"უკანასკნელი ტიტანი" — ტაილანდში გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს
ფოტო: Patchanop Boonsai
ტაილანდში გიგანტური ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც 120 მილიონი წლის წინ მცხოვრებ დინოზავრს ეკუთვნის. მას Nagatitan chaiyaphumensis ეწოდება და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აქამდე მიკვლეულ სახეობებს შორის ყველაზე დიდი ზავროპოდია — გრძელკისერა დინოზავრი.
მისი სიგრძე დაახლოებით 27 მეტრი უნდა ყოფილიყო, სხეულის მასა კი 30 ტონას უტოლდებოდა. ამის მიუხედავად, მსოფლიოს მასშტაბით ეს უდიდესი ზავროპოდი არაა, რადგან სამხრეთამერიკულ სახეობებს (პატაგოტიტანი, არგენტინოზავრი) მასით ნახევარზე ნაკლებით ჩამოუვარდება.
ნამარხს ჩაიიაფუმის პროვინციაში მდებარე Khok Kruat-ის ფორმაციაში მიაგნეს. ძვლების შემცველი ქანი ადგილობრივმა მოსახლემ პირველად 2016 წელს დამშრალ ტბორში შენიშნა. ნამარხებს შორისაა რამდენიმე მალა, ფეხის, მენჯისა და მარჯვენა ბარძაყის ძვლები. ეს უკანასკნელი დანაწევრებულია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი სიგრძე 2 მეტრს აღწევდა.
სახეობა Somphospondyli-ის კლადის ზავროპოდების რიგშია, რომლებსაც დიდი სხეული და გრძელი კისერი ჰქონდათ. ისინი გვიანი იურულიდან ცარცულ პერიოდამდე ცხოვრობდნენ და მათი ნამარხები ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი. N. chaiyaphumensis-ის მალებისა და ფეხის ძვლების ფორმა სხვა ზავროპოდებისგან განსხვავებულია, ანუ საქმე ცხოველთა ახალ გვართან გვაქვს.
მას ნაგატიტანი დაარქვეს აზიურ მითოლოგიურ არსება ნაგას მსგავსად, რომელიც ნახევრად ადამიანი და ნახევრად გველია; მეორე მხრივ, ტიტანი ბერძნული მითოლოგიური გიგანტების პატივსაცემადაა. რაც შეეხება სახეობის სახელწოდებას, chaiyaphumensis ჩაიიაფუმის პროვინციის გამო შეარჩიეს, სადაც ნამარხს მიაკვლიეს.
ცარცულ პერიოდში (145-66 მილიონი წლის წინ) ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდის ტერიტორია ნახევრად მკაცრი პირობებით გამოირჩეოდა, ამიტომ ეს ზავროპოდი თავის გრძელ კისერს გასაგრილებლად იყენებდა. ადგილი, სადაც ძვლები იპოვეს, იმ დროს მდინარის სისტემის ნაწილი იყო, შესაბამისად, N. chaiyaphumensis ნიანგების, თევზებისა და თევზის მჭამელი პტეროზავრების (მფრინავი ხვლიკების) გვერდით ბინადრობდა.
ნამარხის შემცველი ქანები ტაილანდში ყველაზე გვიანდელია, რომელშიც პრეისტორიულ ცხოველთა ნაშთებია შემორჩენილი. ზავროპოდის ძვლების ზემოთ ცარცულ პერიოდში დანალექი ფენები დაგროვდა, მაგრამ მას უფრო ახალგაზრდა ნამარხები არ დამატებია, რადგან ამ რეგიონში წყალმარჩხი ზღვა გაჩნდა. ამის გამო მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოჩენილი უკანასკნელი გვიანდელი ზავროპოდი შეიძლება იყოს.

კომენტარები