პირველი სიკვდილი, რომელიც მახსოვს, ბაბუაჩემის იყო. ავადმყოფობდა და ერთ საღამოს, როცა დედა კლინიკიდან სახლში დაბრუნდა, კართან დავხვდი და დღის ამბები ჩამოვუთვალე — როგორ დავუჯერე მეზობელს და არ დავიწუნე საჭმელი, როგორ მოვედი სკოლიდან მარტო, როგორ ულაპარაკოდ შევასრულე ყველა დავალება და რომ საკონტროლოშიც კარგი ნიშანი მივიღე. როცა მოყოლა დავასრულე, იმით ბედნიერმა, რომ რთულ დროს დედას ასე ვუმსუბუქებდი ყოფას, კარგი მოქცევით, ბოლოსღა ვკითხე მამამისზე, ბაბუ როგორაა-მეთქი?

აღარ არისო, მითხრა.

მეწყინა, მაგრამ ზუსტად მახსოვს, მაშინ დედას აცრემლებულ თვალებზე უფრო მეტი ვიდარდე, ვიდრე თვითონ მკვდარზე. ათი წლის ვიყავი ან ცხრის. მაგის მერე ბევრი წელი გავიდა და რამდენიმე სიკვდილიც ვნახე. თუმცა, ყოველთვის უფრო მეტად ის მაშინებდა და მასევდიანებდა, სიკვდილი ცოცხლებს რასაც უშვრებოდა.

იმას არ ვამბობ, რომ ვინც კვდებოდა, არ მიყვარდა. უბრალოდ, მათი სიკვდილით გულნატკენი ადამიანები უფრო მეტად მასევდიანებდა ხოლმე.

ეგრე იყო მამაჩემის სიკვდილამდე.

ფოტო: ტუხა კვინიკაძე / On.ge

მუცელში ჟანგიანი დანის გამოსმას და სისხლის გემოს პირში — აი, რას დავხვდი სრულიად მოუმზადებელი. სიკვდილს არ ვგულისხმობ. გლოვას დავხვდი მოუმზადებელი. ის, რასაც აქამდე გვერდიდან ვუყურებდი და თურმე არასდროს გამომიცდია, მთელი სიმძიმით დამაწვა სხეულზე. გამკლავების ყველა მცდელობა კი უკუნით სიბნელეში ხელის ცეცებით სიარულს ჰგავდა. რომ არ იცი, კიდე სად არის და როდის გადაიჩეხები. არადა, ერთ ადგილზე გაჩერებაც არ შეგიძლია.

უცნაურ სიზმრებს ვხედავდი მერე. რაც ვერ ვიტირე, ვერ გამოვთქვი, რასაც სახელი ვერ დავარქვი და გავიაზრე, ყველაფერმა სიზმრებში შეძლო განსხეულება.

მამაჩემის გულმა ოპერაციას ვერ გაუძლო. თავიდან სიზმრებშიც, მხოლოდ ეგ იყო — ზოგჯერ მე თვითონ ვამზადებდი საოპერაციოდ, იმის ცოდნით, რომ მოკვდებოდა. ზოგჯერ თავად ვუტარებდი ოპერაციას. მისი გადარჩენა მინდოდა და არ გამომდიოდა.

ამ ფაზამ რომ ჩაიარა, უარესი დაიწყო.

მთელი ღამე შიშველი ხელებით ვთხრიდი მიწას. მეგონა, რომ ცოცხლად დავმარხეთ და უნდა გადამერჩინა. ერთხელ მესიზმრა, რომ მეზობლის სარდაფში იყო საფლავი და სიბნელიდან მელაპარაკებოდა — მაჯერებდა, რომ ცოცხალი იყო. ერთხელაც დაკრძალვის ამბებს აგვარებდა ჩემთან ერთად — ყველა დეტალი შეამოწმა, ყველაფერი დაგეგმა: ერთად ვეძებდით საფლავისთვის ადგილს, თევზის საყიდლად ბაზარშიც წავედით და ყველაფერი რომ მოაგვარა, სახლში დაბრუნდა, ლოგინში ჩაწვა და მთელი ოჯახი ამ ლოგინთან შევიკრიბეთ — დატირება დავიწყეთ.

კიდევ ბევრი სიზმარი იყო. ზოგი დავივიწყე კიდეც. ზუსტად არ ვიცი, ეს სიზმრები ქვეცნობიერის მცდელობა იყო ფხიზელი გონება დაეცვა თუ პირიქით — სიფხიზლე რომ სიკვდილს და ტკივილს ვერ იტევდა, სიზმრებში მაგიტომ შეაღწია. ერთი კია, სიკვდილი მართლა დიდი იყო. იმდენად დიდი, რომ მხოლოდ აწმყოში კი არ დარჩა და მომავალი კი არ გააქრო, წარსულის გადაწერის მცდელობაც ჰქონდა.

კინაღამ გაიმარჯვა.

ფოტო: Pinterest

პირველად, როცა ეს საფრთხე ვიგრძენი, კიბის საფეხურზე ვიჯექი მარტო. მამაჩემის რამდენიმე კლასელი მოვიდა სამძიმარზე. არცერთს ვიცნობდი და ვერც თვითონ მიცნეს. უცნაურია ისე, მაგ დღეებში შვილს არ ვგავდი. რას ვგავდი საერთოდ, აღარც მახსოვს და არც ის, ვინ ვიყავი. უკანა გზაზე რომ ჩამიარეს, გავიგონე ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ. ერთი მეორეს უყვებოდა ჩურჩულით — ის თუ გახსოვს, ფეხბურთის თამაშისას, ბურთს ისე ძლიერად ურტყამდა ხოლმე ფეხს, ვეღარ ეწეოდა მერეო. ამბავი ამბად ძვირფასი იყო. სრულიად უცნობი ადამიანები (რომლებიც ისეთს იცნობდნენ მამას, რომელსაც მე არ) ამბავს ჰყვებოდნენ, ისეთს, გაგონილიც რომ არ მქონდა. წარმოდგენა რომ ვცადე, მამაჩემი მაგ მოგონებაშიც მკვდარი იყო.

შემეშინდა.

მაგის მერე, ყველა მოგონებაში, რომლის გახსენებაც ვცადე, ყველა ამბავში, რომელიც მოვისმინე და ყველგან, სადაც მამა ცოცხალი უნდა ყოფილიყო, სადაც ხუმრობდა, მაბრაზებდა, მენატრებოდა, ვლაპარაკობდით — ყველგან მკვდარი იყო.

დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გამომეხსნა მაგ სიკვდილისგან. პასუხი ზუსტად არც ახლა ვიცი. მხოლოდ ის მოვახერხე, დამეჯერებინა — ტკივილთან ბრძოლა ღალატი არ არის. და თუ მასთან გამკლავებას ცდილობ და ახერხებ, დანაშაულის განცდა არ უნდა გაგიჩნდეს. ტკივილი არ არის ერთადერთი, რაც გარდაცვლილებთან გვაკავშირებს.

ვიცი, რომ გლოვა უნივერსალური არაა. ალბათ, ყველას, ვისაც დაუკარგავს, თავისი გზა აქვს, მარტომ რომ უნდა გაიაროს. უბრალოდ, ამ გზაზე, მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, რომ ოდესღაც აუცილებლად სრულდება.

ცოდნაზე მეტად, დაჯერებაა მნიშვნელოვანი.

დიდი ხნის მერე კიდევ მესიზმრა მამა. ამბავი არაფრით გამორჩეული არ ყოფილა. არც ემოციით, არც შინაარსით არ უკავშირდებოდა მას. უბრალოდ, სადღაც შემთხვევით შევხვდი ქუჩაში და არც შიში მიგრძნია, არც სიკვდილის სიმძიმე. მხოლოდ იმ ადამიანთან შეხვედრის სიამოვნებას ვგრძნობდი, რომელიც მომენატრა. ჩავეხუტე.

მაშინ მივხვდი, რომ სიკვდილმა ვერ გაიმარჯვა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც მძიმე დასრულდა. არ გამქრალა, მაგრამ დასრულდა.