ხუმრობებით, ირონიითა და ტრიუმფით სავსე ოქროს გლობუსებმა ოფიციალურად გახსნა ჰოლივუდის დაჯილდოების სეზონი.

ფილმებმა One Battle After Another, Hamnet, და შოუებმა Adolescence და The Studio საღამოს მთავარი ჯილდოები მოიპოვეს და ოსკარისკენ მიმავალი რბოლა კიდევ უფრო გამოკვეთეს.

ცერემონიის წამყვანმა ნიკი გლეიზერმა თავისი საფირმო სარკაზმი მოიტანა, რეჟისორმა ჯად აპატოუმ კატეგორიების უცნაურ დაყოფას დასცინა, ხოლო სპორტული დრამის Heated Rivalry ვარსკვლავებმა მაყურებელს თავიანთი ეკრანული სექსუალური ქიმია კიდევ ერთხელ შეახსენეს.

ნიკი გლეიზერი დარტყმებს არ ერიდება

ნიკი გლეიზერი ოქროს გლობუსი 2026-ის სცენაზე

ფოტო: Getty Images

ჯორჯ კლუნისთვის ნესპრესო აპარატის შეკეთების თხოვნით დაწყებული და ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ცხოვრებაზე ხუმრობით გაგრძელებული (რასაც თავადვე "წელსქვევით დარტყმად" მოიხსენიებდა), გლეიზერმა შოუ ხმაურიანად გახსნა. მან ირონიული კომენტარები გააკეთა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზეც და CBS-ზეც, იმ მაუწყებელზე, რომელიც ცერემონიას გადასცემდა.

ცერემონიის სტუმრების მისალმების შემდეგ, რომელსაც "ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად" მოიხსენიებდა, მან ხუმრობით აუქციონზე გაიტანა პრობლემებში მყოფი კინოსტუდია Warner Bros და დასცინა ლოს-ანჯელესს, სადაც, მისი თქმით, წლებია არც სატელევიზიო შოუ და არც კინო არ იქმნება. შემდეგ ხუმრობები პოლიტიკურ სივრცეში გადავიდა.

მან აღნიშნა, რომ დარბაზში მყოფი ვარსკვლავები "იმ სიაში არიან, რომელიც ძლიერად არის რედაქტირებული" და მოიგონა "საუკეთესო მონტაჟის" ჯილდო, რომელიც გადასცა აშშ.-ის იუსტიციის დეპარტამენტს ეპშტეინის საქმის დოკუმენტების მართვისთვის და CBS News-ს, როგორც "ამერიკის უახლეს ადგილს ბოდვის სანახავად".

თეიანა ტეილორის ტრიუმფი

თეიანა ტეილორის სამადლობელი სიტყვა ოქროს გლობუსზე

ფოტო: Getty Images

საღამოს პირველი ჯილდო როლისთვის ფილმში One Battle After Another, მომღერალ-მსახიობმა თეიანა ტეილორმა მიიღო. თავისი სამადლობელი სიტყვის ბოლოს მან მხარდაჭერის გზავნილი გაუგზავნა ახალგაზრდა გოგოებს, რომლებიც ცერემონიას უყურებდნენ.

"ჩემს ფერადკანიან დებს და პატარა ფერადკანიან გოგოებს, რომლებიც დღეს გვიყურებთ: ჩვენი სინაზე სისუსტე არ არის. ჩვენი სიღრმე ზედმეტი არ არის. ჩვენს ცხოვრებას ნებართვა არ სჭირდება, რომ ვიბრწყინოთ", — თქვა მან და დაამატა, რომ "ყველა ოთახში გვეკუთვნის ადგილი, სადაც შევდივართ" და რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია.

საკუთარ ადგილს პოდკასტებიც იკავებენ

ემი პოულერი და სნუპ დოგი

ფოტო: Getty Images

პოდკასტების კატეგორია წლევანდელ ცერემონიაზე პირველად გამოჩნდა, რასაც თავად ჯილდოს წარმდგენი სნუპ დოგიც მიესალმა.

როდესაც კომიკოსმა და მსახიობმა ემი პოულერმა (Good Hang with Amy Poehler) ჯილდო მოიგო, სცენაზე სნუპ დოგის ფან-გოგოდ გადაიქცა. პოულერმა, რომელიც წარსულში თავადაც უძღვებოდა ოქროს გლობუსებს, რამდენიმე ხუმრობა დაუთმო კონკურენტებსაც და აღნიშნა, რომ NPR-მა "უფრო მეტად უნდა მოინდომოს", ნაცვლად იმისა, რომ "ცნობილები ზერელედ აკეთებდნენ საქმეს". სცენიდან ჩამოსვლისას პოულერმა სნუპს ხელი შემოხვია და ბოლოს მშვიდობის ნიშნით დაგვემშვიდობა.

კულისებში ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ პირველი გამარჯვება ახალ კატეგორიაში "ძალიან მაგარი" იყო და დაამატა, რომ საინტერესო იქნებოდა გაეგო, მართლა უსმენდა თუ არა სნუპ დოგი მის პოდკასტს. მისი საოცნებო მსმენელი კი მერილ სტრიპია.

ტიმოთი შალამეს მადლობა "Mr. Wonderful"-ს

ტიმოთი შალამე

ფოტო: Getty Images

ფილმში Marty Supreme შესრულებული როლისთვის საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდოს მიღებისას შალამემ აღნიშნა, რომ კატეგორიაში "უამრავ დიდებულ მსახიობთან" ერთად იყო წარდგენილი: კლუნი, დიკაპრიო, ითან ჰოუკი, ჯესი პლემონსი და ლი ბიონგ-ჰანი.

მან ასევე მადლობა გადაუხადა კევინ ო’ლირის, რომელიც მასთან ერთად მონაწილეობდა ფილმში.

"თუ 19 წლის ასაკში ვინმე მეტყოდა, რომ ოდესმე Shark Tank-ის Mr. Wonderful-ს მადლობას გადავუხდიდი…" — თქვა მან და დაამატა, რომ რადგან ო’ლირი დარბაზში იცინოდა, "ეს ხუმრობა შერჩა".

დიდი ღამე K-Pop Demon Hunters-ისთვის

K-Pop Demon Hunters გახდა საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდოს მფლობელი

ფოტო: Getty Images

ანიმაციურმა ჰიტმა ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო სიმღერა (Golden) და საუკეთესო ანიმაციური ფილმი. შემქმნელებმა მადლობა გადაუხადეს მაყურებელს ძლიერი, თამამი, ცოტა უცნაური, ხშირად მშიერი და "ზოგჯერ ოდნავ მოწყურებული" ქალების მიღებისა და შეყვარებისთვის.

კულისებში მათ თქვეს, რომ Netflix-ისთვის დაგეგმილი გაგრძელებისთვის იმავე მაგიის გამეორება რთული იქნება.

"ჩვენ უბრალოდ ისეთი ფილმი გადავიღეთ, რომელიც სავსე იყო იმ ყველაფრით, რაც გვიყვარს. თემები ძალიან პირადი იყო. როგორც რეჟისორი, ბევრ რამეს ვერ აკონტროლებ, ამიტომ, იმავეს კიდევ ერთხელ ვცდით", — თქვა სცენარისტმა კრის აპელჰანსმა.

ჯად აპატოუ ხმამაღლა ამბობს იმას, რასაც სხვები ჩუმად ფიქრობენ

ჯად აპატოუ აკრიტიკებს ოქროს გლობუსის კატეგორიებს (კომედიის და მიუზიკლის გაერთიანებას)

ფოტო: Getty Images

რეჟისორ ჯად აპატოუს, რომელმაც თქვა, რომ ცერემონიას ათი წელია ჩუმად ბოიკოტს უცხადებს, სცენაზე გამოსვლისას სიტყვები არ დაუზოგავს.

მან გააკრიტიკა ოქროს გლობუსების პრაქტიკა, რომელიც კომედიებსა და მიუზიკლებს ერთ კატეგორიაში აერთიანებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნომინირებული ფილმები არც ერთს წარმოადგენს. განსაკუთრებით წყენა გამოხატა იმის გამო, რომ 2015 წელს მისი კომედია Trainwreck ამ კატეგორიაში The Martian-მა დაამარცხა.

"მაგრამ ეს უკვე წარსულია. ბევრი რამ მოხდა. ათი წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში გვქონდა კოვიდი. მგონია, ახლა დიქტატურაში ვცხოვრობთ", — თქვა მან — "მაგრამ მაინც ვერ მოვეშვი ამ The Martian-ის ამბავს, სიმართლე რომ გითხრათ".

მელისა მაკკარტი და კეტრინ ჰანი: მომავალი წამყვანი დუეტი?

ოქროს გლობუსის შესაძლო მომავალი წამყვანები

ფოტო: Getty Images

მელისა მაკკარტიმ და კეტრინ ჰანმა კაცი მსახიობის ჯილდოს წარდგენისას სრულად შეასრულეს სკეტჩი, რომელიც კინოს ინდუსტრიაში კაცების "წარმომადგენლობას" დასცინოდა.

ისინი კაცებზე ისე საუბრობდნენ, როგორც ხშირად საუბრობენ ქალებზე ან უმცირესობებზე.

"პირველად ისტორიაში, კაცებსაც დააჯილდოებენ სამსახიობო შესრულებისთვის", — თქვა ჰანმა, ხოლო მაკკარტიმ დაამატა: "დრო იყო უკვე" და აღნიშნა, რომ კაცებს ბოლოს და ბოლოს "მაგიდასთან ადგილი" ექნებათ.

სცენა ძალიან ჰგავდა ტინა ფეისა და ემი პოულერის ერთობლივ წამყვანობას.

ხუმრობა გაგრძელდა, როდესაც მათ ლიმიტირებული სერიალის ქალი მსახიობის ჯილდო Dying for Sex-ის ვარსკვლავ მიშელ უილიამსს გადასცეს, რომელიც ცერემონიას არ ესწრებოდა. ჯილდოს მის ნაცვლად მიღებისას ჰანმა რევერანსი გააკეთა და თქვა: "მე მიშელ უილიამსი ვარ".

ასევე ნახეთ: