ისინი ამას იმის გამო ამბობენ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში ვაჭრობაში ჩართულ ყველა ქვეყანაში მოქმედებს თანაბარი კონკურენცია ბაზარზე და ხშირ შემთხვევაში, მდიდარი ქვეყნების პროდუქტები უფრო იაფად მიეწოდებათ ქვეყნებს, რაც ადგილობრივ წარმოებას საფრთხეს უქმნის.
საქმე ისაა, რომ განვითარებულ ქვეყნებს საკვებისა და ზოგადად პროდუქტების წარმოება გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებს, ამას დამატებული საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში არსებული დაბალი სატარიფო გადასახადები ხელსაყრელ გარემოს ქმნის უცხოური პროდუქციისთვის და ის ბაზარზე დაბალი ფასებით დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქტს. ამის გამო, განვითარებად ქვეყნებში მცირდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაჩვენებელი, შესაბამისად მცირდება ადგილობრივი პროდუქტის წარმოებაც.
პრინციპში, ამ მოსაზრებას აქვს თავისი რაციონალური ახსნა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ვაჭრობა მართლაც ამცირებს რიგ ინდუსტრიებში სამუშაო ადგილებს, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ინდუსტრიებში აჩენს დამატებით დასაქმების პერსპექტივებს. მაგალითისთვის, ტაილანდში კაპიტალიზმისა და ვაჭრობის განვითარებამ, მომსახურების სფეროში ასობით-ათასი სამუშაო ადგილი შექმნა. ამასთან, უნდა აღინიშნოს 1930 წელს აშშ-ს მიერ გატარებული ე.წ პროტექციონალისტური სმუთ-ჰოულის პოლიტიკა, რომელმაც ამერიკა დიდ დეპრესიამდე მიიყვანა, რასაც შედეგად საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაფუჭება მოჰყვა.
საერთაშორისო ვაჭრობის მოწინააღმდეგეები ხშირად იმასაც ამბობენ ხოლმე, რომ საერთაშორიო ვაჭრობა დემოკრატიზაციის პროცესთან არანაირ კავშირში არაა და ის უფრო მეტად დამაზიანებელია, ვიდრე სასარგებლო. ამის დასამტკიცებლად კი ისინი ნავთობ-მომპოვებელი ქვეყნების მაგალითებს იშველიებენ. უფრო კონკრეტულად, ისინი ხშირად ამბობენ, რომ აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალო და მაღალია, ქვეყანა ჩართულია საერთაშორისო ვაჭრობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა დემოკრატიის ხარისხი მინიმუმ გამოწვევებსაც ვერ აკმაყოფილებს. კიდევ უფრო მძიმე მაგალითია ერაყი, სადაც ნავთობი დიდი რაოდენობით მოიპოვება, მაგრამ ამის მიუხედავად მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4,600$-ს ითვლის და უმუშევრობის მაჩვენებელი 16%-ს აღწევს. აქვე შეიძლება ვენესუელის მაგალითის მოყვანაც.
საქმე ისაა, რომ ამ თემაზე საუბრისას, ისინი უგულებელყოფენ საერთაშორისო ვაჭრობის ძირითად პრინციპს - თავისუფალ ვაჭრობას. იმისთვის, რომ სახელმწიფომ დემოკრატიზაციის მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს, აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი ეკონომიკა, სამართლიანი კონკურენცია და სახელმწიფოს ჩარევა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. იმ ქვეყნებში კი, რომელიც ზემოთ უკვე დავასახელეთ, სახელმწიფო მთავარი ეკონომიკური აქტორია, რომელიც ახშობს თავისუფალი ბაზრის პრინციპებსა და კონკურენციას და ამ მხრივ, საკუთარ ძალაუფლებას იმტკიცებს.
არის კიდევ ერთი რამ, რასაც საერთაშორისო ვაჭრობა ქმნის. ეს არის ადამიანების კულტურული დაახლოება მთელი მსოფლიოს გარშემო. ადამიანებს, რომლებიც ერთსა და იმავე პროდუქტებს მოიხმარენ, გაცილებით მეტი საერთო აქვთ და უკეთესად ესმით ერთმანეთის, ვიდრე ოდესმე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობა მართლაც უწყობს ხელს დემოკრატიზაციის პროცესსა და თავისუფალ ვაჭრობას, რადგან მისი მოქმედების პირობებში, სახელმწიფოების ღირებულებები, საზოგადოების კულტურული მოდერნიზაცია და გლობალიზაცია, ფაქტობრივად გარდაუვალი პროცესია.
კომენტარები