ადამიანებში გველების შიში საკმაოდ გავრცელებულია. 2001 წელს Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი რესპონდენტების 51%-მა აღნიშნა, რომ მათ გველების ძალიან ეშინიათ. კვლევის თანახმად, ადამიანებში ეს შიში უფრო გავრცელებულია, ვიდრე სიმაღლისა და საჯაროდ გამოსვლასთან დაკავშირებული ფობიები.

რატომ გვეშინია გველების? და რაც უფრო საინტერესოა, რატომ აღიქვამს ჩვენი არაცნობიერი მათ საფრთხედ ცნობიერზე ადრე?

შიშის და საფრთხის დადგენა

ანთროპოლოგიის აღიარებული პროფესორის, ემერიტა ლინ ა. ისბელის თქმით, ჩვენი ურთიერთობა გველებთან უძველესია და პრიმატების ევოლუციურ საწყისებს უკავშირდება.

"პრიმატები სხვა ძუძუმწოვრებისგან იმით გამოირჩევიან, რომ გარემოს აღქმისას ძირითადად მხედველობას ეყრდნობიან. თუ გვინდა გავიგოთ, რატომ განვითარდნენ პრიმატები ასე, უნდა ვუპასუხოთ კითხვას, რატომ აქვთ მათ ასეთი კარგი მხედველობა", — თქვა ისბელმა, პრიმატოლოგმა და ამერიკის მეცნიერების განვითარების ასოციაციის წევრმა.

ისბელის წიგნი "The Fruit, the Tree, and the Serpent: Why We See So Well" გველების გამოვლენის თეორიაზეა კონცენტრირებული. ეს თეორია ამტკიცებს, რომ გველებსა და პრიმატებს შორის მტაცებელი-მსხვერპლის ურთიერთობამ — რომელიც ათობით მილიონ წელს მოიცავდა — ჩვენი მხედველობის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

"მტაცებლებისგან თავის დაცვა და საკვების მოპოვება არის ორი მთავარი ფაქტორი, რომლებიც ორგანიზმებზე მოქმედებს. უძველეს პრიმატებს თავისი ცხოვრების წესის გამო ძლიერი მხედველობა სჭირდებოდათ", — ამბობს ისბელი.

უახლესი კვლევები აძლიერებს წარმოდგენას, რომ უძველეს დროში გველები პრიმატებზე ნადირობდნენ. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ აფრიკასა და აზიაში მცხოვრებ პრიმატებს, სადაც კობრები ბინადრობენ, კობრას შხამის წინააღმდეგ რეზისტენტულობა გააჩნიათ. მეორე მხრივ, მადაგასკარისა და სამხრეთ ამერიკის პრიმატებს, სადაც კობრები არ ბინადრობენ, მსგავსი წინააღმდეგობა არ გააჩნიათ.

როგორც ჩანს, დღესაც კი პრიმატებს აქვთ ბიოლოგიური მიდრეკილება, გველები საფრთხედ აღიქვან.

"თუ ახალგაზრდა, გამოუცდელი მაიმუნი ნახავს ვიდეოს, სადაც ხანდაზმული მაიმუნები გველის მიმართ ფრთხილად რეაგირებენ, ის ამას დაიმახსოვრებს. მეორე მხრივ, თუ გველის ადგილას ყვავილს 'ჩასვამთ', მაიმუნებს ყვავილის მიმართ სიფრთხილე არ ჩამოუყალიბდებათ", — აღნიშნა ისბელმა.

ტყვეობაში დაბადებულ და გაზრდილ რეზუს მაიმუნებსაც კი, რომლებსაც გველებთან შეხება არ ჰქონიათ, მათ მიმართ შიში მაინც აქვთ.

პრიმატების მხედველობა გველების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა

ისბელის მრავალწლიანი კვლევები, რომლებიც გველების აღმოჩენის თეორიის შემუშავებას ისახავს, პრიმატოლოგიის ფარგლებს სცილდება და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ნეირომეცნიერება, ევოლუციური თეორია, გენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია.

ეს ჰიპოთეზა მოიცავს პრიმატების სრულ ევოლუციას, მაგრამ ყურადღებას განსაკუთრებულად ამახვილებს ანთროპოიდებზე — მაიმუნებსა და ადამიანებზე — რომლებსაც პრიმატებში ყველაზე კარგი მხედველობა აქვთ.

ისბელის მიხედვით, პრიმატების წარმოშობაში და მათი მხედველობის საწყის ცვლილებებში დიდი როლი ჰქონდათ მსხვერპლზე შემოხვევით მოქმედ გველებს (მახრჩობელებს), ხოლო მოგვიანებით გაჩენილ შხამიან გველებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მხედველობის უკანასკნელი ცვლილებების წარმართვაში. ეს საბოლოოდ ანთროპოიდური პრიმატების ჩამოყალიბების ერთ-ერთი საწინდარი უნდა ყოფილიყო.

ძუძუმწოვრებში არსებობს ორი მნიშვნელოვანი მხედველობის სისტემა. ერთი, ზედა კოლიკულუს-პულვინარული სისტემა, გვაძლევს საშუალებას, სწრაფად, გაუცნობიერებლად შევამჩნიოთ საგნები ჩვენს გარემოში. მეორე, ლატერალური გენიკულატური ბირთვის სისტემა, ოდნავ ნელა მოქმედებს, მაგრამ საშუალებას გვაძლევს საგანი ცნობიერად აღვიქვათ და მივანიჭოთ მას გარკვეული დანიშნულება. პრიმატებში ეს სისტემები უფრო განვითარებულია, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებში, ხოლო ანთროპოიდებში — ყველაზე მეტად.

"თუ ოდესმე ტვინმა რაიმე გველს მიამსგავსა, შეიძლება გაჩერდე ან გაიქცე, სანამ რეალურად მიხვდები, რომ ეს გველია. საგნის ცნობიერ აღქმას ცნობიერი მხედველობის სისტემა უზრუნველყოფს, მაგრამ არაცნობიერი მხედველობის სისტემა უფრო სწრაფ რეაგირებაში გვეხმარება", — ამბობს ისბელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.