2025 წელის დასაწყისში, დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების პარალელურად ქართული ოცნება ირწმუნებოდა, რომ მათი და ტრამპის ადმინისტრაციის საერთო ხედვების გამო, ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მოახერხებდნენ, თუმცა ერთი წლის თავზე რეალობა სხვაა: შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ შეჩერებულია და მეტიც, ცხადი ხდება, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომლითაც აშშ არ ინტერესდება.

დონალდ ტრამპი ინაუგურაციიდან მალევე დაინტერესდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობით და შეძლო კიდეც კონფლიქტის დასრულება. ამ დროისთვის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტზე (TRIPP) მიმდინარეობს მუშაობა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში სომხეთს საქმიანი ვიზიტით ეწვევა.

ამის პარალელურად, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ტრამპმა "ღაზის მშვიდობის საბჭოში არ მიიწვია."

საქართველო-აშშ-ს "ცალმხრივი ურთიერთობის" ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ მზად არიან ურთიერთობების დალაგებისა და სუფთა ფურცლიდან დაწყებისთვის. ამას გარდა, ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს ღია წერილები გაუგზავნეს, რომლებზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ყაველაშვილი საუბრობდა იმაზეც, რომ დონალდ ტრამპმა მას პრეზიდენტად დანიშვნა მიულოცა, ის იმასაც ამბობდა, რომ ვატიკანში, ახალი პაპის ინაუგურაციაზე ტრამპი დაჰპირდა, რომ დაუკავშირდებოდა, მაგრამ არც არც ამ კომუნიკაციას ჰქონია გაგრძელება.

უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა და მისმა მეუღლემ დონალდ და მელანია ტრამპებისგან საახალწლო მილოცვა ნამდვილად მიიღეს, თუმცა, მსგავსი ჟესტები მხოლოდ ფორმალობის ნაწილია.

მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ქართული ოცნების წერილებს არ უპასუხა, ოცნების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა დონალდ ტრამპის კრიტიკა დაიწყეს: ზოგი თავად ტრამპს უწოდებდა Deep State-ს, ზოგი კი აღნიშნავდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი Deep State-თან ბრძოლაში დამარცხდა.

საქართველო-ამერიკის გაყინულ ურთიერთობებზე, პერსპექტივებსა და იმაზე, თუ რატომ ვერ ხედავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს კავკასიის რეგიონში NEWS.On.ge იენას უნივერსიტეტის მკვლევარსა და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

ტრამპის გაპრეზიდენტებასთან ერთად არსებობდა მოლოდინი, რომ, გარკვეული იდეოლოგიური თანხვედრის გამო, "ქართულ ოცნებასა" და აშშ-ს შორის ურთიერთობები მართლაც გადაიტვირთებოდა. თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა?

ბიძინა ლებანიძე

ბიძინა ლებანიძე

ბიძინა ლებანიძე: ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზი აქვს საგარეო პოლიტიკაში, როგორც ამერიკასთან, ასევე სხვა ქვეყნებთან, მაგრამ მე მგონია, რომ ზოგადად, საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ხედვისთვის უინტერესო ქვეყანაა რამდენიმე მიზეზის გამო.

თუ შევხედავთ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომას წმინდად ტრანზაქციული ანუ რა გამორჩენა ექნება თვითონ პერსონალურად ტრამპს? მეორე ფაქტორია — რა არის ამერიკის ხედვა?

ამერიკის ხედვა, ზოგადად, არის ის, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონი ამერიკისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ეს დადასტურდა ბოლოს გამოქვეყნებული თავდაცვის სტრატეგიით. მანამდე, უსაფრთხოების პრაქტიკით, მანამდე იმ ნაბიჯებით, რომლებიც გადადგა ტრამპის ადმინისტრაციამ. ცდილობენ, რომ ეს რეგიონი "აჰკიდონ" ევროპას, მის პასუხისმგებლობაში იყოს და თვითონ კონცენტრირდნენ საკუთარ, დასავლეთის ნახევარსფეროზე, ინდო-პაციფიკურ, აღმოსავლეთ აზიის და სამხრეთ აზიის რეგიონზე იმიტომ, რომ მაინც ჩინეთია მათთვის მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქე.

საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ხედვისთვის უინტერესო ქვეყანაა"

ამიტომ, საქართველოს უგულებელყოფა ამერიკის მიერ თვითონ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგადი დამოკიდებულების ნაწილია. ჩემთვის ნათელიც არის, რომ საქართველო, სამწუხაროდ, უინტერესო ქვეყანაა.

იმ ფონზე, როდესაც ტრამპი რეგიონში სხვა ქვეყნებით — სომხეთითა და აზერბაიჯანითაა დაინტერესებული, რატომ არის საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ტრამპი "ვერ ხედავს"?

ზოგადად ტრამპის საგარეო პოლიტიკა რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება. ერთია პოლიტიკური ხედვა აქვს, მეორე — მისი პერსონალური ეგო, მისი პერსონალური ინტერესები.

მისთვის საქართველო უინტერესო ქვეყანაა, ერთი იმიტომ, რომ საქართველოს პოლიტიკურ კაპიტალიზაციას ვერ ახდენს. სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით არ გვაქვს ისეთი კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც ამერიკა მოაგვარებს და შემდეგ ტრამპი ქულებს ჩაიწერს. აფხაზეთს და ოსეთს ამერიკა ვერ მოაგვარებს და არ შეებმება იმიტომ, რომ რუსეთთან მოუწევს დაპირისპირება. მეორე იმიტომ, რომ ასევე საქართველო რეგიონულად უმნიშვნელო ქვეყანაა — ეს შეგვიძლია დავაბრალოთ ქართული ოცნების უუნარობას, იმას, რომ საქართველო სუსტი ქვეყანაა და გავლენა არ აქვს რეგიონში, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე, არც უკრაინის კონფლიქტზე და ა.შ. ბელარუსისგან განსხვავებით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია რუსეთ-უკრაინის ომში. ამიტომაც მიიწვიეს ბელარუსი [ღაზის მშვიდობის საბჭოში] და არ მიიწვიეს საქართველო.

ქართული ოცნებიდან იყო აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობები. მაგალითად — მიხეილ ყაველაშვილმა და ირაკლი კობახიძემ ტრამპს ღია წერილები გაუგზავნეს, თუმცა ტრამპმა არც ერთს არ უპასუხა. ამ დონის იგნორირებას რით ხსნით?

რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას და ნებისმიერ ქვეყანას უნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დღემდე მსოფლიო ჰეგემონია, ჰქონდეს კარგი, მჭიდრო ურთიერთობები. ქართული ოცნებაც ცდილობს ამას. მე მეეჭვება, რომ საქართველოს სათავეში სხვა ხელისუფლების ყოფნის შემთხვევაში ტრამპის ხედვას საქართველოს მიმართ შეიცვლებოდა იმიტომ, რომ მაშინ როგორმე უნდა დაუმტკიცო მას, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონში, რომ ამას აქვს ან კერძო ინტერესები (არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ბიზნეს ინტერესებს) ან პოლიტიკური ინტერესები, რომლის საშუალებითაც თავის პოლიტიკურ "აჯენდას" წარმართავს. მაგალითად ის, რომ კონფლიქტის დამთავრება და მშვიდობისმყოფელის როლი მიიწეროს.

როგორც ჩანს, ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა"

ამერიკას აქვს რაღაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესები და ახლა, როგორც ჩანს, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება უნდა. ამაში რამდენად ჯდება საქართველოსთან განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობების აწყობა, მე ეს ძალიან მეეჭვება. იმიტომ, რომ რუსეთისთვის საქართველო ერთ-ერთი გამაღიზიანებელი საკითხია — უკრაინასთან ერთად მოიაზრებს თავის გავლენის სფეროში. ამიტომ, არ ვიცი რამდენადაა დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე, ან სხვა პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც შეიძლება დღეს საქართველოს ხელისუფლებაში იყოს მათ მაგივრად, ამერიკასთან პრინციპულად და ხარისხობრივად ურთიერთობების გაუმჯობესება.

ხომ არ აქვს ტრამპის ამ დამოკიდებულებაზე გავლენა ოცნების წარმომადგენლებისა და მისი მხარდამჭერების კრიტიკულ განცხადებებს ან იმას, რომ ჩინეთთან და ირანთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს?

ასეთი [ოცნების] განცხადებები არ მგონია, რომ პირდაპირ აისახება რამეზე. რა თქმა უნდა, ამერიკაში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ქართული ოცნება არ მოსწონთ. ჯო უილსონი მაგალითად, რომელიც ცნობილია თავისი განცხადებებით, ასევე, სხვა პოლიტიკოსები, რომლებსაც შეიძლება რაღაც გავლენა აქვთ — საშუალო და დაბალ დონეზე — ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, მაგრამ არ მგონია, რომ ამინდს ქმნიდნენ ვაშინგტონში და ჩვენს ან სხვა ნებისმიერ რეგიონში ტრამპის საგარეო პოლიტიკას წარმართავდნენ. არ მგონია, რომ ქართული ოცნების განცხადებებს რაღაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს ზოგადად ტრამპის პოლიტიკაზე.

თუ მაინცდამაინც გვინდა რამეს "გამოვეკიდოთ" ეს ანაკლიის პორტის საკითხია, რომელსაც ნაწილობრივ მაინც ჩინური კომპანია აშენებს. ისევ და ისევ იმიტომ, რომ ტრამპის ამ ტრანზაქციონალური ხედვისთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა არ არის, სავარაუდოდ, ანაკლიის პორტის საკითხსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ყოველ შემთხვევაში, უმაღლესი დონიდან — სახელმწიფო დეპარტამენტის ან თეთრი სახლის ბრიფინგებზე არ გაჟღერებულა, რომ საქართველოში ჩინეთის რეგიონული გავლენა გაიზარდა და ამის გამო ამერიკას პრობლემები ექმნება. იგივე ეხება ირანსაც.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა იმის მოლოდინი, რომ აშშ-სთან ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ურთიერთობები გაუმჯობესდეს? ან რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ტრამპისთვის საქართველო საინტერესო?

სხვანაირი პოლიტიკა რომ ჰქონდეს ქართულ ოცნებას მე ისევ და ისევ მგონია, რომ არაფერი შეიცვლებოდა. რასაც აკეთებს ამერიკა არის ტრამპის ადმინისტრაციის ხედვის ნაწილი და აქ საქართველომ რაც არ უნდა ქნას, პატარა და უმნიშვნელო მოთამაშეა. შეიძლება დიპლომატიურად გაუმჯობესდეს ცოტა ურთიერთობა, მაგრამ ეს არ შეცვლის ამერიკის ძირითად სტრატეგიას რეგიონში და არც საქართველოსთან მიმართებით.

საქართველოს ხელისუფლებაზე, სამწუხაროდ, ამ მხრივ ბევრი რამ არ არის დამოკიდებული. შეიძლება დიპლომატიურ, განცხადებების, ნარატივების დონეზე გააუმჯობესონ შტატებთან ურთიერთობა. თუმცა, ამერიკას ინვესტიციების და ვაჭრობის მხრივ საქართველოს მიმართ დიდი დაინტერესება არასდროს გამოუხატავს. მათ შორის, არც ევროკავშირს — სტრატეგიული ინვესტიციების მიმართ, რასაც ევროპელები დღემდე ნანობენ. იმას, რომ ახლა ანაკლიაში ჩინური კომპანიაა შემოსული, ევროპელები თავის თავსაც აბრალებენ.

სანამ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ზოგადი ნარატივი — რუსეთთან ასე თუ ისე ურთიერთობების დალაგების სურვილია წამყვანი, ბევრი რამ არ შეიცვლება. ამას ემსახურება მათ შორის, ის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება უნდათ და ამისთვის მზად არიან, უკრაინა ნაწილობრივ მაინც გაწირონ.

ტრამპის მიდგომა არ შეიცვლება საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ ხვდებიან — საქართველოში მათი გააქტიურება გამოიწვეს რუსეთთან დაპირისპირებას ან რაღაც სახის კონფლიქტს და ეს არ ჯდება მათ გლობალურ სტრატეგიაში, იმაში, რომ დაალაგონ ურთიერთობა რუსეთთან. შემდეგ რუსეთი გამოიყენონ ჩინეთის წინააღმდეგ. მე მგონია, რომ ეს ილუზიაა და არაფერი გამოვა, მაგრამ ამ პოლიტიკას მიყვება ტრამპი დღეს.

ან ამერიკის გლობალური ხედვა თუ შეიცვლება, ან რუსეთი თუ გააკეთებს რაღაც სისულელეს, გლობალური სიტუაცია თუ შეიცვლება სამყაროში, შემდეგ შეიძლება ამერიკის პოზიციაც შეიცვალოს საქართველოს მიმართ, მაგრამ სანამ ეს ასეა, საქართველოს და მის ხელისუფლებას — იქნება ეს ქართული ოცნება და თუ სხვა პარტია — მნიშვნელობა არ აქვს.

მე ვერ ვხედავ რომ თვითონ იმდენი მოახერხონ, რომ თავის "დალაგებით" სტრატეგია შეაცვლევინონ ტრამპის ადმინისტრაციას. სამწუხაროდ, პატარა ქვეყნებს ამის რესურსი, როგორც წესი, არ აქვთ.