რატომ სძინავთ ფინელ ბავშვებს მუყაოს ყუთებში?
უკვე 75 წელია, ფინეთის მთავრობა მომავალ დედებს მუყაოს ყუთს აძლევს. ყუთში “სასტარტო პაკეტია” მოთავსებული, რომელიც ტანსაცმელს, საფენებს, სათამაშოებს შეიცავს და თავად ყუთი - ბავშვის საწოლადაც გამოდგება. ზოგის აზრით, სწორედ ეს ყუთი დაეხმარა ფინეთს, ახალშობილთა სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მოხვედრილიყო.
ეს ტრადიცია 1930-იანი წლებიდან იწყება. მისი მიზანი იყო ყველა ახალშობილს, განურჩევლად სოციალური ფენისა, ცხოვრების ერთნაირად დაწყების შანსი მიცემოდა.
მთავრობის ეს საჩუქარი - დედების პაკეტი - მოიცავს ყველაფერს, რაც პატარას შეიძლება დასჭირდეს. ყუთშია ტანსაცმელი, საძილე ჩანთა, გარეთ გასაყვანი ატრიბუტები, ბავშვის ჰიგიენური და დაბანის საშუალებები, ქვესაგები, გადასაფარებელი და პატარა მატრასი.
მატრასის ჩაფენით, ყუთი პატარას პირველი საწოლი ხდება. უამრავი ფინელი ბავშვი, ყველა სოციალური ფენიდან, პირველ ღამეებს სწორედ ამ მუყაოს ყუთში ატარებს.
ყველა დედას აქვს უფლება აირჩიოს ეს ყუთი ან ფულადი გრანტი - ამჟამად 140 ევროს მოცულობით. თუმცა 95% მაინც ყუთს ირჩევს.
ტრადიცია, რომელიც 1938 წელს დაიწყო, თავდაპირველად მხოლოდ ხელმოკლე ოჯახებზე იყო გათვლილი. მაგრამ ეს წესი 1949 წელს შეიცვალა.
ყუთი ყველა მომავალი დედისთვის გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, ახალი კანონის მიხედვით, მის მისაღებად ფეხმძიმე ქალი აუცილებლად უნდა მისულიყო ექიმთან ან მუნიციპალურ კლინიკაში ფეხმძიმობის მეოთხე თვემდე. ასერომ, ეს ყუთი არა მხოლოდ ეხმარებოდა ახალშობილის დედებს, არამედ “იტყუებდა” კიდეც ფეხმძიმეებს ექიმთან, სადაც პირველად გამოკვლევას უტარებდნენ.
1930-იან წლებში ფინეთი ღარიბი ქვეყანა იყო, სადაც ახალშობილთა სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი რიცხვი ფიქსირდებოდა - 1000 ახალშობილიდან 65 სიცოცხლეს მალევე სიკვდილით ასრულებდა. მაგრამ შემდგომ ათწლეულებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მიკა გისლერი, ჰელსინკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი, ამ ცვლილების ხელშემწყობად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მათ შორისაა 40-იან წლებში შემოღებული პრენატალური ზრუნვის პროგრამა, მუყაოს სასტარტო ყუთი და უფრო მოგვიანებით - 60-იანი წლების ეროვნული დაზღვევის სისტემა.
სასტარტო ყუთის შემადგენლობაშია:
- მატრასი, მატრასის გადასაფარებელი, ქვესაგები, საბანი, საძილე ჩანთა
- თავად ყუთი ხდება აკვანი
- თბილი კომბინიზონი, ხელთათმანები, ფეხსაცმელი
- თხელი კაპიუშონიანი ჩასაცმელი, ნაქსოვი კომბინიზონი
- წინდები, ნაქსოვი ქუდი და ბალაკლავა (თავსაბურავი)
- უნისექს საცოცები, ბოდეები სხვადასხვა ფერებში
- კაპიუშონიანი აბანოს ხალათი, ფრჩხილების მაკრატელი, სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, წყლის თერმომეტრი, საცხები და პირსახოცი
- საჭმელი პადები, ხელსახოცები
- სურათებიანი წიგნი და საღეჭი სათამაშო
- ლიფის საფენები და კონდომები
მარკ ბოსვორთი ფინეთიდან ყვება, რომ როდესაც მას და მის მეუღლეს პირველი ბავშვი ეყოლათ, ისინი ლონდონში ცხოვრობდნენ და ამიტომ ყუთს ვერ იღებდნენ. თუმცა ცოლის მშობლებს არ უნდოდათ, რომ ბავშვი ტრადიციული ყუთის გარეშე დარჩენილიყო, ამიტომ სპეციალურად იყიდეს და ფოსტით გააგზავნეს ინგლისში.
“ერთი სული გვქონდა, როდის ჩამოვიდოდა ყუთი. შიგნით ყველაფერი დაგვხვდა, რაც გვჭირდებოდა, თბილი ქურთუკის ჩათვლით, რომელიც ფინეთის სუსხიან ზამთარზე იყო გათვლილი. და პლუს თავად ყუთი - ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ საკუთარ შვილს მუყაოს ყუთში ჩავაწვენდი დასაძინებლად, მაგრამ თუ ფინეთის უმეტესობა ასე აკეთებდა, მე რატომ ვიყავი გამონაკლისი? ჯასპერმაც საკმაოდ დიდი პერიოდი მშვენივრად გაატარა ამ ყუთში ძილში.” - ყვება მარკი. “ახლა უკვე ჰელსინკიში ვცხოვრობთ და მეორე შვილი, ანიკა შეგვეძინა. მან პირდაპირ მთავრობისგან მიიღო ყუთი უფასოდ. საოცრად პოზიტიური შეგრძნება იყო, რომ ვიღაც ზრუნავდა ჩვენზე, ვიღაცას უნდოდა, რომ ჩემ შვილს ცხოვრება კარგად დაეწყო. და ახლა, როდესაც მეგობარ მშობლებს ვსტუმრობთ ხოლმე და ერთნაირ საბავშვო ნივთებს ვპოულობთ, უფრო გვაახლოებს ეს ფაქტი და ვაცნობიერებთ, რომ ამ პროცესში ყველანი ერთად ვართ ჩართულები.”
ჰელსინკის 49 წლის მაცხოვრებელი, რეია კლემეტი იხსენებს, როგორ მივიდა ფოსტაში მისი ექვსი შვილიდან ერთ-ერთის ყუთის წამოსაღებად.
“საოცრად თბილი და ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემი შვილის პირველი ნივთების მიღება. დედაჩემს, მეგობრებს და ნათესავებს ერთი სული ჰქონდათ ენახათ, რა ნივთები იყო ყუთში და იმ წელს, რა ფერები იყო არჩეული ტანსაცმლისთვის.”
მისი 79 წლის სიდედრიც ძალიან მადლიერი იყო სასტარტო ყუთის, რომელიც მან ოთხიდან პირველი შვილისთვის 60-იან წლებში მიიღო. ახალბედა დედამ საერთოდ არ იცოდა, რა შეიძლებოდა დასჭირვებოდა, მაგრამ ყუთში ყველაფერი გამზადებული იყო.
უახლოეს წარსულში კლემეტის ქალიშვილმა, 23 წლის სოლიამ გამოსცადა ყუთის მიღების სიხარული. მას უკვე ორი ბავშვი ყავს. “საკმაოდ ადვილია ბავშვის დაბადების წლის გამოცნობა ტანსაცმლის მიხედვით - მთავრობა ყოველ წელს ოდნავ ცვლის ტანსაცმლის მოდელებსა და ფერებს. ასერომ, იგივე ფერის ნივთების ბავშვის დანახვისას ვამბობთ - აი, ესეც ჩვენი პატარას წელს ყოფილა დაბადებული.”
ყუთი რომ არა, ბევრი ოჯახი უბრალოდ ვერ შესწვდებოდა ამ ნივთების შეძენას. თუმცა 35 წლის ვაირინენისთვის ყუთი უფრო დროის მოგების საშუალება იყო, ვიდრე - ფულის. ფეხმძიმობისას ის მაინც აგრძელებდა სრული დატვირთვით მუშაობას და ყუთი, რომელმაც ფასების შედარების და საყიდლებზე სიარულის დრო დაუზოგა, დიდი შეღავათი იყო.
“ახლახანს კვლევა ვნახე, სადაც ეწერა რომ ფინელი დედები ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერები არიან მსოფლიოში. ამის მიზეზად პირველ რიგში ყუთი მახსენდება”, - ამბობს ვაირინენი. როდესაც მეორე ბავშვი ეყოლა, მან ყუთის ნაცვლად ფულადი გრანტი მოითხოვა და ახალშობილისთვის პირველი ბავშვის ნახმარი ყუთი და ტანსაცმელი გამოიყენა.
ბიჭის ნაქონი ტანსაცმელი გოგოსაც ადგება და - პირიქით, რადგან ყველაფერი სპეციალურად სქესის ნეიტრალურ ფერებში და სტილშია.
ყუთის შემადგენლობაც ხშირად ახლდება და მიმდინარე პერიოდს ითვალისწინებს. მაგალითად, 30-იან და 40-იან წლებში ყუთში ნაჭრებიც იყო მოთავსებული, რადგან მაშინ, ბევრ დედას თავად უყვარდა ბავშვის ტანსაცმლის შეკერვა.
50-იან წლებში უკვე გამზადებული ტანსაცმელი დაემატა ყუთს, 60-იანი წლებიდან ეს ტანსაცმელი ახალი, წელვადი მატერიით იყო დამზადებული. 1968 წელს ყუთში საძილე ჩანთა გაჩნდა, შემდეგ წელს - ერთჯერადი საფენები. საუკუნის მიწურულს კი, ეკოლოგიური მოსაზრების გამო, ერთჯერადი საფენები ისევ ნაჭრის საფენებმა შეცვალა.
სწორი აღზრდის და მოვლის წახალისება თავიდანვე იყო ამ ყუთის მიზანი. “ხშირად ბავშვებს მშობლების საწოლში ეძინათ ხოლმე. ყუთი კი მათ საშუალებას აძლევდა, რომ შეეწყვიტათ ეს ცუდი პრაქტიკა და ბავშვს თავიდანვე მარტო სძინებოდა.” - ამბობს პანუ პულმა, ჰელსინკის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი.
საუკუნის შუაში ყუთიდან საკვები ბოთლები და საწოვარები ამოიღეს, რათა ძუძუთი კვების წახალისება მომხდარიყო. “მთელი სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ დედებს უფრო ხანგრძლივად და ხშირად მოეხდინათ ძუძუთი კვება”, - ყვება პროფესორი, - “და ეს ასეც მოხდა”.
ყველაფერთან ერთად, ყუთში არსებულ წიგნსაც პოზიტიური ეფექტი ქონდა - ბავშვებს თავიდანვე აჩვევდა წიგნის არსს და თავის დროზე - კითხვას. პულმას თქმით, საბოლოოდ ყუთი უბრალოდ სიმბოლოა. თანასწორობის და ბავშვების მნიშვნელობის სიმბოლო.
კომენტარები