ევროპულმა ზონდმა მარსზე მასშტაბური წყალდიდობების კვალი გადაიღო
ფოტო: ESA/DLR/FU Berlin
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ მარსზე გაგზავნილმა ზონდმა Mars Express წითელი პლანეტის ზედაპირის გასაოცარი სურათები გადაიღო. მან უსწორმასწორო და ქაოსური ლანდშაფტი აღბეჭდა, რომელიც რამდენიმე მილიარდი წლის წინ მომხდარმა კატასტროფულმა წყალდიდობებმა წარმოქმნა.
13 მაისს გამოქვეყნებულ კადრებში მარსზე მდებარე ხეობას ვხედავთ, რომელსაც Shalbatana Vallis ეწოდება. ის ციური სხეულის ეკვატორთან ახლოს არსებული არხების სისტემაა, რომელიც 1300 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული. სურათები ზონდის მაღალი გარჩევადობის სტერეო კამერამ (HRSC) გადაიღო.
ამ რეგიონს მეცნიერები აღწერენ, როგორც "ქაოსურ ზედაპირს". მათი ვარაუდით, იქ არსებული ლოდები და ქვები მაშინ წარმოიქმნა, როცა ზედაპირქვეშა ყინული დადნა და მისი ზედა შრის კოლაფსი გამოიწვია. Shalbatana Vallis-ის მიმდებარედ ამას თან ერთვის ხეობებიც, რომელთა ფორმირებაც დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ მასშტაბურმა წყალდიდობებმა განაპირობა.
"ასეთი ლანდშაფტი მარსზე გავრცელებულია და Mars Express-ს აქამდეც დაუფიქსირებია", — წერია სააგენტოს განცხადებაში.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ადრეული მოვლენების დროს ზედაპირქვეშა წყლებმა ამოხეთქა და დატბორვების წყება გამოიწვია. ამის შედეგად წყლის ნაკადი დაღმართზე დაეშვა და გზად ხეობები გამოკვეთა. მაგალითად, სურათებზე ნაჩვენები მთავარი არხი 10 კილომეტრი სიგანისაა, მისი სიღრმე კი 500 მეტრს შეადგენს.
გამოსახულებები მარსის ამ რეგიონის გეოლოგიურ წარსულზეც გვაწვდის ინფორმაციას. სავარაუდოა, რომ Shalbatana Vallis ადრე უფრო ღრმა იყო, შემდეგ კი ეტაპობრივად დანალექით, ფერფლითა და სხვა მატერიით ამოივსო. მუქი მოლურჯო-მოშავო არეალები სწორედ ვულკანური ფერფლია, რომელიც ქარმა გაფანტა. ასევე, ვხედავთ კრატერებს, "დანაოჭებულ" ქედებსა და იზოლირებულ მთებს ბრტყელი ზედაპირით. ეს ყველაფერი სწორედ წყალდიდობების, ლავის დინებისა და ეროზიის განმეორებად ციკლებზე მიანიშნებს.
ხეობათა ამ სისტემის ბოლოში Chryse Planitia-ა, ერთ-ერთი ყველაზე დაბლობი არეალი, სადაც შეიძლება ძველად ოკეანე ყოფილიყო. ასტრონომებს მსგავსი რეგიონები განსაკუთრებით აინტერესებთ, რადგან ესაა დასტური, რომ ადრე მარსი ტენიანი და თბილი პლანეტა იყო.


კომენტარები